ბელადები

რატომ გამოიყენეს იაპონელებმა სტალინური ეკონომიკის მოდელი სათავისოდ

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.06, 2021 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, ვისი სახელიც მანამდე იარსებებს, სანამ დედამიწა იქნება. ისტორიის დოქტორი ვალენტინ უშაკოვი წერს: „რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე აცხადებდა – რუსეთის საზოგადოების დესტალინიზაცია უნდა მოვახდინოთ და ეს იქნება ჩვენი წინსვლისა და გამარჯვებების საწინდარიო... ეს ის მედვედევია, ვისაც სტალინივით მართვა და აბრამოვიჩივით ცხოვრება სურდა. თუმცა, ასეთი რამეების შეთავსება წარმოუდგენელია და რუსეთის ექსპრეზიდენტის სურვილის მთელი აბსურდულობაც, სწორედ, აქ დევს. მედვედევს მაშინ შემთხვევით არ წამოუსროლია ეს ფრაზა. არამედ დასავლელი სპონსორების საამებლად თქვა. საჭირო იყო მსხვილი ინვესტიციების მიღება, რომელიც შემდგომ მედვედევმა და კამპანიამ გაინაწილეს და ძაღლის თავიც, სწორედ, აქ იყო დამარხული. ანუ, რაღას არ კადრულობენ კარგად ჩაცმული რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნები. ახლა კი სერიოზულ ხალხს მოვუსმინოთ. იაპონიის ეკონომიკის ერთ-ერთი „მამა“ საბუარო ოკიტა წერდა: „სტალინი გენიოსი იყო. კონკრეტულად კი მე ვგულისხმობ სტალინისეულ ეკონომიკის განვითარების გეგმურ პრინციპს. სწორედ, ეს დაედო საფუძვლად საბჭოეთის უსწრაფეს და უმძლავრეს ინდუსტრიალიზაციას. შემდგომ კი ამავე პრინციპით, ძალიან მალე დადგა ფეხზე ომისგან მიწასთან გასწორებული ქვეყანა. ეს იყო ძალიან მარტივი, ეფექტური და სამართლიანი მიდგომა. საბჭოეთში იცოდნენ, თუ რამდენი რა სჭირდებოდათ და ამაზე იყვნენ ორიენტირებული, განსხვავებით დასავლეთისგან, სადაც მთავარი პრინციპი მხოლოდ და მხოლოდ დიდი მოგებაა. სტალინურ ეკონომიკაში კონცენტრაცია სახელმწიფოსა და ადამიანზე ხორციელდებოდა. დასავლეთი კი – მხოლოდ და მხოლოდ დიდ შემოსავლებზე. ჩვენ, იაპონელები, 50-იანი წლების დასაწყისში მივხვდით სტალინური „გეგმური ეკონომიკის პრინციპებს“ და ორიენტაციაც მასზე ავიღეთ. აი, სწორედ, ამან მოგვცა უდიდესი ეკონომიკური ეფექტი და დღემდე ამ გზით მივდივართ. საბჭოეთში კი პირიქით მოხდა – გარდაიცვალა თუ არა სტალინი, მთავარი ეკონომიკური პრინციპები მოიშალა და ქვეყანა ძალიან მალე ჩამოიქცა...“

დაუჯერებელია ხომ? და მავანს გიჟის ნაბოდვრადაც მოეჩვენებოდა, ამ სიტყვებს რომ მსოფლიოში სახელგანთქმული ეკონომისტი არ ამბობდეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იაპონურ სასწაულს და ეს სასწაული სტალინურ გეგმურ ეკონომიკაზე იყო დაფუძნებული... 1931 წლის 4 თებერვალს სოციალისტური მრეწველობის პირველ საკავშირო კონფერენციაზე სტალინმა თქვა: „მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს 50-100 წლით ჩამოვრჩებით. ეს ეტაპი ჩვენ 10 წელიწადში უნდა გავიაროთ. ჩვენ ან შევძლებთ ამას, ან გავისრისებით...“ და სტალინმა შეძლო ეს და ამის განხორციელებაში მთავარი იყო ის ახალი და გენიალური პრინციპი, რასაც გეგმური ეკონომიკა ეწოდება. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „როგორც კი ლენინი დავკრძალეთ, ანუ 1924 წელს, სტალინმა კიდევ უფრო გაიმყარა ძალაუფლება და მაშინვე დაიწყო გეგმური ეკონომიკის პრინციპების შემოტანა, თუმცა ჯერ კიდევ ლენინური „ნეპი“ მძვინვარებდა. სტალინმა თავისი იდეა იმ პერიოდისთვის მოწინავე საბჭოთა ეკონომისტებს გაანდო და მათ ერთად დაამუშავეს დეტალები. საგულისხმოა ის, რომ მთელი ეს სამუშაო განსაკუთრებული საიდუმლოების პირობებში მიმდინარეობდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ყველაფერი რომ დროზე ადრე, მოუმზადებლად გამჟღავნებულიყო, მაშინ სტალინს ლენინური პრინციპებიდან გადახვევაში დასდებდნენ ბრალს და მას კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებოდა ბრძოლა. ნიშანდობლივი მომენტია ის, რომ უკვე იმ შორეულ 20-იან წლებში იცოდა სტალინმა, რომ აუცილებლად დიდ ომში მოგვიწევდა ჩაბმა. ამიტომ, ახდენდა რა ეკონომიკის ფორმირებას, სტალინი იყენებდა დუბლიორების პრინციპს. მაგალითად, როდესაც ჩელიაბინსკის სატრაქტორო ქარხანა აშენდა, წარმოება ისე იყო მოწყობილი, რომ საჭიროების შემთხვევაში, სატრაქტორო ქარხანას ტანკების გამოშვება შეძლებოდა. და ასეც მოხდა და სწორედ ამიტომ გადაეწყო სარეკორდოდ უმოკლეს ვადებში საბჭოთა მრეწველობა და ეკონომიკა სამხედრო მიმართულებით. სწორედ, ეს იყო სტალინური ეკონომიკის ერთ-ერთი უნივერსალური მოდელთაგანი, რომელმაც სრულად გაამართლა. ანალოგიური რამ, მხოლოდ პირიქით, მოხდა უკვე მაშინ, როდესაც ომი მოვიგეთ და სამხედრო მრეწველობის დიდი ნაწილი უკვე სამოქალაქო ყაიდაზე გადაეწყო. ერთი სიტყვით, საბჭოთა ეკონომიკის უნივერსალურმა, სტალინურმა მოდელმა დიდი სარგებელი მოუტანა ქვეყანას და გასაკვირი არაა, რომ ჭკვიანმა იაპონელებმა, სწორედ, ამ პრინციპზე ააგეს თავიანთი ეკონომიკა...“

ასეა თუ ისე, სტალინურმა ეკონომიკურმა მოდელმა სრულად გაამართლა ყველა ასპექტში და ის სულ სხვა თემაა, რომ ეს მოდელი ხრუშჩოვმა და მისმა კამპანიამ ჩამოშალეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი