ბელადები

როგორ არჩევდა და ალაგებდა სტალინი თანამდებობებზე კადრებს

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.08, 2022 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება ის იყო, რომ მას უშეცდომოდ შეეძლო კადრების შერჩევა და სწორედ ამ თვისების გამო შექმნა მან ის გუნდი, რომელმაც საბჭოთა კავშირი ფეხზე დააყენა, დიდი ომი მოიგო და ძალიან სწრაფი განვითარების რელსებზე დააყენა.

სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „ლევ ტროცკი სტალინის დაუძინებელი მტერი იყო. ბალადის მიმართ ყველაზე მეტი დაუმსახურებელი ეპითეტიც სწორედ მას ეკუთვნის. თუმცა, ზოგჯერ ტროცკიც ვერ მალავდა სტალინის ღირსებებს და მის ნაწერებში ბელადის მიმართ დადებითი კონტექსტის სიმართლის ამოკითხვაცაა შესაძლებელი. ტროცკი სტალინს დიდ „დოზიროვშჩიკს“ უწოდებდა და თავის სიტყვებს ასე ხსნიდა – სტალინის ერთ-ერთი დიდი სატანური ძალა იმაში მდგომარეობდა, რომ მას, ერთი მხრივ, უტყუარად შეეძლო საჭირო კადრების შერჩევა. მეორე მხრივ კი, როგორც გენიალურ რეჟისორს სჩვევია, ამ კადრების თანდათანობით შეყვანა იმ დიდ სპექტაკლში, რომელსაც ის დგამდა და, რა თქმა უნდა, მთავარი როლის შემსრულებელიც, დრამატურგიცა და რეჟისორიც თავად იყო. ამის შესანიშნავი მაგალითია ანდრე ვიშინსკი. ეს კაცი სტალინმა დიდი წარმატებით გამოიყენა ჩემი და ჩემი მომხრეების წინააღმდეგ.“

ანდრეი ვიშინსკი იყო, ეგრეთ წოდებული, „მოსკოვური პროცესების“ მთავარი ბრალმდებელი. ეს პროცესები კი ტროცკისეული ოპოზიციის წინააღმდეგ გაიმართა, ეგრეთ წოდებული, „დიდი ტერორის“ დროს და მან (ვიშინსკიმ) შესანიშნავად გაართვა თავი ტროცკისტების განადგურებას. იმავდროულად, სწორედ ვიშინსკი იყო „სამხედრო შეთქმულების“ ცნობილი პროცესების ბრალმდებელიც. ვიშინსკი შესანიშნავი ორატორი, უაღრესად განათლებული ადამიანი და სანიმუშო შემსრულებელი იყო. ნიშანდობლივია, რომ „მოსკოვურ პროცესებს“ ყველა ბურჟუაზიული გაზეთისა და ჟურნალის ცნობილი კორესპონდენტი ესწრებოდა. აგრეთვე, მსოფლიო მნიშვნელობის მწერლები. მათ შორის არა ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი. და ხაზგასასმელია ის, რომ არცერთ მათგანს ეჭვიც კი არ შეუტანია ტროცკისტული ოპოზიციის დამნაშავეობაში. როდესაც ისინი თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ, ამ პროცესებს დადებითი შეფასება მისცეს. თქვეს და დაწერეს, რომ ტროცკისტებმა სავსებით დამსახურებული სასჯელი მიიღეს. ეს კი დიდწილად ამ პროცესზე ვიშინსკის თანამიმდევრული, ლოგიკური და მრისხანე გამოსვლების დამსახურება იყო.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი დიდად აფასებდა განათლებულ, პროფესიონალ ადამიანებს და თუკი ისინი საქმეს სჭირდებოდა, მათ ცოდვებსაც კი ივიწყებდა, რადგან ბელადმა იცოდა, რომ „ცოდვიანები“ უფრო ერთგულები იქნებოდნენ მისი და საქმის მიმართ. ბელადი არ ცდებოდა. ტყუილად როდი თქვა სტალინმა, კადრები წყვეტენ ყველაფერსო.

ვიშინსკი რევოლუციამდე მენშევიკი იყო და ბოლშევიკები მტრად მიაჩნდა. დროებითი მთავრობის პერიოდში ვიშინსკი პეტროგრადის საბჭოშიც კი აირჩიეს. მეტიც, დროებითი მთავრობის მეთაურმა კერენსკიმ მას ბოლშევიკი ლენინის დაპატიმრება დაავალა. ვიშინსკი მზად იყო, ეს გაეკეთებინა, თუმცა ილიჩი სტალინმა გადამალა... ვიშინსკის ეს ანტიბოლშევიკური ცოდვები კარგად იცოდა სტალინმა. ოქტომბრის რევოლუციის მერე ვიშინსკი უმუშევარი დარჩა. მეტიც, დახვრეტაც კი ემუქრებოდა, თუკი მას წარსულს გაუხსენებდნენ, მაგრამ ის სტალინმა გადაარჩინა.“

მოლოტოვის მონათხრობიდან ეს ასე გამოიყურება: „სტალინი ეროვნებათა კომისარი იყო. ვიშინსკი მასთან ისე მივიდა, როგორც ძველი ნაცნობი და დასაქმება სთხოვა. მე (მოლოტოვი) მაშინ სტალინის თანაშემწე ვიყავი და კარგად ვიცი ეს ამბები. სტალინმა ვიშინსკი დაასაქმა – განყოფილების უფროსად დანიშნა, მაგრამ გააფრთხილა – წარსულს დავივიწყებ, თუკი შენ არ ისურვე მისი გახსენებაო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სტალინური ხაზიდან მცირეოდენი გადახვევაც და ვიშინსკი, როგორც მენშევიკი და „ლენინზე მონადირე“, დაუყოვნებლივ წარდგებოდა რევოლუციური სასამართლოს წინაშე. იქ კი განაჩენი ერთი იყო – სიკვდილით დასჯა. თუმცა, ვიშინსკიმ ბოლომდე გაიტანა თავი და თავისი უნარების წყალობით, სტალინისგან უმაღლესი სახელმწიფო პოსტები მიიღო.“

ანდრეი ვიშინსკი სიცოცხლის ბოლოს „გაეროში“ საბჭოთა წარმომადგენელი იყო და 1954 წელს თავის კაბინეტში, ნიუ-იორკში გარდაიცვალა. როდესაც „ჩეკისტებმა“ მისი სეიფი გახსნეს, იქ ძველი რევოლუციონერის, მანუილსკის მიერ სტალინისთვის მიწერილი წერილი აღმოაჩინეს. მანუილსკი ბელადს მოღალატე, ლენინზე მონადირე ვიშინსკის განეიტრალებას სთხოვდა. ბელადმა კი ეს წერილი თავად ვიშინსკის მისცა და ამით ის უფრო მეტად თვინიერი გახადა. და ეს არ იყო გასაკვირი, რადგან სტალინი სახელმწიფო ინტერესებისთვის „ლენინზე მონადირეებსაც“ კი წარმატებით იყენებდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი