ბელადები

რა უნიკალური ოპერაცია ჩაატარა ახლად დანიშნულმა „ჩეკას“ უფროსმა 28 წლის ბერიამ

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.04, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას საქმეებზე უამრავი პუბლიკაციაა დაწერილი. ფართო მასები მას დაუნდობელ ჯალათად და შეუცვლელ ორგანიზატორად იცნობს. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ, ბერია იყო ის ადამიანი, ვინც კარგად ორგანიზებულ საერთაშორისო ნარკომაფიას აღუდგა წინ და ამ საქმეში უდიდეს წარმატებას მიაღწია... 

სპეცსამსახურების ექსპერტი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლკოვნიკი ეგორ საზონოვსკი წერს: „როგორც მაფიის ისტორიიდანაა ცნობილი, მაფიამ ნარკობიზნესი მეოცე საუკუნის ოცი-ოცდაათიანი წლების მიჯნაზე დაიწყო, რომელიც სულ მალე მთელ მსოფლიოს მოედო და საერთაშორისო დანაშაულებრივმა სინდიკატებმა ძალიან დიდი ფულის შოვნას მიჰყვეს ხელი. ამ ისტორიიდანვე ვიგებთ, რომ მაფიოზმა ნარკომოვაჭრეებმა მხოლოდ საბჭოეთში ვერ მოიკიდეს ფეხი, არა და, სწორედ, ეს ტერიტორია იყო უდიდესი ბაზარი, სადაც ისინი ზღაპრულ თანხებს იშოვიდნენ. ამაში კი მათ ხელი ლავრენტი ბერიამ შეუშალა. სხვათა შორის, საერთაშორისო ნარკომაფია ბერიას ლიკვიდაციასაც გეგმავდა, მაგრამ რომ იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, თუმცა, ამ მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ.

საბჭოთა „კაგებეს“ ღვაწლმოსილი მუშაკი, გენერალ-მაიორი სევა კოტოვი 1989 წელს იხსენებდა: „ბერია რთული პიროვნება იყო, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ – სამართლიანი. მის გვერდით 10 წელი ვიმუშავე და აღვნიშნავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასთან მუშაობა იოლი არ იყო, ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. 1927 წელს ლავრენტი პავლოვიჩი საქართველოს „ჩეკას“ უფროსი გახდა. ის 27 წლის იყო, თუმცა საკმარისზე მეტად გამოცდილი და რაც მთავარია, პროგრესული იდეებით სავსე. ბერია, იმ ურთულესი წლებიდან გამომდინარე, სიტუაციების შესაბამისად მოქმედებდა.

მან შეიმუშავა ტოტალური კონტროლის უნიკალური სქემა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა („ჩეკამ“) იცოდა, თუ რას ლაპარაკობდა და როგორ მოქმედებდა არა მარტო საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქე, არამედ თითოეული ჩამოსული სტუმარი.

თუმცა, ასევე ხაზგასმითა და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ცოდნას თითქმის არასოდეს ვიყენებდით ბოროტად. ბერია სასტიკად კრძალავდა ამ გზით მიღებული ინფორმაციის გამჟღავნებას ან ზემოქმედებას „ობიექტზე“, თუკი ის ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში არ იყო ჩართული. თვით აგენტების გადაბირების პროცესშიც კი ვცდილობდით, ეს მეთოდი უკუგვეგდო... სწორედ, ამ ტოტალური ინფორმირებულობის შედეგად გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ საქართველოში ტრანზიტული ნარკოგადაზიდვები ხორციელდებოდა – აზიიდან ევროპაში. ანუ ავღანური ოპიუმი საქართველოს გავლით იტოტებოდა და თურქეთსა და რუსეთში მიდიოდა. იქიდან კი თავდაპირველად მხოლოდ ევროპულ ბაზარზე გადიოდა. შემდგომ კი გადაწყდა, რომ ნარკობაზარი საბჭოეთშიც დაეარსებინათ, თუმცა ეს არ მოხერხდა“.

ლავრენტი ბერია ერუდირებული ადამიანი იყო. რაც მთავარია, მას კომბინაციური აზროვნება ჰქონდა და ურთულესი ოპერაციების ჩახლართვასთან ერთად განჭვრეტის უნიკალური უნარით გამოირჩეოდა. ამიტომ, როდესაც ბერიას მოახსენეს, რომ ავღანეთიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 150 კილოგრამი ოპიუმი შემოვიდა და ჰკითხეს როგორ მოქცეულიყვნენ, ბერიამ ოპერმუშაკებს უბრძანა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეთვალთვალათ მათზე და თუკი ისინი საზღვარგარეთ გავიდოდნენ, ყურადღება არ მოედუნებინათ – თვალთვალი ისევ გაეგრძელებინათ.

ბერიამ იცოდა, რომ საერთაშორისო მაფია ნარკოვაჭრობაზე იყო გადასული და ოპიუმის გასაღებით ძალიან დიდ თანხებს შოულობდა. ბერიას არც იმის მიხვედრა გასჭირვებია, რომ მაფიოზები საბჭოთა ბაზრის დაკავებასაც განიხილავდნენ. ბერიამ დასაწყისისთვის ნარკოტრანზიტის მარშრუტის დადგენა განიზრახა და ამიტომ გააფრთხილა თანამშრომლები, რომ მაფიოზებისთვის ხელი არ ეხლოთ. შემდგომ კი ბერიამ სპეციალური ღონისძიებები შეიმუშავა და ისეთი სანიმუშო ოპერაცია ჩაატარა, რომ ყველანი სახტად დარჩნენ.

1927 წლის ნოემბრის ბოლოს ქართველმა „ჩეკისტებმა“ უკვე ზუსტად იცოდნენ ნარკოტიკის მარშრუტი და მასზე მოძრავი მაფიოზებისა და მათი ხელქვეითების ვინაობა. სულ 49 ადამიანი გამოვლინდა. ამიტომ 4 დეკემბერს თბილისსა და ბაქოში ყველა ნარკომაფიოზი დააკავეს და მათ 510 კილოგრამი ოპიუმი ჩაამოართვეს. ყველა დაკავებულს თბილისში მოუყარეს თავი და მთაწმინდაზე, საქართველოს „ჩეკას“ შენობაში არსებულ ციხეში გამოამწყვდიეს.

ოპერაციას, რა თქმა უნდა, პირადად ბერია ხელმძღვანელობდა. ამ ქმედებით ბერიამ ერთი ხელის მოსმით მოსპო ძალიან სარფიანი ნარკომარშრუტი და რომ იტყვიან, მაფიას ფეხები მოაჭრა. თუმცა, 28 წლის ბერიამ კარგად იცოდა, რომ საერთაშორისო მაფია ამაზე არ გაჩერდებოდა და მათ გზავნილს ელოდა. მაფიის „გზავნილმა“ არ დააყოვნა და 1928 წელს თბილისში ოლეგ რუბცოვის ყალბი პასპორტით ჯანკარლო ფრანჩინი ჩამოვიდა. მას ბერია უნდა მოეკლა. თუმცა, „ჩეკა“ სიტუაციას აკონტროლებდა.

ფრანჩინი რუსთაველის გამზირზე ამჟამინდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან აიყვანეს და ჩხრეკისას ორი ხელყუმბარა და ავტომატური პისტოლეტი უპოვეს. „ჩეკაში“ ფრანჩინი პირველივე დაკითხვაზე გამოტყდა და თქვა, თუ რა მისიით იყო ჩამოსული თბილისში. ბერიამ, ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში, ფრანჩინი გაუშვა, თან დააბარა, რომ თბილისში ფარულ მოლაპარაკებაზე მაფიის უფლებამოსილი წევრი ჩამოსულიყო.

სამი კვირის შემდეგ ბერიას ვინმე ზეელ გუზმანი ესტუმრა და მოილაპარაკეს, რომ საქართველოში ნარკოტრანზიტი შესაძლებელი იქნებოდა, თუკი ისინი არ შეეცდებოდნენ ნარკობაზრის მოპოვებას საქართველოსა და მთელ საბჭოეთში, ასევე, თუკი ტრანზიტის სანაცვლოდ მაფიოზები თანხის 25 პროცენტს გადაიხდიდნენ.

შეთანხმება მოხდა და საქართველოსა და საბჭოეთის დანარჩენ რესპუბლიკებში ნარკოტიკებს არ ყიდდნენ, ხოლო ნარკოტრანზიტის თანხის 25 პროცენტი ყოველთვიურად შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში ირიცხებოდა.

ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ბერიამ ყველა დაკავებული ნარკომაფიის წევრი გაათავისუფლა, რომელთა ნახევარი უკვე „ჩეკას“ მიერ იყო გადაბირებული. მალე მათ მაფიოზურ სტრუქტურებში შეაღწიეს და ბერიაზე მუშაობდნენ.

1940 წლისთავის შვეიცარიის ბანკში უკვე 60 მილიონი დოლარი იყო აკუმულირებული და ამ თანხას საბჭოთა საგარეო დაზვერვა იყენებდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ ბერიას უკვე გარიგება ჰქონდა დადებული მაფიასთან, როდესაც ამის თაობაზე სტალინს აცნობა და ბელადს პროტესტი არ გამოუთქვამს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი