ბელადები

როგორ ააგიზგიზა სტალინმა ამერიკის კონტინენტზე რევოლუციური ცეცხლი

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.07, 2021 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გენიალურობა მარტო იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მან ლენინთან ერთად საბჭოეთი შექმნა და შემდგომ ეს ქვეყანა უძლიერესად მხოლოდ თავად აქცია, არამედ იმაშიც, რომ საბჭოთა ბელადს ჰქონდა უნიკალური უნარი, სრულიად უცნობი ადამიანები რევოლუციური ბრძოლისთვის აენთო. 

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი საველი ოგოროდნიკოვი წერს: „ამქვეყნად არ მეგულება ადამიანი, ვისაც ფიდელ კასტროზე და სიერა-მაესტრას ტყეებიდან ჰავანაზე მის ლაშქრობაზე არ სმენოდა. მაგრამ, თითქმის არავინ იცის, რომ დიდწილად, კასტროსა და მისი რაზმის ჰეროიკული მოქმედებების სულისჩამდგმელი იოსებ სტალინი იყო. ამ ფაქტს დღემდე მალავს პოსტსაბჭოური რუსეთის მთავრობა. თუმცა, სწორედ, მის ღრმად კონსპირირებულ არქივებში ინახება ამ ისტორიის ამსახველი საბუთები. განსაკუთრებით მალავდა ამ ყოველივეს ხრუშჩოვისეული პროპაგანდა. რადგან მათ ხელს არ აძლევდათ სტალინის სიდიადის კიდევ ერთი ნათელი დამადასტურებელი ფაქტი. ვიაჩესლავ მოლოტოვი თავის ტაბუირებულ ტელეინტერვიუში ჰყვებოდა: „ორმოცი-ორმოცდაათიანი წლების მიჯნაზე, როდესაც „ცივმა ომმა“ საკმაოდ „აკრიფა სისწრაფე“, ჩვენი მთავრობის წინაშე მწვავედ დადგა, ეგრეთ წოდებული, „ზეწოლის შეკავების“ საკითხი. მართალია, ატომურ იარაღს უკვე ვფლობდით და საჭიროების შემთხვევაში ადეკვატური პასუხის გაცემა შეგვეძლო, მაგრამ აუცილებელი იყო სხვა გზების გამონახვა.

– ატომური ომი კაცობრიობის კატასტროფაა და ამერიკელები ამაზე მიდიან. ჩვენ კი ეს არ უნდა დავუშვათ, – თქვა სტალინმა მის კაბინეტში გამართულ სამეულის შეკრებაზე, რომელსაც მე და ბერია ვესწრებოდით.

– საამისოდ ყველა საშუალებას ვიყენებთ, „კობა“, ჩვენი დიპლომატები პერმანენტულ რეჟიმში მუშაობენ, – ვუთხარი სტალინს.

– ეგ არ კმარა. სხვა უფრო ქმედითი ნაბიჯებია საჭირო, – მითხრა სტალინმა. ჩემს შეკითხვას არ დაელოდა და ბერიას მიუბრუნდა:

– მახსოვს, ამას წინათ ვიღაც ლათინოს ყმაწვილზე მელაპარაკებოდი. თუ მეხსიერება არ მღალატობს, გვარად კასტროზე.

– დიახ. ამხანაგო სტალინ, ფიდელ კასტროზე. ის იურისტია, სულ რაღაც 24 წლის, მაგრამ თავის სამშობლოს პატრიოტია და ძალიან მებრძოლი, – უპასუხა ბერიამ.

– კუბელია, ხომ? – იკითხა სტალინმა.

– დიახ. ჰავანაში ცხოვრობს და ადგილობრივი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, – დააზუსტა ბერიამ.

– ჰო და, ასეთი გულანთებული ლათინოსები ააგიზგიზებენ ამერიკის კონსტინენტზე რევოლუციის ცეცხლს. ანტიამერიკული განწყობით შემოიკრებენ მილიონიან მასებს და ამერიკული მსხვილი კორპორაციების წინააღმდეგ გამოვლენ, რომლებიც მთელ კონტინენტს ახრჩობს და ამ ქვეყნებს ყვლეფენ. ეს იგივე იქნება, რაც შტატების მთავრობაზე იერიში. თეთრ სახლს ახალი თავსატეხი გაუჩნდება და თავისი კონტინენტის პრობლემებზე გადაერთვება. ამით კი ჩვენ წინააღმდეგ ზეწოლა შესუსტდება, – თქვა სტალინმა და გაჩუმდა.

ბერიამ პაუზით ისარგებლა და უთხრა:

– იქნებ ჯობდა, რომ კასტრო თქვენთან შეხვედრაზე საიდუმლოდ ჩამოგვეყვანა და მას პირადად დალაპარაკებოდით. ამას კი უდიდესი ეფექტი ექნება.

ერთი სიტყვით, ფიდელ კასტრო მოსკოვში 1951 წლის თებერვალში საიდუმლოდ ჩამოიყვანეს. მას სტალინი ორჯერ შეხვდა პირისპირ და ძალიან დიდხანს ესაუბრა. შემდეგ კი ახალგაზრდა კუბელი უკან დააბრუნეს და სულ რაღაც 2 თვეში ლათინური ამერიკის კონტინენტი რევოლუციურმა ცეცხლმა მოიცვა. ამ ყველაფერს კი 24 წლის ფიდელ კასტრო ედგა სათავეში.“

ფიდელ კასტროსა და მის მოძრაობას, სტალინის ბრძანებით, საბჭოთა დაზვერვა ეხმარებოდა – ფულსა და იარაღს აწვდიდა და ეს იყო, სწორედ, საფუძველი იმ დიდი კუბური რევოლუციისა, რომელიც 1959 წლის 1 იანვარს გამარჯვებით დასრულდა. ხრუშჩოვი კი, დიდი დახმარების სანაცვლოდ, კასტროს შეუთანხმდა, რომ კუბელი სტალინს არ ახსენებდა და ფიდელმა პირობა შეასრულა და მის დამრიგებელზე საჯაროდ ერთხელაც არ დაუძრავს სიტყვა. საინტერესოა ის, რომ უკვე გადამდგარ ედუარდ შევარდნაძეს თბილისში რომ შევხვდი და ვილაპარაკეთ, ჩვეული იუმორით, ნახევრად ხუმრობით მითხრა: კუბაზე რომ ვიყავი და კასტროს შევხვდი, საუბრის დროს მითხრა, ძალიან ახალგაზრდა რომ ვიყავი, მოსკოვში სტალინს შევხვდი. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენ მისი თანამემამულე ხართო. ედუარდ შევარდნაძის ეს სიტყვები ფაქტის პირდაპირი თუ არა ირიბი დასტური მაინც არის.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი