ბელადები

რატომ გააუქმა სტალინმა სიკვდილით დასჯა 1947 წელს

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.10, 2021 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

„იოსებ ბესარიონის ძე სტალინი კაცობრიობის ისტორიაში მანამდე დარჩება, სანამ თვით კაცობრიობა იარსებებს. დავრჩებით ჩვენც და მხოლოდ და მხოლოდ სტალინის დამსახურება იქნება, რადგან ჩვენ სტალინთან ერთად მოგვიხსენიებენ“ – ეს სიტყვები ეკუთვნის უინსტონ ჩერჩილს, რომელიც 1945 წლის თებერვალში წარმოსთქვა ყირიმში, იალტის კონფერენციის დროს და „ჩვენში“ საკუთარი თავის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფრანკლინ დელანო რუზველტს გულისხმობდა. „კაგებეს“ პოლკოვნიკი, მწერალი არსენ მარტიროსიანი: „მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილი სტალინის დაუძინებელი მტერი იყო და ყოველმხრივ ცდილობდა, თავი მასზე მაღლა წარმოეჩინა, დიდი ბრიტანელი პრემიერი „ბრიტანელოლოგი“ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი იყო და არ ეშლებოდა ადამიანების შეფასება. მით უმეტეს, სტალინისა და სწორედ, ამან ათქმევინა მას ეს სიტყვები, თანაც, კონფერენციაზე. მოგვიანებით კი, როდესაც სტალინი უკვე აღარ იყო ცოცხალი და ჩერჩილმა თავისი ცნობილი მემუარების წიგნი გამოაქვეყნა, იქ ასეთი პასაჟებია: „სტალინი რომ არჩევნებში ჩემი მეტოქე ყოფილიყო, სინდისს ვფიცავ, ჩემს კანდიდატურას მოვხსნიდი, სტალინის საარჩევნო შტაბში გადავიდოდი, ბრიტანეთში კარდაკარ ვივლიდი და ყველას მოვუწოდებდი – პრემიერ-მინისტრად სტალინი აირჩიეთ, ხმა მიეცით ამ დიდ ადამიანს-მეთქი. ჩემის ღრმა რწმენით, სწორედ, სტალინისნაირი ლიდერი სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს. ამის თაობაზე მე და პრეზიდენტ რუზველტს არაერთი საუბარი გვქონია და ჩემი ოკეანისგაღმელი კოლეგა ყოველთვის მეთანხმებოდა ამაში“. ჩერჩილის ამ სიტყვებს კომენტარი არ სჭირდება. ამით ყველაფერია ნათქვამი და ყველასა და ყველაფერზე უკეთ წარმოაჩენს სტალინის სიდიადეს...“

უინსტონ ჩერჩილი გენიალური გონების ადამიანი იყო. ამასთანავე, ობიექტური და სტალინზე იმიტომ დაწერა ასე. თუმცა ჩერჩილი ყოველთვის ცდილობდა, სტალინისთვის საკუთარი აზრი მოეხვია თავს, მაგრამ არ გამოსდიოდა. ჩერჩილი ამასაც აღნიშნავს თავის მემუარებში.

ერთი სიტყვით, „გაერთიანებული დასავლეთი“ უკვე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცდილობდა სტალინის წყობიდან გამოყვანას, მის იძულებას, რომ არასწორი ნაბიჯი გადაედგა და შემდგომ ეს ნაბიჯი მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერი გამოუვიდათ. სტალინი არ ცდებოდა. რუსი ჟურნალისტი და მწერალი ნიკოლაი დოლგოპოლოვი: „სტალინს მშვენივრად ჰქონდა გაცნობიერებული დასავლეთის მიერ შემუშავებული „ანტიპიარული“ ტექნოლოგიები და ყოველთვის ცდილობდა, რომ მათ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო და არც წამოგებულა. 1945 წლის მიწურულიდან დასავლეთის პრესა „სრული ბრუნვით“ ამუშავდა და ანტისტალინური, ცილისმწამებლური პუბლიკაციების მთელი ნიაღვარი წამოვიდა. საბჭოთა ბელადს რაში აღარ ადანაშაულებდნენ და პირსისხლიან დიქტატორად ხატავდნენ. სტალინმა კი რა მოიმოქმედა? რა და 1947 წელს სიკვდილის განაჩენი გააუქმა და საბჭოეთში უკვე აღარავის ხვრეტდნენ. მან თავის მოწინააღმდეგე კოლეგებსაც მოუწოდა ანალოგიური ნაბიჯების გადადგმისკენ, თუმცა, სიკვდილით დასჯის განაჩენი არავის გაუუქმებია. სამაგიეროდ, „იყნოსეს“ რა, რომ საბჭოეთში აღარ ხვრეტდნენ, ანგლო-ამერიკელებმა გაააქტიურეს სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობა და ქვეყანა უცხოელი ჯაშუშ-დივერსანტებითა და მათი დამხმარეებით აივსო. მართალია, საბჭოთა ძალოვნები მათ აღმოსაჩენად სანიმუშოდ მუშაობდნენ და თითქმის ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ, მაგრამ სიტუაცია მაინც ძალიან დაძაბული იყო. ამიტომ, 1950 წელს სამი წლის შემდეგ სიკვდილით დასჯა კვლა შემოიღეს. თუმცა, ამჯერად მხოლოდ ჯაშუშ-დივერსანტებს ხვრეტდნენ. კვლავ ამუშავდა დასავლური სიცრუის მანქანა, მაგრამ საბჭოეთს უკვე ატომური იარაღი ჰქონდა. შეერთებული შტატები ვეღარ განახორციელებდა თავის მრავალჯერად მუქარას – ატომურ ბომბარდირებას მოგიწყობთო...“

ზემოაღნიშნული ფაქტები თვალნათლივ აჩვენებს, რომ დასავლეთი ყოველმხრივ ცდილობდა სტალინის პროვოცირებას არაადეკვატურობისკენ, რომ შემდგომ საომარი მიზეზი ჰქონოდათ. თუმცა, ვერ მოახერხეს. საბჭოეთი უკვე ბირთვული სახელმწიფო იყო. ეგრეთ წოდებული, „რკინის ფარდის ჩამოშვება“ ძალიან დიდ ზიანს ვეღარ მიაყენებდა ქვეყანას. ჩერჩილი წერდა: „ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით, როდესაც სტალინთან დიდი შეთანხმების დადებაზე უარი ვთქვით და მას ქვეყანა ჩავაკეტვინეთ. ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად იდეოლოგიური უთანხმოებისა, ღია რუსეთთან თანამშრომლობა ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა. ჩვენ კი ეს ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით.“

მიუხედავად ყველაფრისა, სტალინის გარდაცვალებიდან 40 წელიც კი არ გასულა, რომ დასავლეთმა საბჭოეთი დაშალა და ამ ბრძოლაში გაიმარჯვა. ასე რომ არ მომხდარიყო, მაშინ სახელმწიფოს სათავეში ახალი სტალინი უნდა მოსულიყო, რაც ნამდვილად შეუძლებელი იყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი