ბელადები

როგორ აღკვეთა სტალინმა უმძიმესი დანაშაული ოკუპირებულ ბერლინში

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.10, 2021 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ზედმიწევნით პატიოსანი, სამართლიანი და მამაცი ადამიანი იყო. ამიტომ ისტორიკოსები მას, არც თუ ისე იშვიათად, ისე მოიხსენიებდნენ, როგორც ქართველ მეფეებს: „უშიშარი, ვითარცა უხორცო“. მწერალი ვიქტორ სუვოროვი: „იოსებ სტალინი იყო ის ადამიანი, ვინც საკუთარი მიზნის მისაღწევად არავის დაინდობდა. მისი მიზანი კი, როგორც თავად ამბობდა, იყო საყოველთაო, გლობალური თანასწორობის დამყარება და მან, ფაქტობრივად, თითქმის მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ რის ფასად?“

სუვოროვი ყოფილი საბჭოთა ჯაშუშია, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიქცა და მთელი რიგი საიდუმლოებების გამჟღავნების შემდეგ მწერლობას მიჰყო ხელი. ის დღესაც ცოცხალია და 74 წლისაა. სუვოროვი სტალინზე კარგს არაფერს წერს. ზემოხსენებული ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილია. იქ სუვოროვი, ყოვლად დაუმსახურებლად, მიწასთან ასწორებს საბჭოთა ბელადს. თუმცა, მისი ეს ფრაზა „ათიანში ხვდება“ – სტალინი მართლაც ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ მსოფლიოში აბსოლუტური სამართლიანობა დამყარებულიყო. გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „სტალინს ხშირად სდებენ ბრალს სისასტიკეში. მე კი მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სტალინის სისასტიკე გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული და რომ არა ასეთი ქმედება, მილიონჯერ მეტ სისასტიკეს მივიღებდით. ამგვარად, საბჭოთა ბელადის მიერ გატარებული ასეთი მკაცრი ზომები გამართლებული იყო და ამის დასტურად მე ერთ ისტორიას მოგითხრობთ:

1945 წლის მაისია. ბერლინი „წითელ არმიას“ აქვს ოკუპირებული და დიად გამარჯვებას ვზეიმობთ. იმ პერიოდში მე, პირადად სტალინის დავალებით, ერთკვირიანი მივლინებით ბერლინში ვიმყოფებოდი და 29 მაისს მოსკოვში დავბრუნდი. დილის 8 საათია. ჩემს ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა და სტალინის მდივანმა, პოსკრებიშევმა მითხრა, რომ ზუსტად 10 საათზე სტალინთან უნდა გამოვცხადებულიყავი კრემლში. მოვემზადე და ზუსტად დანიშნულ დროს სტალინის კაბინეტში შევდგი ფეხი. იქ გერმანიის ანტიფაშისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (მომავალში გერმანიის დემოკრატიელი რესპუბლიკის ლიდერი), კარლ ულბრიხტი დამხვდა. მას მე კარგად ვიცნოდი და მისალმებისას ხელი ჩამოვართვი. თან შევატყვე, რომ რაღაც ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა გერმანული კარგად იცოდა, მან ულბრიხტს რუსულად უთხრა (ულბრიხტი რუსულად უაქცენტოდ საუბრობდა):

– აბა, გაიმეორეთ თქვენი მონათხრობი ამხანაგ სუდოპლატოვის თანდასწრებით.

ულბრიხტმა თავი გააქნია და მითხრა:

– ბერლინში თქვენი ჯარისკაცები საშინელებებს სჩადიან. ტყვედ აჰყავთ მთელი ოჯახები. მათ ქუჩებში ალყაში აქცევენ და ქმრების წინ აუპატიურებენ მათ ცოლებს, მამების წინ – მათ შვილებს... ამ საქციელით შეურაცხყოფილი ჩემი თანამემამულე მამაკაცები ღამით ყელს ჭრიან თავიანთ ცოლებსა და შვილებს. შემდგომ კი თავადვე იკლავენ თავს, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს.

მე გაგონილი მქონდა ასეთი რამ. ამიტომ სტალინს ვუთხარი:

– სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები მართლაც იყო ბერლინში.

ულბრიხტს სახე წამოეჭარხლა და დააყოლა:

– ამას მასობრივი ხასიათი აქვს, ამხანაგო სტალინ! 9 მაისიდან 2 კვირის განმავლობაში 5 ათასამდე ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. სურათები უკვე გაჩვენეთ.

სტალინმა მასთან მიმიხმო და სურათები წინ დამიწყო. მათზე ყელგამოჭრილი ოჯახები იყო აღბეჭდილი და დააყოლა:

ამხანაგო სუდოპლატოვ, თუკი ასე გაგრძელდა, ჩვენ განმათავისუფლებლები კი არა, ბარბაროსები აღმოვჩნდებით და არანაირი მორალური უფლება არ გვექნება, ამ ხალხს თვალებში შევხედოთ. ამიტომ, პირადად გავალებთ, რომ გერმანიაში დაბრუნდეთ და ასეთი შემთხვევები პირადად დააფიქსიროთ. ჩემი ბრძანება კი ბერლინში ჩამოგისწრებთო.

მე სტალინს თავი დავუკარი და ბრძანების შესასრულებლად წევედი.“

საგულისხმო ფაქტია, რომ 1945 წლის 2-5 ივნისს, ანუ სამი დღის განმავლობაში ბერლინში, სტალინის საგანგებო ბრძანებით, 1 200 საბჭოთა ჯარისკაცი დახვრიტეს. მათ გაუპატიურებები, ხშირ შემთხვევაში კი, ერთდროულად, გაუპატიურებები და მკვლელობები, აგრეთვე გაუპატიურებები, მკვლელობები და ძარცვა ედებოდათ ბრალად. დახვრეტილებს შორის 2 საბჭოთა კავშირის გმირი იყო და სწორედ, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საბჭოთა გენერალისიმუსი, მართლაც რომ, სამართლიანი ადამიანი იყო და ყველა რანგის დამნაშავეს ერთნაირად სჯიდა.

მოგვიანებით, ულბრიხტის მემუარებში სტალინი გამოყვანილია, როგორც სამართლიანი, კეთილსინდისიერი მმართველი. ეს წიგნი გერმანულ ენაზე გამოიცა და რუსულად ითარგმნა. თუმცა მისი საბჭოთა კავშირში გამოცემა ხრუშჩოვმა აკრძალა, რადგან იქ სტალინის ქება იყო. სინამდვილეში კი ეს სულაც არ იყო ქება, გერმანელი კომუნისტების ლიდერმა სინამდვილე გაახმოვანა. ეს კი სტალინის „კულტის“ დამგმობელს არ მოეწონა და წიგნი აკრძალა. მიუხედავად ყველაფრისა, სტალინთან დაკავშირებული ნამდვილი ისტორიები ყველა შეზღუდვას არღვევს და მოვა დრო, როდესაც მასზე სრულ სიმართლეს შეიტყობთ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი