ბელადები

როგორ ამთხვევდა ლავრენტი ბერია საბჭოეთისა და საქართველოს ინტერესებს

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.06, 2021 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას პიროვნებაზე იმდენი რამაა დაწერილი, იწერება და მომავალშიც დაიწერება, რომ სიმართლის ტყუილისგან გარჩევა არც თუ ისე იოლი იქნება. თუ, რა თქმა უნდა, ნამდვილ ფაქტებს არ გავეცნობით, რომელთა უმრავლესობა დღემდე ზესაიდუმლო არქივებშია გადამალული. 

ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი სერგეი ოხოტნიკოვი წერს:

„ლავრენტი პავლეს ძე ბერია იმ დონის გამორჩეული ისტორიული ფიგურაა, რომ მისი ცალსახად შეფასება შეუძლებელია. მან ისეთი საქმეები აკეთა და ისეთ სტანდარტებს მიაღწია, რასაც კაცობრიობის ისტორიის თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს თუ მიუღწევიათ. ბერია იმდენად გონიერი და მოხერხებული ადამიანი იყო, რომ ერთი გასროლით ორ, ზოგჯერ სამ კურდღელსაც კი კლავდა. თუნდაც საქართველოსთან მისი დამოკიდებულება რომ განვიხილოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ბერიას მოქმედება საბჭოთა კავშირის ინტერესებთან ერთად საქართველოს ინტერესებს ემთხვეოდა და ამით საქმე არ ზარალდებოდა. მაგალითისთვის საკმარისია, აღვნიშნოთ, რომ ლავრენტი ბერიას ჩაფიქრებული ჰქონდა, საქართველო გადაექცია მსხვილი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მფლობელ ქვეყნად და საამისოდ მან ბევრი რამ გააკეთა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი:

„დავიწყოთ იქიდან, რომ ლავრენტი ბერია იყო ის ადამიანი, ვინც უმოკლეს დროში – სულ რაღაც, 2 თვის განმავლობაში – მოახერხა მთელი საბჭოთა მრეწველობის ევაკუაცია ურალის მთებს მიღმა. ამან კი საფუძვლიანი როლი შეასრულა ჰიტლერის დამარცხებაში. ევაკუაციის ეს ოპერაცია არაფრით ჩამოუვარდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელებულ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას და ამას ყველა სამხედრო ექსპერტი აღიარებს. აქედან გამომდინარე, ანუ იგულისხმება ევაკუაცია – ბერია თავისი სამშობლოს, საქართველოს მომავალ ინტერესებსაც ითვალისწინებდა და სწორედ, აქაა დამარხული ძაღლის თავი. მოხერხებულმა, ეშმაკმა ბერიამ ომის პირველივე დღეებიდანვე უაღრესად საიდუმლო ვითარებაში თბილისში გადმოიტანა საავიაციო ქარხანა, რომელიც თვითმფრინავებს ამზადებდა და ფრონტს დიდად ეხმარებოდა. თბილისშივე ამუშავდა სატანკო-შემკეთებელი ქარხანა, რომლის პროფილი დაზიანებული ტანკების შეკეთება იყო. თუმცა ტანკების გამოშვებაც შეეძლო. აქ მოყვანილი ფაქტები მხოლოდ საფუძველი იყო იმ დიდი ბერიასეული გეგმის, რასაც საქართველოში დიდი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნა ერქვა“.

ყოველივე იმის გაგრძელება, რაზეც გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი ჰყვება, იყო ის, რაც ბერიამ შემდგომ გააკეთა:
ომის დროს დაიწყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა და მალევე დაიწყო ფუნქციონირება. ეს იყო იმ დროისთვის მსოფლიო სტანდარტებით აღჭურვილი ქარხანა;
ბერიას ძალისხმევით აშენდა, ასევე, ქუთაისის საავტომობილო ქარხანა;
მისი გეგმით მიეცა ვიზა საქართველოში მსუბუქი და საარტილერიო იარაღების წარმოებას და სამწუხაროდ ეს სამუშაოები 1953 წელს შეაჩერეს, მას შემდეგ, რაც ბერია ვერაგულად მოკლეს.

არა და ბერიას გეგმა რომ სრულად განხორციელებულიყო, საქართველოში ისეთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ჩამოყალიბდებოდა, რომელიც სიმძლავრით აჯობებდა ჩეხეთის, რუმინეთის და სხვა ისეთი ქვეყნების სამხედრო წარმოებას, რომლებიც დღესდღეობით ამ საქმის მოწინავეთა რიგებში დგანან.

აქვე ისმება კითხვა – რისთვის სჭირდებოდა ბერიას ასეთი მძლავრი კომპლექსის შექმნა თავის ძალიან პატარა სამშობლოში?

პასუხი ასეთია – ბერია, სავარაუდოდ, წინ იყურებოდა და უნდოდა, რომ თუკი გლობალური პროცესები ისე განვითარდებოდა, როგორც მართლა განვითარდა, საქართველოს სამხედრო სიძლიერე დასჭირდებოდა, მას ამაში ბერიას მიერ შექმნილი „მონსტრი“ შეაშველებდა ხელს. ეს პასუხი ძალიან პრიმიტიული, მაგრამ საფუძვლიანია და ამის დასტური ისიცაა, რომ როდესაც ბერიამ პირადად დაიცვა კავკასია და ფაშისტები იქიდან განდევნა, შეტანილი თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის 60 პროცენტი იქვე დარჩა და მხოლოდ ბერიას განადგურების შემდეგ განხორციელდა საქართველოს სრული დემილიტარიზაცია.

რა თქმა უნდა, უაღრესად საინტერესო ფაქტებია და სწორედ, ამ ფაქტებიდან გამომდინარე მიაკერეს ბერიას ბრალდება, რომ თითქოს ის სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა და საამისო ბაზად საქართველოს იყენებდაო. ეს მტკნარი სიცრუეა და აბსურდი. ბერია არანაირ გადატრიალებას არ გეგმავდა. საქართველოს კი იმიტომ აძლიერებდა, რომ მისი სამშობლო არავის დაეჩაგრა, რაც შემდგომში, მისი თავიდან მოშორების შემდეგ მოხდა კიდეც.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი