ბელადები

რატომ მოხსნა სტალინმა მაღალი თანამდებობიდან საკუთარი ვაჟი

ავტორი: ნიკა ლაშაური 14:27 17.11, 2020 წელი

სტალინის ვაჟი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს მავანნი არაერთ ცილისმწამებლურ ამბავს მიაწერენ და საბჭოთა ბელადს არარსებულ ცოდვებში ადანაშაულებენ, ფაქტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებენ... პუბლიცისტი ოლეგ კრამსკოი წერს: „1954 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემულ წიგნში სტალინზე ვინმე სემუელ ბუტი წერდა, რომ თითქოს სტალინს აურაცხელი სიმდიდრე ჰქონდა გადამალული საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში, რომ ამ სიმდიდრეს მისი შვილები იყენებდნენ და რომ იოსებ სტალინი საბჭოთა ბიუჯეტის ერთ პროცენტს ყოველწლიურად ოქროს სახით ინახავდა შვეიცარიის ბანკებში, რა თქმა უნდა, სხვის სახელზე. არადა, სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა, იმ პერიოდში მოსკოვში, ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა მცირეწლოვან შვილთან ერთად და ფინანსურადაც საკმაოდ უჭირდა. ხოლო ვასილი კი, სულაც, ციხეში იჯდა – „ვლადიმირის ცენტრალში“, სადაც მან 10 წელი მოიხადა. დაავადდა და 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუკი ბუტს დავუჯერებთ, სტალინს შვეიცარიის ბანკებში დაახლოებით 2 ათასი ტონა ოქრო უნდა ჰქონოდა დაგროვილი. ერთი სიტყვით, ანტისტალინური დასავლური პროპაგანდა მკვდარი სტალინის წინააღმდეგაც მთელი ძალებით ხორციელდებოდა და ამას თავისი მიზანი ჰქონდა. ეს მიზანი კი საბჭოთა ხალხის შემზადება იყო უზარმაზარი ქვეყნის დაშლისთვის, რომელმაც სტალინის გარდაცვალების მერე კიდევ 40 წელი იარსება და როგორც იქნა, ის (საბჭოეთი) მაინც დაანგრიეს. დასავლურმა პროპაგანდამ თავისი საქმე, შეიძლება ითქვას, ასი პროცენტით გააკეთა და საბჭოეთის აღსასრულის ჟამს უკვე მილიონობით ადამიანს სჯეროდა, რომ სტალინის ზღაპრული ქონება უცხოეთში იყო შენახული. ადამიანთა ერთი ჯგუფი ამ „ქონების“ დაბრუნებასა და ხალხის დაპურებასაც კი სთხოვდა გორბაჩოვს... 96 წლის ლაზარ კაგანოვიჩი 1990 წლის მარტში გაზეთ „სოვეტსკაია კულტურის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში ამბობდა: „გორბაჩოვმა გაანადგურა, მიწასთან გაასწორა ქვეყანა, რომელიც ჩვენ ავაშენეთ დიადი სტალინის ხელმძღვანელობით. მოხუცი ვარ, მაგრამ იმდენი გონება შემრჩა, რომ ტყუილი მართლისგან გავარჩიო. რასაც ამჟამად სტალინზე წერენ და ამბობენ, სისულელეა. ამას თავად ხრუშჩოვმა დაუდო სათავე და გორბაჩოვმა განაგრძო. ამას წინათ ტელევიზორში გამოვიდა ვიღაც ვიგინდარა და ამბობდა – სტალინს საზღვარგარეთ ტონობით ოქრო აქვს შენახული. დავიბრუნოთ და ამ ოქროთი სურსათი ვიყიდოთო. შიმშილი გორბაჩოვმა დაამკვიდრა. მან და მისმა დამქაშებმა გაძარცვეს და გაანიავეს საბჭოთა ბიუჯეტი და ახლა ყველაფერს სტალინს აბრალებენ. არა და სტალინის გზა იყო ყველაზე სწორი. იოსებ ბესარიონის ძე დანაშაულს, მცირედსაც კი, საკუთარ შვილებსაც კი არ პატიობდა...“
კაგანოვიჩი ყველაზე ბოლოს, მოლოტოვის შემდეგ, გარდაიცვალა და საკუთარი თვალით შეესწრო იმ ქვეყნის კრახს, რომელსაც სტალინთან ერთად, რომ იტყვიან, საკუთარი ხელებით აშენებდა. როდესაც ის სტალინის შვილებს ახსენებდა, გულისხმობდა ვასილი სტალინთან დაკავშირებულ ინციდენტს, რაც სტალინის ვაჟს ძალიან ძვირად დაუჯდა... ლაზარ კაგანოვიჩი ყვებოდა: „1948 წლის 17 იანვარს, 26 წლის ვასია სტალინი ლავრენტი ბერიას დაჟინებული რეკომენდაციით, მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსად დაინიშნა. ის შესანიშნავი მფრინავი იყო და 900-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა ჰქონდა. თვითმფრინავს საუცხოოდ მართავდა და ძალიან რისკიანი იყო. ვასილი სტალინს ომის დროს ჩადენილი გმირული მოქმედებებისთვის საბჭოთა კავშირის გმირობაც ეკუთვნოდა. ვასია წარადგინეს კიდეც ამ წოდებაზე, მაგრამ თავად იოსებ ბესარიონის ძემ უარყო შვილის კანდიდატურა... ერთი სიტყვით, ვასიას ბევრ დადებით თვისებასთან ერთად ერთი ნაკლი ჰქონდა. მას ალკოჰოლი უყვარდა და იყო შემთხვევები, როდესაც ის მთვრალიც კი მართავდა თვითმფრინავს. 1952 წლის 1 მაისს, წითელ მოედანზე სამხედრო პარადის დასრულების შემდეგ ღრუბლიანობის გამო დაჯდომის დროს ორი უახლესი რეაქტიული ბომბდამშენი – „ილ-28“, დაიმტვრა. პილოტები კი დაიღუპნენ. ვასიამ ეს ინციდენტი ჩაფარცხა. სტალინმა მოგვიანებით გაიგო ამის შესახებ და თავისი ვაჟი ჯერ ჰაუპტვახტში ჩაასმევინა, პარალელურად კი, ამ ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა. ვასია სამი კვირა იჯდა ჰაუპტვახტში. შემდგომ კი სამხედრო გამომძიებლის დაკითხვებზე დადიოდა, რომელიც ცდილობდა, ვასიას დანაშაული არ გამოკვეთილიყო და საბოლოოდ გაამართლა კიდეც. თუმცა, იმავე წლის ივლისში, ვასია მთვრალი მოვიდა კრემლში, სამთავრობო საზეიმო შეკრებაზე და საჰაერო ძალების მთავარსარდალ ჟიგარიოვს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო მამამისმა ვასია ჯერ იქიდან გააგდო, შემდეგ კი თანამდებობიდან მოხსნა. ლავრენტი ბერიას კი მკაცრი საყვედური გამოუცხადა იმის გამო, რომ ვასიაზე თავდებობა აიღო და მას თანამდებობაზე დაანიშნინა. ამ ინციდენტის შემდეგ სტალინი ერთი წელი არ ელაპარაკებოდა თავის ვაჟს...“
ზემოაღწერილი ისტორია, რომელსაც ლაზარ კაგანოვიჩი ყვებოდა, თვალნათლივ გვიჩვენებს სტალინის მიუკერძოებელ, მართალ სახეს და აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილია იმის მიხვედრა, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა ბელადი, რომელსაც თავის ანგარიშზე „ათასობით ტონა ოქრო“ ჰქონდა.
ნიკა ლაშაური

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი