ბელადები

რის გამო დააწინაურა და გადაიყვანა მოსკოვში სამუშაოდ სტალინმა ბერია

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 02.05, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო და ამაზე მის მიერ განხორციელებული ქმედებები მეტყველებს... ისტორიის დოქტორი ივანე ლენსკი წერს: „საბჭოთა კავშირი ააღორძინა იოსებ სტალინმა და ეს უდავო ფაქტია. თუმცა, მას რომ გვერდით ლავრენტი ბერია არ ჰყოლოდა, გამორიცხული არ იყო, რომ მათ ქვეყანა თავზე ჩამოშლოდათ, თანაც, ჯერ კიდევ ჰიტლერის საბჭოეთში შემოჭრამდე, ანუ 39-40 წლებში. სტალინი, რა თქმა უნდა, ბელადი და დიდი ორგანიზატორი იყო. მას ხელეწიფებოდა ადამიანები „სრული ბრუნით“ აემუშავებინა, თუმცა ეპოქამ იმის საჭიროება მოიტანა, რომ დიდ ორგანიზატორ სტალინს გვერდით ამოსდგომოდა არანაკლებ დიდი ორგანიზატორ-შემსრულებელი და თანაც, შემოქმედი ადამიანი. ასეთი ლავრენტი ბერია გამოდგა და ბელადი სტალინი არჩევანში არ შემცდარა. ისტორიკოსი როი მეტრეველი: „როდესაც ლავრენტი ბერია საქართველოსა და ამიერკავკასიას ხელმძღვანელობდა, ყოველთვის იმსახურებდა სტალინის ქებას, ის სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელებისთვისაც მაგალითის მიმცემი იყო. ბერიას ინოვაციებმა, თამამმა და ზოგჯერ ძალიან რისკიანმა ნაბიჯებმა დიდი წარმატება მოუტანა საქართველოს. ეს პერიფერიული რესპუბლიკა ისე აყვავდა, რომ მთელს საბჭოთა კავშირში წამყვან როლს ასრულებდა. აი, მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაიყვანა სტალინმა ბერია მოსკოვში...“

როი მედვედევი, პრინციპში, სიმართლეს ამბობს. მაგრამ თემა გავშალოთ და განვამტკიცოთ – ბერიას მოსკოვში დაწინაურების მიზეზი, ძირითადად, ის იყო, რომ სტალინმა ბერიაში, პირველ რიგში, დაინახა, რომ მას საქმის გამო შეეძლო, მიღებული შაბლონური ინსტრუქციებისთვის თამამად გადაეხვია და საქმე მწვერვალზე აეყვანა. ასეთ რამეს კი სტალინის გარემოცვის სხვა წევრები ვერასოდეს გაბედავდნენ. მართალია, დიდი სამამულო ომის დროს ჟუკოვი ზოგჯერ არ ეთანხმებოდა სტალინის მოსაზრებებს ამა თუ იმ სამხედრო საკითხებში, მაგრამ ეს ყოველივე წვრილმანი იყო. ძირითადად კი, ჟუკოვიც ისეთივე მენტალურ მორჩილებას იყო მიჩვეული, როგორც სხვები. ბერია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პოლიტიკისა და ეკონომიკის ნიუანსებში ღრმად ჩახედული ადამიანი იყო და ყოველთვის გააზრებულად მოქმედებდა. აი, სწორედ, ეს ოქროს თვისება დაინახა სტალინმა ბერიაში და დააწინაურა. 1938 წლის დეკემბერში ლავრენტი პავლეს ძე ბერია საკავშირო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თავმჯდომარე გახდა. სტალინთან პირველივე საქმიან შეხვედრაზე ბერიამ ბელადს მოქმედების ვრცელი გეგმა წარუდგინა. სტალინი ყურადღებით გაეცნო ბერიას გეგმას და უთხრა:

– აქ წერია, რომ პატიმრობიდანაა გასათავისუფლებელი მთელი რიგი „ჩეკისტი“, სამხედრო, ინჟინერ-მეცნიერი თუ ხელოვნების მუშაკი. მაინც როგორ გამოიხატება ეს რიცხვებში?

ბერიამ სტალინს შეხედა და მშვიდად უთხრა:

– თუკი თქვენ ჩემს გეგმას მოიწონებთ, ციხეებიდან მინიმუმ 800 ათასი ადამიანი უნდა გამოვუშვათ.

– და, მერე სადაა იმის გარანტია, რომ ეს ხალხი კვლავ ღალატის გზას არ დაადგება და ქვეყანას არ დააზიანებს? – იკითხა სტალინმა, ბერიამ კი დაამატა:

– ამხანაგო სტალინ, გარწმუნებთ, რომ ეს ხალხი ბევრ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, ამიტომ ისინი უნდა გამოვუშვათ და რაც შეიძლება, მალე ჩავაბათ შრომის ფერხულში.

– აგებთ, პასუხს თქვენს საქციელზე? – დაინტერესდა სტალინი.

– ამ ყველაფერზე საკუთარი თავით, საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, – უპასუხა ბერიამ სტალინს.

ერთ კვირაში ბელადმა ფართო ამნისტიას მოაწერა ხელი და მეორე დღიდანვე დაიწყეს ადამიანებს გათავისუფლება. მარტო ის რად ღირდა, რომ გამოუშვეს სერგეი კოროლიოვი, ლევ ლანდაუ, კონსტანტინე როკოსოვსკი და „ჩეკას“ ის მაღალი რანგის ოფიცრები, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურების ბურჯს წარმოადგენდნენ.

ბერიამ, სწორედ, ამ გათავისუფლებული „ჩეკისტებისგან“ ჩამოაყალიბა საბჭოთა უშიშროების ის ბირთვი, რომელმაც სულ მალე მთელი მსოფლიო ააზანზარა და დიდ სამამულო ომში გამარჯვებისთვის უდიდესი წვლილი შეიტანა. სწორედ, ამ ხალხისგან შექმნა ბერიამ ის უნიკალური სტრატეგიული დაზვერვა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ატომური პროექტის წარმატებაში. სხვათა შორის, ბერიას მიერ შექმნილმა სამსახურმა ყველა გაჭირვებას გაუძლო და დღემდე შრომისუნარიანი და მოუხელთებელია. არადა, მისი შექმნიდან 80 წელი გავიდა. ერთი სიტყვით, ბერიას გენია მის მიერ დაარსებული ინსტიტუტები, მეთოდები თუ ტექნოლოგიები დღემდე სახელმწიფოს სამსახურშია და იმის მაგივრად, რომ რუსეთი მადლიერი იყოს ამ ადამიანის ღვაწლის, მას კვლავ ლაფში სვრიან და მის წვლილს ჯიუტად არ აღიარებენ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი