ბელადები

როგორ ჩაიგდო ხელში ლავრენტი ბერიამ ნავთობმაგნატების 2 ტონა ოქრო

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 28.08, 2022 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ძალიან მოხერხებული, ეშმაკი კაცი იყო და თუ არ ჩავთვლით მის წინააღმდეგ მოწყობილ ვერაგულ შეთქმულებას, ეს ადამიანი ყველასთან და ყველაფერში იმარჯვებდა. ისინიც კი, ვინც მარშალ ბერიას კარგად იცნობდნენ, ყოველთვის გაოცებული რჩებოდნენ ლავრენტი პავლოვიჩის თამაშისა და გამარჯვების შედეგებით.

სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): მამაჩემი უნიკალური ადამიანი იყო და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი შვილი ვარ. მამა ძალიან ძლიერი, ჭკვიანი პიროვნება იყო, ის ყველა საქმეში იმარჯვებდა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ მამაჩემი საბჭოთა კავშირის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო. რაც შეეხება მის ერთადერთ მარცხს, ეს იყო ნაძირალების ყოვლად ვერაგი შეთქმულება, რაც მის მკვლელობას, შემდეგ კი ფალსიფიცირებულ სასამართლოსა და ყველაფერ დანარჩენს ითვალისწინებდა“.

ბერია, რა თქმა უნდა, ანგელოზი არ ყოფილა და სცოდავდა კიდეც, მაგრამ მას არც საქართველოსთვის უღალატია და არც საბჭოეთისთვის. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ეს მოხერხებული ადამიანი, პირველ რიგში, თავისი სამშობლოს ინტერესებს ემსახურებოდა. ისე აკეთებდა, რომ საბჭოეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს დამთხვეოდა და ეს დიდი წარმატებით გამოსდიოდა. ზოგჯერ ბერია ასეთი საქციელით ბეწვის ხიდზე გადიოდა, მაგრამ რისკი ყოველთვის ამართლებდა და ის გამარჯვებული გამოდიოდა. მარტო ნავთობმაგნატების ოქროსთან დაკავშირებული ისტორია რად ღირს. ძველი ბოლშევიკი ეგორ ირიაევი, რომელიც 50-იან წლებში ხრუშჩოვის მითითებით მოწამლეს და მოკლეს, იხსენებდა: „სერგო მირონის ძე კიროვის დავალებით (მითითება სტალინისგან მომდინარეობდა), ლავრენტი პავლეს ძე ბერია აზერბაიჯანის მუსავატურ დაზვერვაში იქნა ჩანერგილი. ანასტას ივანეს ძე მიქოიანი კურატორი იყო. მე კი – მეკავშირე. ბერია დიდი წარმატებით ახორციელებდა თავის სამუშაოს. იქიდან უძვირფასესი ინფორმაციები გამოჰქონდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაქოს წარმატებულ აჯანყებასა და აზერბაიჯანის გასაბჭოებაში ამხანაგ ბერიას დიდი წვლილი მიუძღოდა. ჩვენი ბაქოური იატაკქვეშეთი ყოველდღიურად ძლიერდებოდა. როდესაც ნავთობმაგნატებმა იგრძნეს, რომ მალე ბოლშევიკები შემოვიდოდნენ, გაქცევისა და თავიანთი ქონების გატანის სამზადისს შეუდგნენ. ძალიან ახალგაზრდა ბერიას მუსავატურ დაზვერვაში საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა. ის ინფორმაციებს ნავთობმაგნატებისა და მათი ქონების შესახებაც ფლობდა. მეტიც, ბერიას დაევალა ნავთობმაგნატების 2 ტონა ოქროს ზოდების ბაქოდან გატანისა და სწრაფმავალ პატარა გემზე დატვირთვის ოპერაციის ჩატარება. გემი ბაქოს მახლობლად, კასპიის ზღვის ერთ-ერთ მყუდრო ბუხტაში იდგა. ბერიამ სპეციალურად შერჩეულ ხალხს ეს ოქროს ზოდები საიმედოდ შეაფუთინა. უჟანგავ, ჰერმეტულად დახურულ რკინის ყუთებში ჩააწყობინა და გემის ტრიუმებში განათავსებინა. ამ მანიპულაციის დასრულებისთანავე ბერიამ ზუსტი ინფორმაცია მომაწოდა, თუ სად იდგა გემი, რა მარშრუტით უნდა ეცურა და დამავალა, რომ ჩემი მებრძოლების დახმარებით ეს გემი „თეთრ კლდეებთან“ ჩაგვეძირა. იმ ადგილზე ფსკერის სიღრმე 60 მეტრი იყო და საკმაოდ ძნელად მისადგომიც. მე და ჩემმა ჯგუფმა გემი წარმატებით ჩავძირეთ მინიშნებულ კვადრატში. მას სვლის დროს მიბმული დინამიტის ორი ყუთი ავუფეთქეთ (წყალგაუმტარი პატრუქი ავამოქმედეთ და რომ იტყვიან, საქმე იუველური სიზუსტით გაკეთდა. წლების მერე ჩაძირული ოქრო ამოიღეს და ქვეყნის საჭიროებას მოხმარდა.“

ეს ოქრო 1920 წელს ამოიღეს, სწორედ მაშინ, როდესაც ლავრენტი ბერია გასაბჭოებული აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნა.

სამხედრო მყვინთავი რაფაელ მარქარიანი ჰყვებოდა: „ბერიამ პირადად დამიბარა და დამავალა, რომ მყვინთავთა კვალიფიციური ჯგუფი შემეკრიბა. შემდეგ ჩვენ აზერბაიჯანში გაგვიშვეს და დაგვავალეს „თეთრი კლდეების“ ფსკერიდან უჟანგავი რკინის 40 ყუთი ამოგვეტანა, რომელთა გახსნის უფლება არ გვქონდა. დავალება შესანიშნავად შევასრულეთ. წლების მერე გავიგე, რომ იქ ოქრო იყო.“

2 ტონა ოქრო სპეციალური მატარებლით თბილისში ჩამოიტანეს. სახელმწიფო ბანკის საცავში მოათავსეს და ბერიას მითითებით, ეს ზოდები საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას მოხმარდა: შეისყიდეს იმ პერიოდისთვის თანამედროვე ტექნიკა, ტექნოლოგიური მოწყობილობები და საქართველოში აღმშენებლობის ტემპი გაასმაგდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი