ბელადები

რატომ აიყვანა ბერიამ თავის არაოფიციალურ კონსულტანტად ტიბეტში ნასწავლი ქართველი

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 22.05, 2022 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია დღემდე მიიჩნევა საბჭოთა სპეცსამსახურების ყველაზე ძლიერ ხელმძღვანელად და აქედან გამომდინარე, კაცობრიობის ისტორიაში უძლიერესი საიდმულო სპეცსამსახურის შემქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ბერიას საქმიანობის მრავალი მხარე საჯარო გახდა, მათ შორის საბჭოთა სპეცსამსახურებში მოღვაწეობაც, ჯერ კიდევ მრავალი საქმეა ტაბუდადებული. მათ შორის ჯერ კიდევ ძალიან მცირე ინფორმაციაა საჯარო, ეგრეთ წოდებული, ოკულტური განყოფილებისა, რომელიც საბჭოთა უშიშროებაში პირადად ბერიას მითითებით ჩამოყალიბდა.

ბორის სოკოლოვი (მწერალი): „ოკულტიზმის თემა სპეცსამსახურებში „ახალი ხილი“ არაა. ჯერ კიდევ ძველ რომსა და ეგვიპტეში იყო ის აქტუალური. საბჭოთა კავშირშიც იყვნენ ამით დაინტერესებულები და „ჩეკაში“ ფელიქს ძერჟინსკისაც ჰქონდა მცდელობა, რომ ოკულტიზმი თავის უწყების სამსახურში ჩაეყენებინა. თუმცა, სერიოზული ბიძგი ამას ლავრენტი ბერიამ მისცა და ამ საქმეს მისთვის ჩვეული საფუძვლიანობითა და პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი. ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო და არც ომის დროს შეწყვეტილა. ომის შემდეგ კი სრული დატვირთვით ამუშავდა და მნიშვნელოვანი წარმატებებიც ჰქონდა. ბერია ოკულტიზმს უყურებდა, როგორც ადამიანებზე ზემოქმედების საშუალებას და დარწმუნებული იყო, რომ მას დიდი წარმატებით გამოიყენებდა დაზვერვაში. ეს ასეც მოხდა და სამუშაო დიდი წარმატებით დაიწყო. სანამ ბერია ცოცხალი იყო, ეს მხარე ვითარდებოდა. თუმცა, როგორც კი ბერია მოკლეს, თითქოს ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით, საბჭოთა უშიშროებაში ეს განყოფილება გაუქმდა და მისი თანამშრომლები კი სხვადასხვა განყოფილებებში გადაანაწილეს. რამდენიმე მათგანი კი საზღვარგარეთაც კი აღმოჩნდა.“

ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ საქართველოს „ჩეკას“ უფროსობისას ლავრენტი ბერიას ვინმე ვახტანგ გოგლიძე „მიჰგვარეს“. ის 50 წლის კაცი იყო და „ჩეკას“ საეჭვო ადამიანად მოეჩვენა. გოგლიძე ყოველ დილით ფეხით ადიოდა მთაწმინდაზე და იქიდან ფეხით გადადიოდა ვაკეში (დღევანდელ კუს ტბაზე). შემდგომ კლდის ციცაბოზე ჯდებოდა და მედიტაციას იწყებდა. ერთი სიტყვით, აღმოჩნდა, რომ გოგლიძეს 20 წელი ტიბეტში ჰქონდა გატარებული იქაურ ბერებთან, სადაც გარკვეული დონის ცოდნა მიიღო. როგორც შემდგომ გოგლიძემ ბერიას უთხრა. მან, თურმე, „ჩეკისტების“ ყურადღება საგანგებოდ მიიპყრო, რათა ბერიას შეხვედროდა და ეს შეხვედრაც შედგა. სწორედ გოგლიძემ (არ აგერიოთ გენერალ სერგო გოგლიძესთან, ბერიას მოადგილესთან) ურჩია ბერიას „ჩეკას“ ოკულტიზმით აღჭურვა და ეს ადამიანი ბერიამ თავის არაოფიციალურ მრჩევლად დანიშნა, ყოველთვის გვერდით ჰყავდა და მისგან კონსულტაციებსაც იღებდა. თუმცა, 1951 წელს გოგლიძე უკვალოდ გაქრა და მასზე არანაირი ინფორმაცია არ იძებნება.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ეგრეთ წოდებული, ოკულტური განყოფილება იმაზე მეტად იყო გასაიდუმლოებული, ვიდრე სხვა განყოფილებები. ზოგადად რომ ვთქვათ, იქ მომზადებულ თანამშრომლებს ჰიპნოზის ძლიერი უნარი, მეტად განვითარებული ინტუიცია ჰქონდათ და უმაღლეს ინტელექტუალურ საფეხურზე იმყოფებოდნენ. ხაზგასასმელია ის, რომ ასეთი 42 თანაშმრომელი იყო. მათ კი ისეთი პიროვნებები ამზადებდნენ, ვისაც, როგორც თავად აცხადებდნენ, სულიერი საფეხურები ტიბეტსა და ინდოეთში ჰქონდათ გავლილი. ნიშანდობლივია ისიც, რომ ძალიან მრავალფეროვანი, მდიდარი მასალა გვქონდა ხელში ჩაგდებული „ესესის“ არქივებიდან, რომლებიც „ანანერბეს“ საქმიანობაზე მოგვითხრობდნენ. ეს იყო ფაშისტების ოკულტური დაწესებულება და ამ კუთხით მათ საკმაოდ დიდი წინსვლა ჰქონდათ. მოგვიანებით, როდესაც მე თხუთმეტწლიანი პატიმრობა სრულად მოვიხადე და გავთავისუფლდი, ჩემმა ძველმა კოლეგებმა საიდუმლოდ მითხრეს – ეს განყოფილება (ოკულტური) ისე სწრაფად და უკვალოდ გააუქმეს და თანამშრომლები კი თვალთახედვის არეალიდან მოაშორეს, რომ აშკარაა, ეს ვიღაცის უხილავი, მაგრამ ძალიან გავლენიანი ხელით განხორციელდაო. უფრო მოგვიანებით კი, 70-80-იანი წლების მიჯნაზე გავიგე, რომ ამ განყოფილების გამგებლობაში არსებული საბუთებისა და არქივის დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდა და ნაწილი კი – ისრაელში. ხოლო თუ როგორ და ვის მიერ, არ ვიცი...“

არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი ვოლფგანგ მესინგი ბერიამ უშიშროების კონსულტანტადაც გაამწესა და ის მზვერავების მომზადებაში მონაწილეობდა. საბჭოთა ოკულტიზმის ბერიასეული „პირმშოს“ ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული და როდის იხილავს დღის სინათლეს, ან იხილავს თუ არა, რთული სათქმელია...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი