ბელადები

რატომ დააკომპლექტა ბერიამ სტრატეგიული დაზვერვა ქართველებით

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 11.09, 2022 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი და ეშმაკი კაცი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ვერაგულად შეთქმულება მოუწყვეს და ლაჩრულად მოკლეს, ეს ადამიანი მაინც ყველაზე მოხერხებულ და გავლენიან პიროვნებად რჩება სტალინური გუნდიდან.

მწერალი ვადიმ სოკოლოვი: „ფაქტია, რომ ბერიამ ვერ გათვალა თავისი სულთამხუთველების ვერაგობა, მაგრამ მას ეს არც უფიქრია და ჩემი აზრით, ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა. რომ არა ეს, დღესაც ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა, ლავრენტი პავლოვიჩი მწარედ შეცდა. არადა, ეს ადამიანი ხომ წინასწარი გათვლების დიდოსტატი და ხელისუფლების ხელში აღებისა და მართვის ასი იყო.“

ძნელია, არ დაეთანხმო სოკოლოვს. ბერია ისე თამაშობდა, რომ არც ის წვრილმანი უნდა გამოჰპარვოდა, რასაც ეწოდება არარაობა ხრუშჩოვი და შეთქმულთა კომპანია. მართლაც რომ, ბედის ირონია და ისტორიული პარადოქსია იმ კაცის ასეთი კრახი, რომელმაც ისეთი სტრატეგიული დაზვერვა შექმნა, რომელსაც დედამიწაზე დღემდე არ ჰყავს ანალოგი. ამ სამსახურს კი ბერიამ ძალიან ოსტატურად, საქმის ცოდნითა და მართვის ჩვეული მოხერხებულობით ჩაუყარა ფესვები. ჯერ კიდევ 1930 წელს ბერიამ საქართველოში მილიციელთა მომზადება-გადამზადების კურსები გახსნა. ფორმალურად სქემა ასეთი იყო: კურსებზე ორგანოდან სპეციალურად შერჩეულ მუშაკებს აგზავნიდნენ. მისულებს უკვე იქ უნდა გაევლოთ შემოწმება. პრინციპში, ეს ერთი და იგივე იყო. ორივე შემთხვევაში კანდიდატს პირადად ლავრენტი ბერია ამოწმებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ირიცხებოდა კურსებზე. ეს კურსები კი სამწლიანი იყო. იქ მოხვედრილები, მილიციელის ეგიდით, სპეციალურ სადაზვერვო მომზადებას გადიოდნენ. პროგრამა ბერიას მიერ იყო შედგენილი, რა თქმა უნდა, მრავალი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ. მერე კურსდამთავრებული მცირე ხნით მილიციაში იგზავნებოდა სამუშაოდ. მაქსიმუმ, ერთი წლის შემდეგ კი კურსდამთავრებული მილიციელი სხვა სამუშაოზე გადადიოდა. სინამდვილეში კი, ბერიას მითითებით (1938 წლიდან, როდესაც ბერია „ენკავედეს“ საკავშირო შეფი გახდა), ეს უმაღლეს დონეზე მომზადებული ხალხი საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა და სხვადასხვა ქვეყანაში კარიერას იკეთებდა. ეს კი საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის ინტერესებს ემსახურებოდა. თითოეული მათგანი ბერიას ემორჩილებოდა. ისინი არანაირ კარტოთეკაში არ ფიქსირდებოდნენ და მათი მოძრაობისა და მოქმედების შესახებ მხოლოდ ბერია იყო ინფორმირებული.

გენერალი პავლე ფიტინი: „საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი მე ვიყავი. ფორმალურად სტრატეგიული დაზვერვა მე მექვემდებარებოდა, თუმცა, ეს ქვედანაყოფი მხოლოდ და მხოლოდ პირადად ბერიას კონტოლქვეშ იყო. სისტემა ასეთი იყო: ცენტრში კოდირებული აგენტი ინფორმაციასაც კოდირებულად აგზავნიდა. შიფრი მხოლოდ ბერიამ იცოდა და პირადად ახორციელებდა მათ გაშიფვრას. შემდგომ კი მოხსენებას ადგენდა და სტალინს წარუდგენდა. მერე კი უკვე სტალინი წყვეტდა, ვისთვის გაეცნო ეს ინფორმაცია და შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა.

აღსანიშნავია, რომ თავად სტალინმაც კი არ უწყოდა ბერიას პირადი აგენტების ვინაობა. სხვათა შორის, სტალინმა ამ 26 კაცს „ბერიას ქართველი თავადაზნაურობა“ უწოდა. ბელადმა მხოლოდ ის იცოდა, რომ „თავადაზნაურობა“ ეროვნებით ქართველები იყვნენ. ანუ, საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის ბირთვი ქართველებისგან შედგებოდა“.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „1949 წლის დასაწყისი იყო. სტალინთან კაბინეტში ვიჯექი, როცა ბერია შემოვიდა და ბელადს დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან მოსული ატომურ ბომბთან დაკავშირებული ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო. სტალინს მოეწონა ეს ცნობები და შეაქო. შემდგომ კი მოულოდნელად უთხრა:

– ლავრენტი, საქართველო რომ გამოგვეყოს და შენ მისი მეთაური გახდე, დაზვერვის კუთხით, მსოფლიოში უძლიერესი სამსახური გეყოლება.

ბერიამ კი მიუგო:

– ამხანაგო სტალინ, ურუსეთოდ საქართველოს შეუძლია არსებობა, მაგრამ ძალიან გაუჭირდებაო.

მე მაშინ ვერაფერს მივხვდი. მოგვიანებით კი „ქართული თავადაზნაურობის“ ამბავი შევიტყვე და ეს სიტყვები გამახსენდა.“

იმ 26 ადამიანის ვინაობა დღემდე არაა ცნობილი და მათი სახელები ბერიამ საიქიოში წაიღო. თუმცა, შეიძლება, ზოგიერთი მათგანის სახელი გამორიცხვის მეთოდით გავიგოთ, მაგრამ ეს დამამტკიცებელ საბუთად არ გამოდგება. დასავლელი და რუსი ექსპერტ-მკვლევრები კი აცხადებენ, რომ იმ ადამიანების შთამომავლებს დღესდღეობით მნიშვნელოვანი პოსტები უკავიათ მოწინავე ქვეყნების სამხედრო, პოლიტიკურ და ბიზნესელიტაში და ეს მხოლოდ ბერიას დამსახურებაა.

ნიკა ლაშაური

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი