ბელადები

რატომ უწოდებდა სტალინი მუსოლინის პაიაცს

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.08, 2022 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი რომ გლობალური მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწე იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ნიშანდობლივია ის, რომ ის უკვე ძალიან ახალგაზრდულ ასაკში იყო ასეთი და ამას ყველაზე უკეთ ლენინი ამჩნევდა და ქართველ „კობას“ საპასუხისმგებლო მისიებს აკისრებდა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი (მისი ნაწერების ტაბუირებული ნაწილებიდან): „არსებობს მოსაზრება, რომ სტალინის ბიოგრაფიიდან ყველაზე იდუმალი და შეუსწავლელი „კობას“ იატაკქვეშა მოღვაწეობის პერიოდია. პირადად მე არ ვეთანხმები ამ აზრს. იდუმალი არა, შეუსწავლელი – კი. იდუმალებაში მავანნი მავნე ტენდენციებს ხედავენ და ამით სურთ ტალახი მოსცხონ სტალინს. შეუსწავლელი კი იმიტომაა სტალინის მოღვაწეობის ეს პერიოდი, რომ საბჭოთა ოფიციოზი ყოველმხრივ მალავდა ამ საბუთებს. მალავდა იმიტომ, რომ ამ პერიოდში სტალინი არაერთ ისეთ ისტორიულ პერსონას შეხვედრია, რომლებიც შემდგომში საბჭოთა კავშირის მტერი გამხდარა. ჩემთვის გაუგებარია ასეთი აზროვნება და ალბათ, მოვა დრო, როცა ყველაფერს მზის შუქზე გამოიტანენ და ადამიანები ნამდვილ, სრულ ისტორიას წაიკითხავენ. მაგალითად, არასდროს თქმულა ის, რომ სტალინი ჯერ კიდევ რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე შეხვდა და ესაუბრა ფაშიზმის მამამთავარსა და იტალიის მომავალ დიქტატორს ბენიტო მუსოლინის, დუჩეს. მცირე ისტორიული ექსკურსით დავიწყებ: 1910 წელს სოციალისტური პარტიის წევრს ბენიტო მუსოლინის ლენინთან შეხვედრა სურდა. ის აღფრთოვანებული იყო რუსი რევოლუციონერის მოღვაწეობით. უნდოდა, პირადად გასცნობოდა მას და ესაუბრა. იმ წლებში მუსოლინი 27 წლის იყო და აქტიურად მიისწრაფვოდა ლიდერობისკენ (12 წლის შემდეგ მუსოლინი იტალიის მმართველი გახდა). ახალგაზრდა მუსოლინიმ მონახა გამოსავალი. მან შეიტყო, რომ ზღაპრულ კურორტზე, კუნძულ კაპრიზე მაქსიმ გორკი ცხოვრობდა და ჭლექს მკურნალობდა. გაიგო, რომ გორკი ლენინის მეგობარი იყო. ჩავიდა მასთან და ლენინთან შეხვედრა სთხოვა. გორკიმ ლენინს შვეიცარიაში მისწერა ამის შესახებ და დააყოლა – ეს ახალგაზრდა კაცი აღფრთოვანებულია თქვენით და მზადაა, რომ თქვენს მოძრაობას შემოუერთდეს. ლენინმა კი ჯერ რუსეთში გაგზავნა წერილი სტალინთან და სთხოვა: გამონახე დრო და ჩვენს იტალიელ ფანატიკოსს შეხვდი, დაელაპარაკე და შენი გუმანით გაარკვიე, თუ რა კაცია და ღირს თუ არა მასთან საქმის დაჭერაო. სტალინისგან თანხმობა რომ მიიღო, გორკის მისწერა, მაგ ახალგაზრდას ჩემი ყველაზე სანდო თანამებრძოლი „კობა“ შეხვდებაო. ეს შეხვედრა 1910 წლის ოქტომბერში შედგა. სტალინი კაპრიზე ინკოგნიტოდ ჩავიდა, რადგან ძებნაში იყო. იტალიის მომავალ დიქტატორს გორკის ვილაში შეხვდა და კარგა ხანს ესაუბრა“.

ჯერჯერობით გამოუქვეყნებელია ამ შეხვედრის საბუთები. ჩანაწერები კი არსებობს. სტენოგრამას აწარმოებდა გორკის მეუღლე (სინამდვილეში საყვარელი) მსახიობი მარია ანდრეევა, რომელიც გორკისთან ერთად ესწრებოდა ამ მრავალსაათიან შეხვედრას და რადგან მუსოლინიმ მხოლოდ იტალიური იცოდა, თარჯიმნის როლს თავად ანდრეევა ასრულებდა. ის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ მოკლე პუბლიკაციაში წერდა: „შევამჩნიე, რომ „კობა“ მაინცდამაინც ნდობით არ იყო განწყობილი ამ ექსპანსიური იტალიელის მიმართ, რომელიც საუბარში ხელებსაც იშველიებდა. „კობას“ კი სახეზე ეშმაკური ღიმილი უთამაშებდა. დინჯად პასუხობდა სტუმარს და როცა ის წავიდა, თქვა – ეს კაცი პაიაცს (კლოუნს) მაგონებს და არ მგონია, გამოგვადგესო. სავარაუდოდ, სტალინმა ლენინს მუსოლინიზე უარყოფითი დასკვნა მისცა და ილიჩმა გადაწყვიტა, მას აღარ შეხვედროდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სტალინმა ჩემი კუნცევოს აგარაკზე ყოფნისას მითხრა:

– მუსოლინი ძალიან მაღლა აფრინდა და თავი არწივი ჰგონია, რომელიც დედამიწას ზემოდან დაჰყურებს და თავისი სიძლიერით ყველას აფრთხობს. მე კი ის ისევ პაიაცად მიმაჩნია და მასზე აზრი არ შემცვლია.

– და როდის შეგექმნათ მასზე ასეთი აზრი? – ვიკითხე მე.

– როცა მას 1910 წელს გორკის ვილაში შევხვდი. ამ კლოუნს ილიჩის გაცნობა უნდოდა, – მიპასუხა სტალინმა.

და მართლაც, მუსოლინის ექსცენტული საქციელი უფრო და უფრო დამღუპველი აღმოჩნდა და ის თავისსავე თანამემამულეებმა მოკლეს და მილანის ცენტრში პირქვე დაკიდეს.

სტალინს არასოდეს ეშლებოდა ადამიანების ამოცნობა. მას არც მუსოლინის პიროვნებაში ჩაწვდომა გასჭირვებია და ტყუილად როდი შეარქვა დუჩეს (ბელადი) – პაიაცი (კლოუნი).

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი