ბელადები

რატომ შეაქმნევინა სტალინმა „სლავთა კავშირი“ და რა მიზანს ისახავდა ეს ორგანიზაცია

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.03, 2023 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი შორსმხედველი პოლიტიკოსი იყო და შესაბამისად, მას ქმედებებიც შორეულ პერსპექტივაზე ჰქონდა გათვლილი, რაც იმის უტყუარი დასტურია, რომ ეს ადამიანი ჭეშმარიტად სახალხო, სოციალურ-ეკონომიკურ თანასწორობაზე აგებულ ქვეყანას აშენებდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ყველაფერთან ერთად, მე მხედველობაში მაქვს გააზრებული, მრავალსვლიანი გათვლები და შესაშური დიპლომატია, სტალინი მაინც იდეალისტი იყო. მას მიაჩნდა, რომ დროთა განმავლობაში დედამიწაზე მართლაც შესაძლებელი იქნებოდა აბსოლუტურად თანასწორი წესწყობილების დამყარება. საბჭოთა ბელადი საამისოდ ყველაფერს აკეთებდა, განსაკუთრებით კი – მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მაშინ, როდესაც „ცივი ომი“ გაჩაღდა და დედამიწას მესამე მსოფლიო ომი დაემუქრა. ეს კი ჩვენი პლანეტისთვის კატასტროფული შედეგით დასრულდებოდა და ეს შედეგი დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობა იქნებოდა. სტალინმა მსგავსი პერსპექტივა ყველაზე ადრე და თავის ძლევამოსილ კოლეგებზე გაცილებით ნათლად დაინახადა და მათ კონსოლიდაციისკენ მოუწოდა, თუმცა, როგორც მალევე გაირკვა, ტყუილად. 1946 წლის მიწურულს „თეთრ სახლში“ მოწყობილი საიდუმლო თათბირის დროს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა განაცხადა: ამ ბიჭებისთვის (გულისხმობდა რუსებს, ანუ საბჭოთა კავშირს) ატომური კომბალი მაქვსო. ეს ფრაზა კი იმიტომ თქვა, რომ „ეფბეერის“ დირექტორმა ედგარ გუვერმა პრეზიდენტს ურჩია, რომ საბჭოეთთან ურთიერთობა არ გაემწვავებინა, რადგან ეს გამწვავება შეერთებულ შტატებს დაასუსტებსო. სტალინმა მალევე შეიტყო ამ საიდუმლო თათბირის სრული შინაარსი. არც აცია, არც აცხელა და ტრუმენს წერილი მისწერა, სადაც ასეთი სტრიქონები იყო: „გარწმუნებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ რუსებისკენ მიმართული ნებისმიერი იარაღის, თუნდაც, ატომური კომბლის საწინააღმდეგოდ ყველა ის, ვინც შეეცდება მის გამოყენებას, უფრო მძლავრ კომბალს იგემებს, თანაც დაუყოვნებლივ. საბჭოთა კავშირი არც იაპონიაა და არც სხვა ქვეყანა, რომ დააჩოქონ, მას ვერ შეაშინებენ. გამოვხატავ რა პატივისცემას თქვენი ქვეყნისადმი, მოგიწოდებთ, რომ კონსოლიდირებულად ვიმოქმედოთ მსოფლიოში მშვიდობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ანუ ისე, როგორც ჩვენ შევთანხმდით ყირიმსა და პოტსდამში“.

როგორც შემდგომ არაერთ ცნობილ მემუარებში ვკითხულობთ, ამ წერილმა ტრუმენი გააცოფა, პირველ რიგში, გუვერს შეუტია და უთხრა: შენ ცხვირწინ რუსი ჯაშუშები მოქმედებენ და მათ წინააღმდეგ უძლური ხარ. რაც ჩემს ოვალურ კაბინეტში ვილაპარაკეთ, სტალინისთვის ყველაფერი ცნობილია. შენ კი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გევალებაო. სტალინის წერილს ტრუმენმა იმით უპასუხა, რომ საჯარო გამოსვლებში თავისი ფარული აზრების ხმამაღლა გაჟღერებას მიჰყო ხელი. სტალინმა კი განკარგულება გასცა, რომ შეექმნათ, ეგრეთ წოდებული, „სლავთა კავშირი“, რომელიც გლობალურად იმოქმედებდა“.

სტალინის მიერ შექმნილი „სლავური კავშირი“, ფაქტობრივად, მეხუთე კოლონის როლს ასრულებდა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. მართალია, ისინი იმ ქვეყნების კანონებს არ არღვევდნენ, მაგრამ მხოლოდ ამ ორ სახელმწიფოში „სლავური დროშის“ ქვეშ 10 მილიონამდე სლავი იმყოფებოდა. საბჭოთა კავშირის გამოკლებით კი, დანარჩენ მსოფლიოში (ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის გარდა) კიდევ 50 მილიონი სლავის მობილიზება იყო შესაძლებელი. ეს კი უზარმაზარ ძალას წარმოადგენდა და როდესაც ამის შესახებ ტრუმენს შეატყობინეს, მას უთქვამს: უნდა ვეცადოთ, რომ სლავურმა სულმა გამძვინვარებული რუსი დათვის ფორმა არ მიიღოსო. შემდგომ თავად ედგარ გუვერი ამბობდა: ტრუმენის დაუფიქრებლობამ სლავები გააძლიერა და იმავდროულად კი, საბჭოთა კავშირიცო.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სლავური კავშირის შექმნა სტალინს კიდევ ტრუმენის გამოხტომამდე ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ არ ჩქარობდა. შესაფერის მომენტს ეძებდა და იპოვა კიდეც. ერთხელ მითხრა: ანგლო-საქსების საპირწონე მოძრაობა უკვე მზადაა. ველოდებით შესაფერის მომენტს, რომ ის ავამოქმედოთ. დამერწმუნე, რომ ეს მომენტიც სულ მალე დადგებაო. როგორც ყოველთვის, სტალინი ამჯერედაც მართალი იყო.“

პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მომენტია ის, რომ პროვოკაციაზე ყოველთვის ადეკვატური პასუხი გქონდეს და პროვოკატორობა არ დაგაბრალონ. სტალინი ამას ყოველთვის საუცხოოდ ახერხებდა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი