ბელადები

როგორ აშენებდნენ ბერიას ბრძანებით კავკასიონზე თავდაცვის სარტყელს

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 28.03, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას შესაძლებლობები, ფაქტობრივად, შეუზღუდავი იყო, როგორც ინტელექტუალური კუთხით, ასევე, რა თქმა უნდა, ძალაუფლების მხრივაც და ამ ორი ფაქტორის თანხვედრამ აქცია „რკინის მარშალი“ საბჭოეთის სიძლიერის ერთ-ერთ მთავარ ბურჯად. 

ისტორიკოსი პეტრე ბორისოვი წერს: „სტალინის შემდეგ (შეიძლება, თამამად ითქვას, რომ სტალინთან ერთად), სწორედ, ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო დიადი საბჭოთა კავშირის სიძლიერის უმთავრესი საყრდენი. ინტელექტით, განათლებითა და მიზანსწრაფულობით ლავრენტი ბერიამ მოახერხა, ქვეყანაში ისეთი სიმძლავრეები განევითარებინა, რომ აბსოლუტურად უმოკლეს დროში არა მარტო ფეხზე დაეყენებინა ომისგან მიწასთან გასწორებული ქვეყანა, არამედ მსოფლიო ეკონომიკის (იგულისხმებიან სახელმწიფოები) ელიტაში დაემკვიდრებინა საბჭოეთი.

ამერიკელი ეკონომისტ-სოციოლოგი პროლ ლონგი წერდა: „ჩემი აზრით, ლავრენტი ბერია იოსებ სტალინზე არანაკლებად ძლიერი ფიგურა იყო და როდესაც სახელმწიფოს ორი ასეთი საყრდენი ჰყავს, თანაც მთელი ძალით ტანდემში მოქმედი, მათი დამმარცხებელი არავინ იყო...“ ჩემი აზრით, ლონგი აბსოლუტურად მართალი იყო და საკვირველი ამაში არაფერია. თუმცა, ქართველები რომ იტყვიან – ციხე შიგნიდან გატყდა, ბერიას ვერაგული შეთქმულება მოუწყვეს და მოკლეს, ეს ყოველივე კი ისე მარტივად მოხდა, რომ გაოცებას იწვევს. სწორედ, ამის მერე განვითარდა ის ურთულესი, არასასურველი პროცესები, რამაც შემდგომ გლობალური მასშტაბის გეოპოლიტიკური კატაკლიზმები გამოიწვია და რაც დღემდე გრძელდება. მე ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ უმთავრესად რა ამოძრავებდათ შეთქმულებს, როდესაც ისინი ბერიას კლავდნენ. მავანი იტყვის – შიში ბერიას ფიგურის წინაშე, თითქოს ის მათ (შეთქმულებს) თანამდებობიდან გაათავისუფლებდა და ძალაუფლებას თანდათანობით ჩამოაშორებდაო. კი, შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არაა მთავარი.
შეთქმულებს შორის არა მარტო ხრუშჩოვი, საკმაოდ ჭკვიანებიც იყვნენ, თუნდაც, მაგალითად, მოლოტოვი და მიქოიანი. მათ არ შეიძლება, არ გაეაზრებინათ ის, თუ რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ბერიას მოშორებას და მაინც წავიდნენ ამ ნაბიჯზე. რატომ? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მათ საღ გონებას ვიწრო ნაციონალისტურმა და შოვინისტურმა ინსტინქტმა სძლია. ბერია მოკლეს, რათა წითელი იმპერიის ტახტზე ისევ ქართველი არ ასულიყო. „სტალინიც გვეყოფა“, – სწორედ ეს ფრაზა წამოსცდა პოლიტბიუროს პოსტბერიულ სხდომაზე მარშალ ჟუკოვს, რომელსაც, როგორც მოგვიანებით მოლოტოვი გამოტყდა, სითამამისთვის ნახევარი ლიტრი არაყი ჰქონდა გადაკრული... არადა ბერია მართლა საქართველოს პატრიოტი იყო, მაგრამ ის, პირველ რიგში, საბჭოეთის უსაფრთხოებაზე ფიქრობდა, რადგან კარგად უწყოდა, რომ ეს იქნებოდა ის ძალა, რაც საქართველოსაც დაიცავდა. ბერიას ქართველობა წამოსწიეს იმ ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზეც, რომელიც შეთქმულებმა გამართეს და ბერიას მაგივრად ბრალდებულის სკამზე მისი (ბერიას) ორეული დასვეს. მთავარმა ბრალმდებელმა – რომან რუდენკომ ერთ-ერთ სხდომაზე სიტყვასიტყვით ასე თქვა: „ბრალდებული ლავრენტი ბერია, უპირველესად, ქართველი ნაციონალისტი იყო. ის ახერხებდა, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვა რესპუბლიკების ხარჯზე გაეძლიერებინა და ამას ყველა დამტკიცებული კანონის გათვალისწინებით აკეთებდა. ამისი დასტურია ის, რომ ჯერ კიდევ 1945 წლის იანვრიდან მოყოლებული, საქართველოს მთიანეთში უზარმაზარ საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებდა და ამაში მილიარდი მანეთი დაიხარჯა...“
რუდენკო ნახევარ სიმართლეს ამბობდა. მას ყველაფერი ისე უნდოდა წარმოეჩინა, რომ თითქოს ბერია საბჭოთა უსაფრთხოების სისტემას ანგრევდა, რაც საერთოდ არ შეეფერება სიმართლეს... მართალია მხოლოდ ის, რომ კავკასიონის ქედზე უზარმაზარი საფორტიფიკაციო გვირაბები აშენდა და ამას გერმანელი ტყვეები ახორციელებდნენ. კი, ბატონო, ამაში მილიარდი მანეთი დაიხარჯა, მაგრამ ეს იყო სარტყელი ამიერკავკასიისთვის და არა მარტო საქართველოსთვის. თანაც, ეს ყოველივე საკავშირო თავდაცვის გეგმითაც იყო დამტკიცებული. რუდენკომ, უბრალოდ, ისპეკულანტა ამით და მეტი არაფერი. ხოლო თავის ქართველობასა და პატრიოტიზმს ბერია თვით სტალინის წინაშეც კი აღიარებდა. ისევე, როგორც ხრუშჩოვს თავი უკრაინელად მიაჩნდა, თუმცა, ის სულით ხორცამდე რუსი იყო. სხვათა შორის, როგორც კი ბერია მოკლეს, კავკასიონის ქედზე წარმოებული სამუშაოები შეაჩერეს და სწორედ, ეს იყო საბოტაჟი და ღალატი და არა მათი მშენებლობა. გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს კი ეს უმნიშვნელოვანესი ბუნკერები ისე ჩახერგეს, რომ იქ დღემდე ვერავინ ახერხებს შეღწევას. არადა, კავკასიონის საფორტიფიკაციო სარტყელი დღემდე არ კარგავს მნიშვნელობას და ბერიამ ეს ჯერ კიდევ 70 წლის წინ იცოდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი