ბელადები

რა წვლილი მიუძღვის ბერიას ქართული საგანძურის დაბრუნებაში

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.11, 2022 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

საბჭოთა და მათ შორის უახლეს ქართულ ისტორიოგრაფიაში ლავრენტი ბერია პირსისხლიან, სასტიკ ჯალათადაა შერაცხილი, კაცად, რომელმაც საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ეგრეთ წოდებული, ინტელიგენციის „ნაღები“ გაანადგურა. ეს ყველაფერი ბოლომდე არაა გამოკვლეული და დადასტურებული. ალბათ, დადგება იმის დრო, როდესაც შუქი მოეფინება ყველაფერს და ამ ამბების შესახებ სრულ სიმართლეს შევიტყობთ. იმედია, ისიც ბოლომდე გაირკვევა, თუ რა დადებითი როლი მიუძღვის ბერიას ეროვნულ საქმეში, რომლის ერთადერთ და ჭეშმარიტ გამტარებლად საფრანგეთში გადახვეწილი დამოუკიდებელი საქართველოს ემიგრაციული მთავრობა მიიჩნევა.

მწერალი ედვარდ რაძინსკი: „მე არქივებში, ძირითადად, სტალინის შესახებ ვაგროვებდი მასალებს. ამ პროცესში ინფორმაციები არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებაც მივიღე. მათ შორისაა ლავრენტი ბერია და ზოგიერთი ეპიზოდი საკმაოდ ნიშანდობლივადაც მეჩვენა. მაგალითად, მისი მოღვაწეობის პერიოდი საქართველოს „ჩეკაში“ 1924 წელს, როდესაც საქართველოში ცნობილი აჯანყება ჩაახშვეს, ლავრენტი ბერია, სულ რაღაც, 26 წლის იყო და „ჩეკას“ საიდუმლო ოპერატიული განყოფილების უფროსის პოსტს იკავებდა. ანუ, ამ ამბების ირგვლივ ინფორმაციების მოპოვება და რეალიზება უშუალოდ მას ეხებოდა. როგორც ცნობილია, 1924 წლის ქართული აჯანყების დროს აჯანყებულები ერთიანი ფრონტით არ გამოვიდნენ, ამიტომ აჯანყებულებს ძალები არ ეყოთ. „ჩეკას“ საიდუმლო დოკუმენტებში არის ცნობები ამ აჯანყების წინააღმდეგ მიმართული კონტროპერაციის შესახებ, რომელიც ბერიას უწყებამ ჩაატარა. ირკვევა, რომ „ჩეკას“ რამდენიმე აგენტი აჯანყების მომავალ მონაწილეთა რამდენიმე კერაში ერთდროულად მიავლინეს. მათ გააფრთხილეს მეთაურები, რომ შეიარაღებული აჯანყება სისხლში ჩაიხშობოდა და არ გამოსულიყვნენ. თანაც, უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინეს ჩასაფრებული „წითელი არმიის“ სპეციალური ჯგუფების თაობაზე, რომლებიც სამჯერ აღემატებოდნენ აჯანყებულებს. და მართლაც, „გაფრთხილებულებმა“ ხელი აიღეს აჯანყებაზე. ვინც გამოვიდა, დამარცხდა. საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, ბერიას ეს დამსახურებაში ჩაუთვალეს და დააწინაურეს. თუმცა „ჩეკას“ უფროსი რედენსი (სულ მალე ის ბერიამ ოსტატურად მოიშორა) ეჭვობდა, რომ ბერია ორმაგ თამაშს ეწეოდა. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ბერია რეპრესიებს გადაურჩა და როდესაც რედენსმა ბერია თავის ქვისლთან, სტალინთან დააბეზღა, მომავალმა ბელადმა ბერიას საქციელი დადებითად შეაფასა (არ გამოვრიცხავ, რომ არც სტალინს სურდა ქართველების ზღვა სისხლის დაღვრა და ბერია ამიტომაც დაიცვა). თუმცა, აჯანყებულთა ნაწილი, ეგრეთ წოდებული, „შეფიცულთა რაზმი“, რომელსაც თავადი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა, დიდ წინააღმდეგობას უწევდა ხელისუფლებას. იღუპებოდნენ. „ჩეკისტები“, სამხედროები, რაზმისა და მისი მეთაურის ავტორიტეტი კი დღითი დღე იზრდებოდა, რაც ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა. თითქმის ყოველდღიურად იმართებოდა „ჩეკაში“ თათბირი ამ რაზმის განეიტრალების ღონისძიებებზე. თუმცა შედეგი არ ჩანდა. ერთ-ერთ თათბირზე ბერიამ წამოაყენა წინადადება, რომ რაზმისთვის გზა გაეხსნათ, ემიგრაციაში გაეშვათ და ამგვარად გადაეწყვიტათ ეს პრობლემა. თითქმის ყველა წინააღმდეგ წავიდა და ბერია უმცირესობაში იყო. თუმცა, მან მყარი არგუმენტებით დაუსაბუთა კოლეგებს თავისი წინადადების სისწორე. შემდგომ ეს მოსაზრება სტალინს გაუგზავნეს მოსკოვში. მანაც მოიწონა და ჩოლოყაშვილი და მისი ხალხი გაუშვეს. თან, გარკვეული თანხაც გაატანეს. რედენსი ისევ ბერიას ორმაგ თამაშზე აპელირებდა, თუმცა სტალინი მას ყურს არ უგდებდა. ახალგაზრდა ბერიას აწინაურებდა და აშკარა იყო, რომ ბერია უკვე სტალინის უპირველეს ფავორიტად გადაიქცა“.

გააჩნია, ვინ როგორ უყურებს ბერიას „ორმაგ თამაშს“, თუკი საერთოდ შეიძლება ამას ასე ეწოდოს. სტალინმა ეს დადებითად შეაფასა. შეიძლება, დანამდვილებით ითქვას, რომ ბერია თავისი მოხერხებულობის წყალობით, კარიერასაც იკეთებდა და არც სუფთა ეროვნული საქმე ავიწყდებოდა. როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქართული, ეროვნული საგანძურის ნაწილი ემიგრაციულმა მთავრობამ გაყიდა და ლევილის მამული შეიძინა, დარჩენილი ნაწილი კი ბანკში იყო შენახული, მაშინ უკვე საქართველოს „ჩეკას“ უფროსმა, ბერიამ, ნოე ჟორდანიას კაცი გაუგზავნა და მისი პირით უთხრა: თუკი დარჩენილი საგანძურიდან ერთი ნივთიც კი დაიკარგება, ყველას პრობლემები გექნებათო. და არც დაკარგულა. ბერიას დიდი წვლილი მიუძღვის ამ საგანძურის დაბრუნებაშიც და ისიც ცნობილია, რომ ტანსაცმელშემოცვეთილ ექვთიმე თაყაიშვილს, ბერიას მითითებით, უყიდეს სამოსი და საქართველოში ჩამოიყვანეს. სანამ ბერია ცოცხალი იყო, ეს საგანძურიც და თავად ექვთიმეც დაცულები იყვნენ. ხოლო ბერიას სიკვდილის მერე არც ექვთიმე დაინდვეს და საგანძურის გაძარცვაც დაიწყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი