ბელადები

რატომ არ დატოვა სტალინმა მოსკოვი სამამულო ომის დროს

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.02, 2021 წელი

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ სტალინზე დღემდე იმდენ სხვადასხვა ისტორიას ჰყვებიან, შეუძლებელიც კია სიმართლის გარჩევა. თუმცა, დროთა განმავლობაში ზოგიერთი საბუთის გასაიდუმლება ხორციელდება, რომლებიც ან უარყოფენ, ან ადასტურებენ სტალინზე მოთხრობილ ისტორიებს... პუბლიცისტ-დოკუმენტალისტი აბრაამ კარცევი წერს: „სტალინზე მოთხრობილი ერთ-ერთი მითი ისაა, რომ თითქოს იოსებ ბესარიონის ძე თითქმის ნახევარი ომის განმავლობაში – 1941 წლის 24 ივნისიდან 1943 წლის 24 დეკემბრამდე – კუიბიშევში იმყოფებოდა და იქიდან მართავდა ქვეყანას და რომ თითქოს უმაღლეს მთავარსარდალს არ დაუტოვებია მოსკოვი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ტრიუკი იყო.

ვიაჩესლავ მოლოტოვი ჰყვებოდა: „ვინც ამბობს, რომ სტალინი ტყუოდა, მოსკოვში ვარო და სინამდვილეში კი ის კუიბიშევის ბუნკერში იმალებოდაო, პირწავარდნილი მატყუარაა. სტალინს მთელი ომის განმავლობაში ერთი წუთითაც კი არ დაუტოვებია დედაქალაქი და კუნცევოს ახლო აგარაკზე თუ გაემგზავრებოდა ხოლმე. ისიც მაშინ, როდესაც ფრონტებზე შედარებით სიმშვიდე იყო, ხოლო თავად სტალინს ტიტანური, არაადამიანური სამუშაო დღეების შემდგომ 6-8-საათიანი დასვენება სჭირდებოდა. ასეთი რამ კი თვეში, მაქსიმუმ, სამჯერ თუ ხდებოდა. ახლა რაც შეეხება საევაკუაციო საქმეებს: ჯერ კიდევ 1941 წლის 24 ივნისს, ანუ ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება „ევაკუაციის საბჭოს“ შექმნის შესახებ. ძირითადად, ეს ეხებოდა მსხვილი ქარხნებისა და სამუშაო პერსონალის ურალში ევაკუაციას. აქვე იყო აღნიშნული, რომ უსაფრთხოების მიზნით საბჭოთა მთავრობა და მათ შორის სტალინიც ქალაქ კუიბიშევში უნდა გადასულიყო. საამისოდ რეკორდულად მოკლე დროში აშენდა სპეციალური ბუნკერი. და მართლაც, შემოდგომისთვის იქ გადავიდა სამინისტროთა უმეტესობა, აგრეთვე, 21 უცხოური მისია. მოსკოვში კი რჩებოდნენ თავად სტალინი, თავდაცვის საბჭო და „ენკავედეს“ ნაწილი. ოქტომბრის თვისთვის სამხედრო მდგომარეობა ფრონტებზე, განსაკუთრებით დასავლეთის მიმართულებაზე, უკიდურესად მძიმე იყო. ქალაქი ქალაქზე ეცემოდა და მტერი დედაქალაქს მიადგა. 10 ოქტომბერს უკვე დაიწყო მზადება, რომ სტალინი კუიბიშევში გამგზავრებულიყო და რომ იტყვიან მას „დაქოქილი“ ტრანსპორტი (ორი დაჯავშნული ეშელონი) ელოდა, თუმცა უმაღლესი მთავარსარდალი გამგზავრებას არ ჩქარობდა და ყოველდღიურ სამუშაო შეხვედრებს კრემლში ატარებდა. დედაქალაქის სხვადასხვა უწყებების ევაკუაცია კი გრძელდებოდა. ხალხში ხმა დაირხა – სტალინი მოსკოვში არააო და ამან პანიკა გამოიწვია. 20 ოქტომბერს სტალინს მოახსენეს, რომ 24-ში აუცილებელი იყო კუიბიშევში გამგზავრება და რომ კუნცევოს აგარაკი და კრემლი დანაღმეს, რათა მტრის შემოსვლის შემთხვევაში აეფეთქებინათ.
– ესე იგი, ჩვენ, ფაქტობრივად, დენთის კასრზე ვსხედვართ, ამხანაგო ბერია, – ირონიით უთხრა სტალინმა ბერიას, რომელმაც მას დამალვისა და ევაკუაციის შესახებ მოახსენა.
ორი დღის შემდეგ იაპონიიდან რამდენიმე სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ გამოგზავნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონია საბჭოეთზე თავდასხმას წლის ბოლომდე არ აპირებდა. 24 ოქტომბერს თავდაცვის საბჭოს სხდომაზე სტალინმა ბერიას მიმართა:
– დღესვე განაღმეთ კრემლი და კუნცევოს აგარაკი. დაუყოვნებლივ! – შემდეგ კი ჟუკოვს მიუბრუნდა:
– შორეული აღმოსავლეთიდან ციმბირული დივიზიები გადმოისროლეთ მოსკოვის დასაცავად. ორ დღეში ყველაფერი მზად უნდა იყოს.
არც ბერიას და არც ჟუკოვს სტალინისთვის სიტყვა არ შეუბრუნებიათ და განკარგულებები სასწრაფოდ შესრულდა. სტალინი მოსკოვიდან არ გასულა. მოსკოვთან გადმოსროლილ ციმბირულ დივიზიებს კი მონღოლეთის არმიის ნაწილებიც დაემატნენ და ფაშისტები ჯერ მოსკოვის მისადგომებთან შეაჩერეს, შემდგომ კი კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მათ კუდით ქვა ასროლინეს. სტალინის ნებამ, მისმა ფოლადისებურმა სიმტკიცემ ამჯერადაც გაჭრა და არც დედაქალაქი ჩააბარა მტერს, ფაშისტებს კი უდიდესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური დარტყმა მიაყენა...“
რაც უფრო მეტი დრო გვაშორებს იმ საშინელ 1941 წელთან, მით უფრო აშკარა ხდება, რომ მაშინ მოსკოვის დატოვება კატასტროფის ტოლფასი იყო და რომ ეს ჰიტლერულ გერმანიას ომში გამარჯვებას მოუტანდა. ჟუკოვი წერდა: „1812 წელს მოსკოვი დაეცა, მაგრამ ნაპოლეონი მაინც დავამარცხეთ. ხოლო 1941-ში რომ დედაქალაქი დაგვეტოვებინა, მაშინ ომსაც წავაგებდით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფაშისტებს უდიდესი სტრატეგიული უპირატესობა ჰქონდათ და მათ ვერ შევაჩერებდით. თანაც, ჩვენი მეომრები დემორალიზებულები იქნებოდნენ. სტალინის სწორმა ნაბიჯმა კი არმიის საბრძოლო სულისკვეთება გააათმაგა და დიდი წარმატება მოვიპოვეთ. ამაში კი უდიდესი წვლილი შეიტანა სტალინის გონივრულმა და მტკიცე გადაწყვეტილებამ. ყველამ დაინახა, რომ უმაღლესი მთავარსარდალი მზად იყო, უყოყმანოდ გაეწირა სიცოცხლე და თავადაც ასე მოიქცნენ. ერთი სიტყვით, სტალინი მაგალითის მომცემი იყო თითოეული ჩვენგანისთვის და ის ჩვენს ზურგს კი არ ეფარებოდა, არამედ ჩვენს გვერდით იდგა ბრძოლის წინა ხაზზე...“
ამ ისტორიაში მარშალ ჟუკოვზე სანდო წყაროს მოძებნა, ალბათ, შეუძლებელია და მისი მონათხრობი თვალნათლივ აბათილებს ყველა ანტისტალინურ ინსინუაციას“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი