ბელადები

როგორ არჩევდა და უფრთხილდებოდა ბერია ძვირფას კადრებს

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 05.06, 2022 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო და წარმატებებს აღწევდა ყველა იმ თანამდებობაზე, სადაც მას სტალინი ნიშნავდა. ერთ-ერთი უმთავრესი როლი კი ბერიას, რა თქმა უნდა, საბჭოთა უშიშროების სისტემის ჩამოყალიბება-მოდერნიზაციაში მიუძღვის.

იაკობ კედმი: „რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ლავრენტი ბერია უპირატესობას ყოველთვის ებრაელებს ანიჭებდა და აწინაურებდა. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ ჭკვიანები ვართ... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით ნათქვამია. მთავარი კი ისაა, რომ ბერიას შესისხლხორცებული ჰქონდა სტალინის ლოზუნგი – „კადრები წყვეტენ ყველაფერს“. ამიტომ, ლავრენტი პავლოვიჩს უნიკალური უნარი ჰქონდა, შეერჩია საჭირო კადრები და მიმართულება მიეცა მათთვის. აგრეთვე, ბერია კბილებით იცავდა არა მარტო თავის მიერ შერჩეულ კადრებს, არამედ ყველა იმას, ვინც მას საქმეში გამოადგებოდა და თვით სტალინთანაც კი ამ პრინციპზე იდგა. ასე იყო არაერთ შემთხვევაში, მათ შორის, ნაუმ ეიტინგტონთან დაკავშირებითაც.

გენერალ-მაიორი ნაუმ ეიტინგტონი საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. დასავლეთში მას საერთაშორისო ტერორისტად, ტერორისტული ქსელის მამად მიიჩნევენ. რუსეთში კი სამშობლოს დამცველია და გმირი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის (საბჭოთა კავშირი) სიძლიერის განმტკიცებაში.

გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი: „ნაუმ ეიტინგტონთან ერთად მხარდამხარ ათწლეულები ვიმუშავე და არაერთი მნიშვნელოვანი დავალება შევასრულეთ. ის ღვაწლმოსილი ადამიანი იყო და ქვეყნის სიძლიერის განმტკიცებას ემსახურებოდა. თუმცა, რომ არა ლავრენტი პავლეს ძე ბერია, ეიტინგტონი შესაძლოა, ყოვლად უსახელოდ მომკვდარიყო ან მოღალატის იარლიყი მიეკერებინათ მისთვის და ვერასოდეს ჩამოერეცხა ეს. საქმე ისაა, რომ 1937 წლის ივლისში საზღვარგარეთ გაიქცა ალექსანდრე ორლოვი, იგივე ლეიბა ფელდმანი. ის ესპანეთში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი იყო და მისი მოადგილე კი – ნაუმ ეიტინგტონი. ორლოვს მოსკოვში დაბრუნება მოსთხოვეს. იმ პერიოდში ბარსელონაში იმყოფებოდა და სწორედ იქიდან გაიქცა... ორლოვი მოღალატე არ ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და როგორც „ფებეერმა“, შემდგომ კი „ცეერუმ“ არა ერთხელ დაჰკითხეს და დიდი ფულიც აძლიეს, არცერთი საიდუმლო არ გაუთქვამს. საიდუმლოები კი ორლოვმა ძალიან ბევრი იცოდა, მათ შორის ასეულობით საბჭოთა აგენტის ვინაობა და მისამართი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ორლოვის გაქცევა კი იმით იყო გამოწვეული, რომ ეჟოვი „ენკავედეს“ თითქმის მთელ აპარატს ცვლიდა და გამოძახებულთა და დაპატიმრებულთა 90 პროცენტი დახვრიტა. სხვათა შორის, მათი უმრავლესობა კი პატიოსანი თანამშრომელი იყო. ორლოვს ეს ცნობები ჰქონდა და როდესაც ისიც მოსკოვში გამოიძახეს, ოჯახთან ერთად გაიქცა. გამოიძახეს მოსკოვში ეიტინგტონიც და მის ირგვლივ შეთხზულ ცრუ ბრალდებებს ორლოვის გაქცევაც დაემატა – ის ხომ გაქცეულის მოადგილე იყო. ამიტომ დააპატიმრეს და თითქმის წელიწად-ნახევარი ციხეში იჯდა. რომ იტყვიან, ეიტინგტონს გაუმართლა. მართალია, მას დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა ციხეში გააჩერეს და დეკემბერში, როდესაც მისი რიგი დადგა, ეჟოვის ნაცვლად ბერია დაინიშნა. ბერიამ კი საქმეების გადასინჯვა პირადად დაიწყო და ეიტინგტონის საქმეც წაიკითხა. მას მოახსენეს, რომ უფროსი მაიორი (გენერალი) ეიტინგტონი 30 დეკემბერს უნდა დაეხვრიტათ. ბერიამ სასჯელის აღსრულების შეჩერება ბრძანა. 29 დეკემბერს, ღამით კი სტალინს კაბინეტში ეახლა და ეიტინგტონი არა მარტო არ დაახვრეტინა, არამედ გამოაშვებინა, თანამდებობაზე აღადგინა და 1939 წლის 5 იანვარს ეიტინგტონი უკვე თავის კაბინეტში იჯდა და მუშაობდა...“

ბერიამ, ნაუმ ეიტინგტონი, ისევე, როგორც პავლე სუდოპლატოვი, უმნიშვნელოვანესი საქმეებისთვის გამოიყენა და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო ლევ ტროცკის ლიკვიდაცია მექსიკაში 1940 წელს. გარდა ამისა, ეიტინგტონი ახორციელებდა პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებას 1941-1945 წლებში. ხოლო შემდგომ კი ატომურ შპიონაჟს ხელმძღვანელობდა პავლე სუდოპლატოვთან ერთად. მიუხედავად ამისა, ბერიასა და ეიტინგტონის მტრებმა (კერძოდ კი აბაკუმოვმა) სტალინს ჩააგონეს, რომ ის არაკეთილსინდისიერი ადამიანი იყო და 1951 წელს იგი დააპატიმრეს. ბერიამ მხოლოდ ის შეძლო, რომ ეიტინგტონი არ დახვრიტეს. თუმცა ბერიას ძალისხმევით აბაკუმოვიც ციხეში გამოამწყვდიეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიამ ეიტინგტონი ციხიდან გააშვებინა. სამიოდე თვეში კი უკვე ბერიას ლიკვიდაცია განხორციელდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი