ბელადები

რატომ აკრძალა ლავრენტი ბერიამ სტეპან ბანდერას ლიკვიდაცია

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 08.05, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია გარდა იმისა, რომ სანიმუშო ორგანიზატორი იყო, მას შესაშური პოლიტიკური ყნოსვა ჰქონდა და სწორედ ამიტომ განახორციელა მან უშიშროების ორგანოების უნიკალური პოლიტიზაცია.

როი მედვედევი (ისტორიის პროფესორი): „ტოტალიტარულ ქვეყნებში რომ უშიშროების სამსახური ყოვლად უკანონოდაა სრულად პოლიტიზებული, არავისთვის არაა საიდუმლო. სწორედ ამიტომ უწოდეს მას პოლიტიკური პოლიცია. საბჭოთა კავშირში კი ამ ყოველივემ აბსოლუტური ხასიათი მიიღო და სტალინმა იცოდა, რასაც აკეთებდა, როდესაც ამ უწყების ხელმძღვანელად ლავრენტი ბერიას ნიშნავდა. ბერიამ შესანიშნავად განსაზღვრა, თუ რა მიმართულებით უნდა წაეყვანა ეს სამსახური და როგორ ემართა ის, რომ დასახული მიზნები განხორციელებულიყო. დასახულ მიზანთაგან მთავარი საბჭოთა წესწყობილების მთელ მსოფლიოზე გავრცელება იყო და მართალია, ეს სრულად ვერ მოხერხდა, მაგრამ სწორედ საბჭოთა კავშირი გახდა ყველაზე დიდი, ეგრეთ წოდებული, იდეოლოგიზირებული სახელმწიფო, რომელიც მთელ მსოფლიოს საკუთარი წეს-წყობილებასა და თამაშის წესებს ახვევდა. ამ საქმეში ლომის წილი კი ბერიას მიუძღვის. ნამდვილად არ არის იოლი, რომ ნახევარი მსოფლიო მოიმხრო და ნებსით თუ უნებლიეთ, სოციალიზმის დროშის ქვეშ დააყენო, რაც ბოლოს ტოტალური ბლეფი აღმოჩნდა.“

პრინციპში, საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა საკმაოდ გამართულად მუშაობდა უკვე მეოცე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისიდან. ანუ მაშინ, როცა ლენინი, მართალია, პარალიზებული, მაგრამ ცოცხალი იყო, რა თქმა უნდა, ლენინს ამ იდეოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღოდა და ქვეყნის ამ მიმართულებით სვლა მისი თეზისების საფუძველზე ხორციელდებოდა. თუმცა მასში მნიშვნელოვანი შესწორებები სტალინმა შეიტანა და ლენინური იდეოლოგია ახალ რელსებზე გადაიყვანა. ეს ახალი რელსები, ძირითადად, ტოტალური ინდუსტრიალიზაცია იყო, რათა, ერთი მხრივ, სახელმწიფო გაძლიერებულიყო. მეორე მხრივ კი, ხალხს სოციალისტური იდეოლოგიის უნივერსალურობა ერწმუნა. ამ საქმეში კი მთავარი ხელის შემშლელი უკრაინა იყო და მიუხედავად უკრაინის სოვეტიზაციისა, ამ დაუმორჩილებელი რესპუბლიკიდან მედგარი და კვალიფიციური წინააღმდეგობა მოდიოდა. ასეთი რამ კი საბჭოთა მთავრობას ნამდვილად არ აძლევდა ხელს.

როი მედვედევი: „უკრაინა, რომ იტყვიან, ყოველთვის „ყელში გაჩხერილი ძვალი“ იყო. ჯერ რუსეთის იმპერიისთვის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირისთვის. უკრაინელები ყოველთვის დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვოდნენ. მათ წიაღში მუდმივად მოქმედებდა რამდენიმე საიდუმლო ორგანიზაცია, რომლებსაც საკმაოდ დიდი საბრძოლო რესურსი ჰქონდა, ხალხის დასარაზმად და გასამარჯვებლად. მათ ყოველთვის ძლიერი, პატრიოტი და მტერთან დაუნდობელი მებრძოლი ლიდერები მეთაურობდნენ. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ლიდერი სტეპან ბანდერა იყო, ის უკრაინელ ნაციონალისტებს ედგა სათავეში და ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. მიუხედავად „ენკავედეს“ მცდელობებისა, ბანდერას მოხელთება ვერ ხერხდებოდა და უშიშროების უწყების მესვეურები საგონებელში ჩავარდნენ, თუმცა რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, როდესაც ამ უწყებას სათავეში ლავრენტი ბერია ჩაუდგა...“

ბერიამ, კარგად ერკვეოდა რა, პოლიტიკურ „თამაშებში“, როგორც კი „ენკავედეს“ უფროსი გახდა, ამ ტიპის ორგანიზაციებსა და მათი ლიდერების წინააღმდეგ სრულიად ახალი ტაქტიკა შეიმუშავა. ბერიამ ამ ორგანიზაციების ლიდერების ლიკვიდაციას, მათი საქმიანობის ღრმა კონტროლი ამჯობინა. ამაში კი მან თავად სტალინი დაარწმუნა და საქმემაც უფრო წინ წაიწია.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ჩვენი ტაქტიკა იყო ნაციონალისტი ლიდერების ლიკვიდაცია, მაგრამ ბერიამ ეს აკრძალა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, გამონაკლისად დაუშვა. აკრძალვის მთავარი მოტივი კი ის იყო, რომ ასეთი ლიდერები „ხელისგულზე“ გვყოლოდა და ზედმიწევნით გაგვეკონტროლებინა. თანაც, მათგან ყოველთვის შეიძლებოდა მტრის ხატის წინ წამოწევა. არადა, 1938 წლის 23 მაისს როტერდამში ევგენი კანავალეცის ლიკვიდაცია წარმატებით შესრულდა. კიდევ რამდენიმე მსგავსი აქცია გვქონდა მომზადებული, მათ შორის სტეპან ბანდერასი, მაგრამ ბერიამ ეს არ გაგვაკეთებინა.“

სუდოპლატოვი ერთგვარი სინანულით აღნიშნავდა, რომ ბანდერას ლიკვიდაცია აუკრძალეს. თუმცა ბერიამ კარგად უწყოდა თავისი საქმე და სწორიც აღმოჩნდა. ომამდე, ომის დროს და ომის მერე, ბანდერა ნომერ პირველი მტრის ხატი იყო და სწორედ მასთან ბრძოლის საბაბით ხორციელდებოდა ყველა ის დამსჯელი ოპერაცია, რასაც „ენკავედე“ და „წითელი არმია“ უკრაინელების წინააღმდეგ ახორციელებდა. შემდგომში ბერიას ეს სქემა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმაც ძალიან ეფექტურად გამოიყენეს. ის დღესაც გამოიყენება და მისი შემოქმედის სახელია ლავრენტი ბერია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი