ბელადები

რას კურირებდა ბერია საბჭოთა კავშირ-იაპონიის ომის დროს

№38

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 03.10, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვინც იოსებ სტალინის ზესაიდუმლო დავალებებს პირნათლად ასრულებდა. ბერიას, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, უფლება ჰქონდა, რომ დავალების შესრულებისას სტალინური გეგმიდან გადაეხვია კიდეც, თუკი ამას საჭიროდ მიიჩნევდა. ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო სტალინის სხვა ხელქვეითებისთვის და თუმცა ისინი, თავიანთი ინტელექტიდან გამომდინარე, ვერც შეძლებდნენ ამას. თვით მარშალი ჟუკოვიც კი ვერ ბედავდა სტალინთან შეუთანხმებლად ინიციატივის გამოჩენას და ეს მხოლოდ ბერიას ძალუძდა. ისტორიის დოქტორი მარიანა სამოლენკო წერს: „სტალინი გენიოსი იყო. კადრების შერჩევა არ ეშლებოდა. ბერიაში მან თავისი გრანდიოზული გეგმების განმახორციელებელი დაინახა და სწორედ, ამიტომაც გადაიყვანა მოსკოვში. ეს კი იმ დროს მოხდა, როდესაც საბჭოთა კავშირში ურთულესი პერიოდი იდგა და სტალინს უდიდეს, უზადო შემსრულებლებთან ერთად ერთგული „თვალი და ყური“ სჭირდებოდა. ეს ყველა ფუნქცია კი ბერიას დაევალა და მანაც წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას“. პროფესორი როი მედვედევი: „მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ყველაში ეჭვი ეპარებოდა, შეიძლება ითქვას, ბერიას თითქმის ბოლომდე ენდობოდა. სწორედ, ამიტომ ავალებდა სტალინი ბერიას ყველაზე რთული ამოცანების გადაჭრას, და ბერიაც ნიჭიერად და გულმოდგინებით უდგებოდა და ყველაფერს მაღალ დონეზე ასრულებდა. ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო დავალება იყო იაპონიის ოპერაციის კურატორობა, რასაც ბერიამ დიდი წარმატებით გაართვა თავი.

ეგრეთ წოდებული, იაპონიის ოპერაცია საბჭოთა კავშირ-იაპონიის ომს ნიშნავდა, რომელიც 1945 წლის 9 აგვისტოს დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდა. სტალინმა ბერია ამ კამპანიის საიდუმლო კურატორად დანიშნა და რამდენიმე ადამიანის გარდა, ამის შესახებ არავინ იცოდა.

ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია: „მამას მონათხრობს პირველ პირში გადმოგცემთ: „1 აგვისტოს სტალინმა დამიძახა და მითხრა:

– ცხრაში იაპონიას უნდა დავცხოთ და შენ ამ კამპანიის საიდუმლო კურატორად გნიშნავ.

ცოტა არ იყოს, გამაკვირვა სტალინის სიტყვებმა და შევბედე:

– ამხანაგო სტალინ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერ მივხვდი ჩემს ფუნქციებს.

სტალინს გაეცინა და ალმაცერად შემომხედა, ჩიბუხი გააბოლა და მითხრა:

– ლავრენტი, ეშმაკი უფრო ვერ მიხვდება რამეს, ვიდრე შენ. უბრალოდ, ზედმეტი დასტური გინდა ჩემგან და გეტყვი – ეს გმირი მთავარსარდლები გააკონტროლე, რომ იაპონია ისევე არ გაძარცვონ, როგორც გერმანია და მორიგი სირცხვილი არ გვაჭამონ. ერთი სიტყვით, თვალ-ყურის დევნებასთან ერთად შენ იქიდან ის სიმდიდრე უნდა წამოიღო, რაც იაპონელებმა ამ ორმოცი წლის წინ მოჰპარეს რუსებს. და ამასთან, უნდა გამოაყოლო ყველა საიდუმლო დოკუმენტაცია ყველა სფეროში. გასაგებია?

– გასაგებია, ამხანაგო სტალინ! – ვუპასუხე მე.

– ლავრენტი, შენი შტაბი ყინულმჭრელ „ვალერი ჩკალოვზე“ იქნება. მისი მეთაური პავლე ასათიანია და აბა, შენ იცი.

პავლე ასათიანი სტალინის კაბინეტში გავიცანი და მეორე დღეს ჩემს ერთგულ „ჩეკისტთა“ ჯგუფთან ერთად იაპონიის ნაპირებისკენ გავცურეთ. 7-ში ღუზა ჩავუშვით წყნარი ოკეანის ერთ-ერთ ბუხტაში და საქმეს შევუდექით“.

ბერიას ძალისხმევით, იაპონიიდან „ჩეკისტებმა“ 2 ტონა ოქრო წამოიღეს, რომელსაც იაპონელები რუსეთ-იაპონიის ომის დროს დაეუფლნენ. ასევე, ჩამოიტანეს სადაზვერვო და ტექნიკური დოკუმენტაციები, რომლებიც უაღრესად გასაიდუმლოებული იყო. ბერიას ძალისხმევით, იაპონიის კამპანიაში მონაწილე საბჭოთა მხედართმთავრებმა იქიდან ერთი გრამი ძვირფასეულობაც კი ვერ წამოიღეს.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „რაც უნდა ჩირქი მოსცხონ ბერიას და ადიდონ და ზეცაში აიყვანონ საბჭოთა „გამარჯვების მარშლები და გენერლები“, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ბერია უპატიოსნესი ადამიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი შანსი ჰქონდა, ერთი ნემსიც კი არ მოუპარავს. სამაგიეროდ, ჟუკოვმა და კამპანიამ გემოზე იმოროდიორეს და გერმანია „გაფცქვნეს“. თუმცა, ბერიას დიდი ძალისხმევით, სტალინმა მათ ნაძარცვის 80 პროცენტი დააბრუნებინა. თუმცა ის 20 დარჩენილი პროცენტი იმდენი იყო, რომ მათ მეათე თაობასაც კი ეყოფა. სავარაუდოდ, სწორედ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ სამხედროებმა, ჟუკოვის ხელმძღვანელობით, მხარი დაუჭირეს გადატრიალება-შეთქმულებას და ბერია ვერაგულად მოკლეს.“

მოდი, შევხედოთ სიმართლეს თვალებში და ვთქვათ: ბერიას შთამომავლებს, რომელიც ყველა ცოდვაში იყო დადანაშაულებული, სტანდარტული ბინების გარდა არანაირი ქონება არ დარჩათ. ხოლო „კრისტალურად წმინდა“ შეთქმულების ნაშიერთა და მათ მრავალრიცხოვან საყვარლებს კი უამრავი ფეშენებელური აგარაკები და ბინები, ანტიკვარული ავეჯი და მორთულ-მოკაზმულობა ერგოთ. ჩნდება ლოგიკური კითხვა: სინამდვილეში ვინ იყო ხალხის მტერი – ბერია თუ მისი გამანადგურებლები? პასუხი მარტივია – ბერიას დაუძინებელი მტრები, რომლებმაც არა მარტო სიცოცხლეს გამოასალმეს, არამედ სახელის გატეხვაზეც ბევრი იმუშავეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი