ბელადები

როგორ ჩანერგა ბერიამ თავისი აგენტები ამერიკულ „კოზანოსტრაში“

№7

ავტორი: ნინო კანდელაკი 22:00 28.02, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია – ეს სახელი დღემდე მრისხანედ ჟღერს და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგიერთი წრის წარმომადგენელს დღემდე შიშის ზარს სცემს. ისტორიკოს-პუბლიცისტი ზახარ გავრილოვი წერს: „ბერიას მკვლელობის შემდეგ თითქმის 70 წელია გასული და ერთი შეხედვით, სასაცილოა ამაზე ლაპარაკი, რომ ბერია ვინმეს შიშის ზარს სცემდეს. თუმცა, ეს სრული სიმართლეა. საქმე ეხება არა ბერიას დროის რეპრესირებულ და შეშინებულ ხალხს (ისინი, უბრალოდ, ფიზიკურად აღარ არსებობენ), არამედ, რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ამერიკული მაფიის ზოგიერთი გავლენიანი კლანის ხელმძღვანელებს, რომლებიც დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ არა მარტო თავიანთ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. საქმე კი ისაა, რომ ჯერ კიდევ 1939 წელს, ლავრენტი ბერიას უშუალო საიდუმლო ბრძანებით, „ენკავედემ“ შეიმუშავა ოპერაცია დაზვერვისთვის უჩვეულოდ გრძელი სახელწოდებით – „ჩვენი საქმე ჩვენი საქმეა“. ოპერაციის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ საბჭოთა დაზვერვის აგენტები ჩანერგილიყვნენ იტალიური წარმოშობის ამერიკულ მაფია „კოზა ნოსტრაში“ („ჩვენი საქმე“), ამიტომაც ეწოდა „ენკავედეს“ ოპერაციას „ჩვენი საქმე“ – ეს, ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი, განხორციელებულიყო „კოზა ნოსტრას“, რაც შეიძლება, მეტი წევრის გადმობირება („ვერბოვკა“).

ცნობილი საბჭოთა მზვერავი, გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ლავრენტი ბერია გლობალურად აზროვნებდა და მართალია, 1939 წელს „ატომური შპიონაჟის“ მანქანა ჯერ კიდევ სრული დატვირთვით არ იყო ამუშავებული, მაგრამ ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ამერიკელმა მაფიოზებმა, რომლებმაც საბჭოთა დაზვერვა საჭირო ხალხზე გაიყვანეს და ამ კუთხით მუშაობა მნიშვნელოვანწილად ძალიან გაიოლდა. ატომური შპიონაჟი, რა თქმა უნდა, უპირველესი, პრიორიტეტული საქმიანობა იყო საბჭოთა კავშირისთვის. თუმცა, მაფიოზური სტრუქტურები საბჭოთა დაზვერვას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს აწვდიდნენ. ნიშანდობლივია, რომ ეს კავშირები დღესაც (სუდოპლატოვის თხრობა ჩაწერილია 1995 წელს, მის გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე) არსებობს და სწორედ, ამაში იგულისხმება ბერიას გლობალური აზროვნება...“

ლეგენდარული სუდოპლატოვის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ამ ცნობილი ინტერვიუდან ორი კვირის შემდეგ, ანუ, 20 აგვისტოს 88 წლის პავლე ანატოლის ძეს მე მის ბინაში შევხვდი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მხცოვანი გენერალი, ასაკის მიუხედავად, აბსოლუტურად ნათელ გონებაზე იმყოფებოდა და მის მონათხრობში იოტისოდენა სიცრუეც კი არ ყოფილა. მან მითხრა: დღემდე ამერიკულ მაფიაში ბერიას მიერ შექმნილი სადაზვერვო ჯგუფები ფუნქციონირებენ. ისინი უკვე რუსეთის უშიშროებაზე მუშაობენ. და ღმერთმა არ ქნას, რომ რომელიმე ამერიკელებზე მიყიდულმა რუსმა უშიშროების ფუნქციონერმა ჩაიგდოს ხელში მათი სია, რომ ამ ხალხს არამცთუ გაასამართალებენ, არამედ ცოცხლად გააძრობენ ტყავს. აი, ამის გამო ვწერდი, ჩვენი პუბლიკაციის დასაწყისში – ბერიას სახელის ხსენებაზე გარკვეული კატეგორიის ადამიანები დღემდე კანკალებენ-მეთქი.

როგორც ამას წინათ განსაიდუმლოებული მასალების ნაწილიდან ვიგებთ, 1949 წელს ამერიკულ მაფიაში მომხდარი „დიდი ომი“ ბერიას გეგმით განხორციელდა. როგორც მაფიის ისტორიიდანაა ცნობილი, ამ „დიდ ომში“ ძველებმა მთელი რიგი პოზიციები დათმეს. ახლებმა კი, ეგრეთ წოდებული, „მაფიის ბაზრის“ 60 პროცენტი დაიკავეს. საქმე კი ისაა, რომ სწორედ, ამ „ახლებში“ იყვნენ, ეგრეთ წოდებული, „ბერიასებული ძალები“ და ისინი მოდიან დღემდე და დღეს, სწორედ, მათი უმრავლესობა მუშაობს უკვე რუსეთის დაზვერვაზე.

სპეცსამსახურების ისტორიის ექსპერტი, პოლკოვნიკი კარენ მარტიროსოვი წერს: „დაზვერვაში არსებობს ტერმინი – უჯრედოვანი დაფარვა, ანუ – რაც უფრო მეტ კვადრატს, უჯრედს დაფარავ, ანუ გააკონტროლებ მოცემულ ქვეყანაში, მით უფრო წარმატებული ხარ. ამ შემთხვევაში იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატები. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 1946-1953 წლებში, ანუ „ატომური შპიონაჟიდან“ მოყოლებული, ბერიას მკვლელობამდე, საბჭოთა დაზვერვის „დაფარვა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში 80 პროცენტი იყო, თითქმის სრული და ბერია რომ არ მოეკლათ, საბჭოთა უშიშროების მარშალი საბჭოთა კავშირს მსოფლიოში ნომერ პირველ სახელმწიფოდ გადააქცევდა...“

ლავრენტი ბერიას სადაზვერვო-ოპერატიული გეგმის პარალელურად, სახელმწიფო-პოლიტიკური გეგმაც ჰქონდა და ეს ხაზი სტალინის გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდა. ანუ ბერია, ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირის მტერ სახელმწიფოებს აკონტროლებდა და რომ იტყვიან, „მათ ბომბებს უდებდა“, მეორე მხრივ კი, მათთან კეთილმეგობრული ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა და საამისოდ ძალიან დიდ ძალისხმევას დებდა ამ საქმეში. მარტო ის რად ღირს, რომ ბერიამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს შეუთვალა – ერთმანეთში გაეცვალათ ჯაშუშები და ხელშეკრულება დაედოთ, რომლის მიხედვითაც ერთმანეთის ტერიტორიაზე ჯაშუშები არ ეყოლებოდათ.

ვიაჩესლავ მოლოტოვი ჰყვებოდა: „ბერიას წინადადებას ამერიკელები ეჭვით შეხვდნენ. თუმცა, როდესაც ბერიას მითითებით ამერიკაში 16 მათი აგენტი ჩაიყვანეს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ტრუმენმა ამდენივე საბჭოთა აგენტი დააბრუნა მოსკოვში. ჩემს უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაავალა, რომ მოგვემზადებინა ბერიასა და ტრუმენის შეხვედრის ორგანიზაცია და ჩვენ ამაზე სკურპულოზურად ვმუშაობდით. თუმცა 1953 წლის ივნისში ეს პროცესი ჩაიშალა...“

ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს და მოკლეს. მკვდარ ბერიას კი ამერიკის პრეზიდენტს ვინღა შეახვედრებდა?“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი