ბელადები

რატომ გააძლიერა ბერიამ „ენკავედე“ ტანკებითა და ავიაციით

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 24.07, 2022 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია რომ მოხერხებული და ეშმაკი ადამიანი იყო, ამაში სადავო არაფერია. სწორედ ამ თვისებების გამო და რაც მთავარია, ბუნებრივი ტალანტისა და ერუდიციის წყალობით მოიპოვა ის ადგილი სტალინურ სახელმწიფოში, რომელიც მას ეკავა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის ბიოგრაფიის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა კვლევამ დამარწმუნა, რომ ლავრენტი ბერია იყო, ფაქტობრივად, ის ერთადერთი ადამიანი, ვინც ახერხებდა სტალინთან თავისუფლად ესაუბრა სხვადასხვა საკითზე, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ. აგრეთვე, ბერია იყო ერთადერთი საბჭოთა მაღალჩინოსანი, ვინც ზოგჯერ სტალინთან შეუთანხმებლად მოქმედებდა და მეტიც, ბელადის, მოტყუებას არ ვიტყვი, მაგრამ მისი (სტალინის) ყურადღების მოდუნებასაც კი ახერხებდა. ბერია იმდენად ჭკვიანი კაცი იყო, რომ თავისუფლად შეეძლო ორმაგი, სამმაგი სტანდარტებით მოქმედება და საკუთარი გეგმის სრულად განხორციელება. ბერიას ეს თვისება ყველაზე თვალსაჩინო მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა, როდესაც ის ერთდროულად სტალინის მთავარი მრჩეველიც იყო და მთავარი შემსრულებელიც. ბერიას რჩევებს აუცილებლად მოჰქონდა წარმატება, რადგან ყოველთვის დასაბუთებული და სრული იყო. სტალინი ამის გამოც აფასებდა მას. ბერიას ერთ-ერთი გამორჩეული რჩევა იყო ეროვნული შენაერთის შექმნა საქართველოში, რათა უფრო ეფექტური გამხდარიყო ქართველების ომში მონაწილეობა და ამან ბოლომდე გაამართლა“.

გენერალი ვოლკოგონოვი ბერიას ორმაგ და სამმაგ სტანდარტზე საუბრობს და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველთა შენაერთების (მთელ „წითელ არმიაში“ მხოლოდ ქართულ-ეროვნული შენაერთი არსებობდა და სხვებისა კი – არა) შექმნაც ამ სტანდარტების გამოყენებით მოხდა. გარდა იმისა, რომ ეს შენაერთი სრულიად იყო შენიღბული და უშუალოდ ფრონტის წინა ხაზზე იწრთობოდა, ბერიას ჩანაფიქრით, ომის მერეც ამ სტატუსით უნდა დარჩენილიყო. მართალია, სტალინმა ბერიას გააუქმებინა ქართული შენაერთი, მაგრამ ბერიამ ისე მოახერხა, რომ მას მხოლოდ ფასადი შეუცვალა – მან სახელი გადაარქვა, შემადგენლობა და დანიშნულება კი იგივე დარჩა და მეტიც, უფრო გაძლიერდა შეიარაღებით, რიცხოვნებითა და ქართველი სამხედრო პროფესიონალებით. ეს კი ამ შენაერთს უძლიერესს ხდიდა როგორც „წითელ არმიაში“, ასევე, სხვების მიმართაც.

ანტონ გარმაკოვი (გენერალ-მაიორი): „სასამართლოზე ბერიას წინააღმდეგ წაყენებული მთავარი და ვფიქრობ, სწორი ბრალდება იყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადება ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. ჩემი აზრით, იმიტომ მიეცა ამას ასეთი სერიოზული სახე, რომ ბერიამ „ენკავედეს“ დაუქვემდებარა ჯავშანსატანკო და საავიაციო ნაწილები, რაც ფაქტობრივად, ნონსენსი იყო. თანაც, მსგავს არმიულ შენაერთებთან პროცენტული თანაფარდობა ასე გამოიყურებოდა: „წითელი არმიის“ ავიაცია – 65 პროცენტი, „ენკავედეს“ ავიაცია – 35 პროცენტი, „წითელი არმიის“ ჯავშანსატანკო – 60 პროცენტი, „ენკავედეს“ ჯავშანსატანკო – 40 პროცენტი, ანუ საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო და ამ ორ ძალას შორის შეტაკება მომხდარიყო, ვინ ვის აჯობებდა, წინასწარ ვერ იტყოდი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქმე შეტაკებამდე არ მივიდოდა, რადგან ბერია ამ ამბავს სხვანაირად მოაგვარებდა, თუმცა ვფიქრობ, საშიშროება საკმაოდ დიდი იყო და ეს ბრალდება ბერიას სრულიად სამართლიანად წაუყენეს.“

გენერალი ანტონ გარმაკოვი, სავარაუდოდ, ძალიან აზვიადებს ყველაფერს და თავისი თანამოძმეების, კოლეგების, სამხედროების გამართლება სურს – მათ ხომ (ჟუკოვის ხელმძღვანელობით) ბერიას შეპყრობითა და მკვლელობით ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს. მოყვანილი რიცხვები აბსოლუტური სიმართლეა, მაგრამ საეჭვოა, რომ ბერიას ისინი სახელმწიფო გადატრიალებისთვის უნდოდა. ბერიას გეგმებში რომ მსგავსი ქმედება ყოფილიყო, ბერია ამას ჩუმად და ძალიან ეფექტურად ჩაატარებდა და ხელსაც ვერავინ შეუშლიდა. ასე რომ, გენერალი ცრუობს. უბრალოდ, ბერიას ამ ქმედებას შეიძლება, ის ახსნა მოეძებნოს, რომ მას სურვილი ჰქონდა, „წითელი არმია“ ბევრად უფრო პროფესიონალური და დისციპლინირებული გამხდარიყო, რაც უშიშროების ეგიდით შესანიშნავად მოხერხდებოდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „სისულელეა იმის მტკიცება, რომ ბერია „გადატრიალებას“ აპირებდა. და თანაც სისხლისღვრით. აბსურდია, სისულელეა; ჩვენ არაფერს ვგეგმავდით! ეს რომ გვდომოდა, იუდა ჟუკოვს, ხრუშჩოვსა და დანარჩენ ნაძირლებს ერთბაშად გავანეიტრალებდით თავიანთ სამუშაო ადგილებზე და თითსაც არავინ გაანძრევდა მათ დასახმარებლად. ეს კი ბერიას აზრადაც არ მოსვლია და ამიტომაც შეიპყრეს და მოკლეს. მეც ამ „მარაქაში“ გამიყვანეს და 15 წელი სულ ტყუილად ვიჯექი ციხეში. თუმცა, რა შედარებაა, მე მეტად გამიმართლა, რადგან ცოცხალი დავრჩი, ბერია კი ვერაგულად მოკლეს..“

პავლე სუდოპლატოვი მრავალი საბჭოთა პოლიტიკური საიდუმლოს საქმის კურსში იყო და მასზე უკეთ ვინ იცოდა ის დღემდე ბურუსით მოცული ამბები, რაც ბერიასა და მის გუნდს შეეხებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი