ბელადები

როგორ აღმოფხვრა ბერიამ საქართველოში მძიმე დანაშაული

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 31.07, 2022 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავედაა მიჩნეული, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ სწორედ ბერია იყო ის ადამიანი, ვინც პირველი ნაბიჯები გადადგა სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად და მან ეს საქართველოში გააკეთა.

ვლადიმირ კალინიჩენკო (მესამე კლასის იუსტიციის მრჩეველი): „თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ ბერია იყო იმ ეპოქის შვილი, რომელშიც ის მოღვაწეობდა. ჩემი აზრით, სტალინურ სახელმწიფოში აბსოლუტურად სუფთა მაღალჩინოსანი, მით უმეტეს, სახელმწიფო მოღვაწე, გამორიცხული იყო. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო ის ადამიანი, ვინც სტალინური სისტემის მაღალჩინოსთნთა შორის ნიჭიერებით, მოხერხებულობითა და პატიოსნებით გამოირჩეოდა. დიახ, დიახ, სწორედ რომ, პატიოსნებით. ხრუშჩოვი, კამპანია და კიდევ ისინი, ვინც მათ მიღმა იდგნენ, მხოლოდ და მხოლოდ სტალინის ყურმოჭრილი მონები იყვნენ და ბელადის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ. ისინი მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენით იყვნენ დაკავებულები. რა თქმა უნდა, საკუთარ და ოჯახის უსაფრთხოებაზე ბერიაც ზრუნავდა. მაგრამ, ბერია სტალინის მითითებებს ყოველთვის გააზრებულად და შემოქმედებითად უდგებოდა. ყველა საქმეში თავის ხედვას იყენებდა. ზოგიერთ საკითხზე ბერია პირადად ხვდებოდა სტალინს, მასთან ერთად განიხილავდა და ხშირად მათში საკუთარი კორექტივებიც შეჰქონდა. სტალინი ჭკვიანი ადამიანი იყო. იცოდა, რომ კარგი რჩევა მხოლოდ რგებდა საქმეს და ბერიას ინიციატივებს არასოდეს ტოვებდა განხილვის მიღმა. ხაზგასასმელია ის, რომ ბერია ყოველთვის სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისკენ ისწრაფვოდა და კანონმდებლობის სრულყოფას ცდილობდა, ეს კი მან პირველად საქართველოში დაიწყო. ამ პერიოდში, როცა თავის სამშობლოში მაღალი თანამდებობები ებარა და შეეძლო, გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე...“

ხაზგასასმელი ფაქტია ის, რომ ჯერ კიდევ იმ შორეული 20-30-იანი წლების მიჯნაზე, როდესაც ლავრენტი ბერია საქართველოს „ჩეკას“ მეთაური იყო, ცდილობდა, საქართველოში ისეთი სიტუაცია შეექმნა, რომ ადამიანებს თავისუფლად, კანონისგან დაცულად ეგრძნოთ თავი. დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს, ეგრეთ წოდებული, „ანტიქურდული კანონი“ – სისხლის სამართლის 223 პრიმა მუხლი. ბერიამ კი, მართალია, მსგავსი კანონი ვერ შემოიღო, რადგან მაშინ კანონები მოსკოვიდან მოდიოდა, თუმცა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ საქართველოში, სამართლებრივი კუთხით, იდეალურთან მიახლოებული სიტუაცია სუფევდა.

ვლადიმირ კალინიჩენკო: „ცნობილი ისტორიაა, რომ ყოფილი კრიმინალის, ნათან ფრენკელის, რჩევით, სტალინმა ქურდებს საპყრობილეებში პრივილეგიები მიანიჭა, სამაგიეროდ, ისინი პოლიტიკურებსა და სხვა „მასტებს“ აკონტროლებდნენ და სახელმწიფოს სასარგებლოდ ამუშავებდნენ, ფაქტობრივად, ქურდები ხელშეუხებელნი გახდნენ და ეს ტენდენცია „სვაბოდაზეც“ ხორციელდებოდა, რადგან იქაც წესრიგის დამყარება იყო საჭირო. ბერიამ კი რა ქნა? რა და საქართველოში ქურდებს მასობრივად აპატიმრებდა და ყველანი ერთ დახურულ ციხეში – თბილისის „გუბერსკის“ „კრიტში“ ათავსებდა. შემდგომ კი, „სტალინური მითითებით“, ყველანი გააციმბირა, რათა „სამართლიანობა“ იქ, საქართველოსგან შორს, განეხორციელებინათ. ამით ბერიამ არც მწვადი დაწვა და არც შამფური.“

ცნობილია ფრაზა, რომელიც უკვე საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა, ლავრენტი ბერიამ ახლად დანიშნულ საქართველოს „ჩეკას“ მეთაურს, გენერალ სერგო გოგლიძეს უთხრა: „არანაირი ქურდული საქმიანობა საქართველოში! ყველა ქურდი, მით უმეტეს, კანონიერი ციხეში უნდა იჯდეს და გაციმბირდეს! ყველა რუსეთში გარეკე. რუსეთი აიტანს ამას, საქართველო კი – ვერა...“

ეს პრობლემა ბერიამ მისთვის ჩვეული ოპერატიულობით გადაჭრა. პარალელურად კი, ქვეყანაში მომრავლებული შეიარაღებული ყაჩაღთა ბანდები გაანადგურა და საქართველოში სიმშვიდე დაამყარა. ქვეყანაში მძიმე დანაშაული აღმოფხვრილი იყო.

ვლადიმირ კალინიჩენკო: „გახდა რა საბჭოთა უშიშროების უფროსი, ბერია სტალინზე შორს წავიდა და ქურდული სამყაროს აქტიურობა ქვეყნის სასარგებლოდ გააათმაგა. ხოლო თავად ნათან ფრენკელი კი უშიშროების გენერლად აქცია, სწორედ მას ჩააბარა პატიმართა მობილიზაციის საქმეები დიდ მშენებლობებზე, შემდგომ კი – უკვე მათ ფრონტზე გაგზავნასა და ბრძოლაში ჩაბმას ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქურდები და ქურდული სამყარო ციმბირის ბანაკებში იყვნენ პრივილეგირებული და ქვეყნის სასიკეთოდ იყვნენ მობილიზებულნი, საქართველოში მათი ჭაჭანებაც კი არ იყო და ეს ბერიას დამსახურებაა. ყველაზე ტენდენციური კრიტიკოსიც კი ვერ იტყვის – ბერიამ რუსეთი ქართველი კრიმინალებით აავსოო. მაშინ ერთიანი ქვეყანა იყო და ყველაზე საშიშ დამნაშავეებს აციმბირებდნენ. ქურდები კი სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ...“

როგორც ჩანს, ბერია ყოველმხრივ ცდილობდა, პირველ რიგში, საქართველოში შეექმნა სამართლებრივი სივრცე და ეს მას შესანიშნავად გამოუვიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი