ბელადები

რატომ ლოცულობდნენ სტალინზე მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიის მსახურები

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.06, 2021 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, რა თქმა უნდა, უდიდესი ორგანიზატორი იყო, მილიონიანი მასების დარაზმვის უნიკალური უნარით დაჯილდოებული. მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ საბჭოთა ბელადი ისეთ არნახულ, საოცარ და დაუჯერებელ სვლებს აკეთებდა, რომ მოწინააღმდეგეს გაოცებულს ტოვებდა. ხატოვნად რომ ვთქვათ, სტალინმა მოახერხა და ერთ „კუპეში“ მოათავსა მგელი და ცხვარი, რომლებიც ერთმანეთს კი არ ერჩოდნენ, არამედ საერთო მტრის წინააღმდეგ გააფთრებით იბრძოდნენო. პუბლიცისტი ანდრეი გერასიმოვი წერს: „ძალიან საინტერესოა ადოლფ ჰიტლერის დღიურების ის მონაკვეთი, სადაც ფიურერი სტალინის ღირსებებზე, უნარებზე წერს. ერთ-ერთ მონაკვეთში ვკითხულობთ: „ყველაფერთან ერთად სტალინმა შესძლო ის, რომ ერთ სანგარში აომა ერთმანეთის დაუძინებელი, შეურიგებელი მტრები მუსლიმები და ებრაელები. ხომ წარმოგიდგენიათ, თუ როგორ უნდა შეეძულებინათ მათ (განსაკუთრებით მუსლიმებს, რადგან ებრაელებს ისედაც ვძულდით გერმანელები) ჩვენი თავი, რომ ერთმანეთის სიძულვილი დავიწყებოდათ და საერთო მტრის, ანუ ჩვენს წინააღმდეგ გააფთრებით ეომათ. ეს, უდავოდ, დიდი ღირსებაა საბჭოთა ბელადისა...“

ომის მიწურულს ჰიტლერი ბევრად უფრო ადეკვატური და ზუსტი იყო შეფასებებში. თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით ახერხებდა ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას და ის განსაკუთრებულად სწორ შეფასებებს აძლევდა სტალინს. საბჭოთა ბელადს კი ჯერ კიდევ ომამდე ჰქონდა დაწყებული, ეგრეთ წოდებული, „დიდი დამეგობრების“ კამპანია (ასე მწერალმა კონსტანტინე სიმონოვმა უწოდა). კონსტანტინე სიმონოვი მწერალთა ვიწრო წრეში ყვებოდა: „სტალინი გენიოსი იყო. მას ყველაფერი ზუსტად ესმოდა. სტალინმა დიდი ხნით ადრე იცოდა, რომ ჰიტლერთან შეტაკება მოუწევდა და საამისოდ გულდასმით ემზადებოდა. მას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ ფაშისტების მთავარი იდეოლოგია იყო „მსოფლიოში გერმანელთა რასობრივი უპირატესობის დამკვიდრება“ და რომ ყველა ლაშქრობა, მათ შორის „ლაშქრობა აღმოსავლეთში“ ამისთვის იყო საჭირო. სწორედ, ამ პრინციპით მოქმედებდნენ ფაშისტები, როდესაც ებრაელ და სლავ ბავშვებს ხიშტებზე აგებდნენ. სტალინმა კი ამ მრავალეროვანი, უზარმაზარი სახელმწიფოს მეთაურმა მუსლიმებსა და იუდეველებს, კათოლიკეებს, ბუდისტებსა და მართლმადიდებლებს, პირველ რიგში, ერთიანი სამშობლოს დაცვის იდეა ჩაუნერგა. სქემა მარტივი იყო – თუკი ყველა ერთად არ დავიცავთ ჩვენს საერთო სამშობლოს, მაშინ სასტიკი დამპყრობელი ყველას ერთად გაგვწყვეტსო და ამან სანიმუშოდ იმუშავა. ერთი ტანკის ეკიპაჟში ზოგჯერ თავმოყრილი იყვნენ ებრაელი, მუსლიმი, კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანი. ისინი გააფთრებით იცავდნენ საერთო მიწას და გვერდში ედგნენ ერთმანეთს. აი, ამან მოგვაგებინა ეს სასტიკი, დაუნდობელი ომი...“

სტალინი ომამდე ამზადებდა მომავალ გაერთიანებულ ძალებს, მწერლობაში, თეატრისა და კინემატოგრაფში ისეთი ნაწარმოებები იქმნებოდა, სადაც ებრაელი და მუსლიმი ტკბილად ცხოვრობდნენ და ერთობლივ ოჯახებსაც ქმნიდნენ. არმიასა და ძალოვან სტრუქტურებში კი ერთ განყოფილებასა თუ სამხედრო ნაწილში გვერდიგვერდ მუშაობდნენ ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები, სხვადასხვა რწმენისა და ეროვნების ადამიანები და მათ საერთო მიზანი ჰქონდათ – საბჭოთა სამშობლოს დაცვა... ომი რომ დაიწყო, სტალინის ბრძანებით ციხეებიდან გამოუშვეს რაბინები, მოლები, ბუდისტი ბერები, კათოლიკე და მართლმადიდებელი მღვდლები. მათ დაევალათ თავიანთი მრევლის მორალურად მომზადება, რაც რელიგიის მსახურებმა სანიმუშოდ შეასრულეს. გარდა სამხედრო ძალისა და ინტერნაციონალური შენაერთებისა, ამ მრევლმა ნებაყოფლობით გაიღო მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ძვირფასეულობა, რამაც საერთო ჯამში, მილიარდ-ნახევარი მანეთი შეადგინა და ეს თანხა ფრონტს მოხმარდა. ამგვარად, როგორც ჰიტლერი წერდა – სტალინმა შეუძლებელი შეძლო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ყოველივე ეს ძალდაუტანებლად, ნებაყოფლობით განხორციელდა, რაც მთავარი იყო. სხვათა შორის, ასეულობით სხვადასხვა რელიგიის მსახური გახდა საბჭოთა კავშირის გმირი, ათასობით მათგანს კი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები მიენიჭათ. სხვათა შორის, ომის დამთავრების შემდეგ, მუსლიმთა მსოფლიო საბჭომ სტალინს განსაკუთრებული დამსახურებისთვის „ისლამის დამცველის“ ოქროს მედალი მიანიჭა. ხოლო მსოფლიოს ყველა სინაგოგაში ყველა რაბინი საბჭოთა ბელადის ჯანმრთელობისთვის ლოცულობდა, ისევე, როგორც კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ერთი სიტყვით, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი თავისი ქმედებებით მეორე მსოფლიო ომის უმთავრესი, უპირველესი გმირი გახდა და მასზე მილიონობით ადამიანი ლოცულობდა, მათ სჯეროდათ მისი. თავად სტალინი კი გაცვეთილ კიტელსა და ჩექმებში გამოწყობილი მართავდა უზარმაზარ ქვეყანასა და ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის წინსვლის მეტი არაფერი აინტერესებდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი