ბელადები

რატომ არ გააჩნდათ დასავლურ სპეცსამსახურებს სტალინზე კომპრომატები

№38

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.09, 2022 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი თითქმის ერთადერთი ბოლშევიკი იყო თავის ჯგუფთან ერთად, ვინც არანაირ გარიგებაზე არ წასულა, ეგრეთ წოდებულ, „რევოლუციის სპონსორებთან“ და იდეა, რითაც მან თავისი არალეგალური მოღვაწეობა დაიწყო, ბოლომდე ღირსეულად გაიტანა... გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ბოლშევიკური პარტიის ისტორია, მისი რევოლუციამდელი, იატაკქვეშა პერიოდი სავსეა საიდუმლოებებით. მავანნი მიიჩნევენ, რომ ლენინი და მისი, ეგრეთ წოდებული, „ემიგრანტული გუნდი“ საზღვარგარეთული ემიგრაციის პერიოდში საკმაოდ კომფორტულად და უზრუნველყოფილად ცხოვრობდნენ იმ დიდი თანხების წყალობით, რომლებსაც ისინი რუსეთიდან იღებდნენ. ამ თანხების 70 პროცენტს კი ემიგრანტებს სტალინი და მისი მებრძოლები აწვდიდნენ, რომლებიც ამ ფულს დიდი რისკის ფასად შოულობდნენ. უკვე არავისთვისაა დამალული ფაქტი, რომ ოქტომბრის რევოლუციის ემიგრანტი ბელადები პეტროგრადში ძალიან უცნაურად ჩავიდნენ. ლენინი და მისი ემიგრანტული ჯგუფი პეტროგრადში პლომბდადებული ვაგონით ჩავიდა. ხოლო ტროცკი კი კანადიდან რუსეთში – გემით. სანამ რუსეთში ჩააღწევდა, ლენინმა მთელი ფრონტის ხაზი გაიარა და ის არავის შეუმოწმებია. ტროცკიმაც თითქმის იგივე გზა გაიარა ოკეანისგაღმიდან რუსეთამდე. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, ლენინის რუსეთში ჩაყვანა გერმანელებმა უზრუნველყვეს და ტყუილად როდი ამბობდნენ, რომ ლენინმა რუსეთის რევოლუცია გერმანული ფულით მოახდინაო. ტროცკი კი ამერიკული კაპიტალის „კაცი“ იყო და რუსეთში მისი ტრანსპორტირება, სწორედ, მათ უზრუნველყვეს“.

ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ლენინი საკმაოდ ღიად აცხადებდა თავისი კოლეგების ვიწრო წრეში: მთავარია, რუსეთში რევოლუცია მოვახდინოთ და ცარიზმი დავამხოთ. ხოლო თუკი ამ საქმეში უცხო სახელმწიფოები დაგვეხმარებიან, მათ შორის მტრებიც, ეგ არაფერიაო. ანუ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ლენინისთვის მთავარი იყო სამეფო დინასტიის განადგურება, რომელმაც მისი ძმა სიკვდილით დასაჯა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას იყენებდა. სრულიად საპირისპირო იყო ტროცკისა და მისი ჯგუფის მიზანი. ისინი ამერიკელი ბანკირების მიერ ფინანსდებოდნენ და მათი მთავარი მიზანი რუსეთის უზარმაზარი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება იყო. უფრო სწორად კი, ამერიკული ფულით ხელისუფლებაში მოსვლა და შემდგომ, რუსეთის განუზომელი სიმდიდრის იმ ამერიკული სპონსორებისთვის გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ დროებითი მთავრობა და ზოგიერთი რევოლუციური პარტიები ლენინს გერმანიის აგენტს უწოდებდნენ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მართალია, ლენინმა ოქტომბრის რევოლუციის მოსაწყობად გერმანული ფული გამოიყენა და გერმანელების დახმარებით დაბრუნდა რუსეთში, მაგრამ ის მაინც თავის გენერალურ ხაზს ახორციელებდა და მიაღწია კიდეც მიზანს. აი, ტროცკი და ტროცკისტები კი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკულ შეკვეთას ასრულებდნენ და მხოლოდ ნაწილობრივ შეძლეს სპონსორების დაკმაყოფილება. ხოლო რუსეთის საბოლოოდ გაყიდვაში კი, მათ, სწორედ, იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა შეუშალა ხელი... გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „იოსებ სტალინმა თავისი ბოლო პატიმრობა, რომელმაც 4 წელი შეადგინა, 1913-1917 წლებში ციმბირში გაატარა. თავდაპირველად ის ენისეის გუბერნიაში, ტურუხანსკის მხარეში იხდიდა სასჯელს და უმკაცრესი ჟანდარმერიული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 1916 წლის დეკემბერში სტალინი ქალაქ აჩინსკში, ყოვლედ გაუსაძლის, უმკაცრეს პირობებში გადაიყვანეს. მან იქ 100 დღე დაჰყო და მხოლოდ იმიტომ არ დაიღუპა, რომ ერთი მხრივ, უმტკიცესი ნებისყოფა ჰქონდა, მეორე მხრივ კი, ადგილობრივები დაეხმარნენ და მესამე – სტალინს 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და ის პეტროგრადში დაბრუნდა. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე: საქმე ისაა, რომ სტალინს 1916 წლის ნოემბრის მიწურულს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვილი ნიკოლსონი ესტუმრა ტურუხანსკში და თანამშრომლობა შესთავაზა. ნიკოლსონი, სწორედ იმ ბანკირის წარმომადგენელი იყო, ვინც ლევ ტროცკი გემით გაგზავნა რუსეთში. ნიკოლსონი სტალინს ჰპირდებოდა, რომ თუკი ის ამერიკელ ბანკირებს შეეკვრებოდა (რაც შემდგომ ტროცკიმ განახორციელა, რადგან ამერიკელებს ტროცკი თადარიგში ჰყავდათ), მაშინ სტალინს უმაღლესი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარებოდნენ. სამაგიეროდ კი, მას ამერიკელები რუსეთის სიმდიდრეებთან უნდა მიეშვა. სტალინმა ნიკოლსონი სასტიკი უარით გაისტუმრა ხატიდან (ქოხიდან). 40 -გრადუსიან ყინვაში გაგდებული ამერიკელი სტალინს დაემუქრა – სულ მალე აქ (ციმბირში) სულს დალევო და წავიდა. სწორედ ამის მერე გადაიყვანეს სტალინი აჩინსკში. იქ კი მას მკვლელი მიუგზავნეს, თუმცა ამასობაში მეფე დაამხვეს და სტალინი პეტროგრადში დაბრუნდა. ერთი სიტყვით, სტალინი ფორმალურადაც კი არ მიეყიდა ამერიკელებს (როგორც ლენინი გერმანელებს), ამიტომ მის წინააღმდეგ არანაირი კომპრომატი არ არსებობდა და იოსებ ბესარიონის ძემ სუფთა ხელებით, ცხელი გულითა და ცივი გონებით ააშენა ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწოდებოდა...“ ნიშანდობლივი, უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ სტალინი იყო ერთადერთი საბჭოთა და რევოლუციური ბელადი, ვისზეც დასავლურ სპეცსამსახურებს მიზერული კომპრომატიც კი არ გააჩნდათ.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი