ბელადები

რა შესთავაზა ბერიამ ტრუმენს

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 30.05, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია არა მარტო დიდი შემსრულებელი, არამედ დიდი პოლიტიკოსი იყო და როგორც ავტორიტეტული ექსპერტები აცხადებენ, მას რომ ეცოცხლა, გამორიცხული არ იყო, რომ ისეთ საქმეებს გააკეთებდა არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, თუკი სტალინს ვერ გადაუსწრებდა, გაუტოლდებოდა მაინც საბჭოთა ბელადს...

ისტორიკოს-პუბლიცისტი, დოქტორი ვსევოლოდ ბელიაევი წერს:

„თამამად, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერია არა მარტო „საშემსრულებლო საქმის“ დიდოსტატი იყო, არამედ საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევდა პოლიტიკოსობაში იოსებ ბესარიონის ძე სტალინს და გაუტოლდებოდა მაინც მას. თუმცა ბერიას არ დასცალდა.

ასეთი დასკვნის საფუძველს კი ის მაძლევს, რომ სტალინის გარდაცვალებიდან ბერია მხოლოდ 100 დღე იყო ხელისუფლებაში. ამ პერიოდში კი მან ბევრი პროგრესული და სასარგებლო ნაბიჯი გადადგა. კიდევ უფრო მეტი კი, გასაკეთებელი დარჩა – ის, რაც მომავლისთვის ჰქონდა დასახული. ამაზე განსაიდუმლოებული საბუთებიც მეტყველებს.

ბერიას ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე ჰქონდა მომზადებული პოსტსტალინური პერიოდის საბჭოთა პოლიტიკის განვითარების გეგმა. მეტიც, ბერია ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში (ბელადის სიცოცხლის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით) ნელ-ნელა ძალიან ფრთხილად ახორციელებდა ამ გეგმას. ხოლო როდესაც ბელადი დაკრძალეს, ბერიამ, რომ იტყვიან, ტემპს მოუმატა და თავისი გეგმის გაშლას მიჰყო ხელი.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონცეფციის ავტორი, გენერალ-მაიორი კონსტანტინე პეტროვი ამბობდა: „მართალია, ლავრენტი პავლეს ძე ბერია სტალინის მთავრობის, ეგრეთ წოდებული, „ბურჯი მინისტრი“ და პოლიტიკური მოღვაწე იყო, მაგრამ ბელადისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. რაც დაწვრილებით გეგმაში ასახა და ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში ძალიან ფრთხილად დაიწყო მათი განხორციელება. ხოლო სტალინის დაკრძალვიდან (მავზოლეუმში დასვენებიდან) მეორე დღეს ტემპს მაქსიმალურად მოუმატა და ჩემი აზრით, ის, სწორედ, ამ სიჩქარემ დაღუპა.

მთავარი საწყისი ბერიას გეგმაში ის იყო, რომ ბერია სწორად მიხვდა, კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა ეწარმოებინა თანაბარი, პარტნიორული ურთიერთობა და ასეც იქცეოდა. ბერია ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც მიხვდა, რომ საბჭოეთი ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად დაკარგავდა მსოფლიო „დერჟავის“ პრიორიტეტს, თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ მოილაპარაკებდა და მის მთავრობას არ შეუთანხმდებოდა თანასწორუფლებიანობაზე.

ბერიამ ამ შეთანხმების აბსოლუტურად მართებულ გზას მიაგნო და ამბიციურ ჰარი ტრუმენს სანდო პირის მეშვეობით შესთავაზა, რომ ორ უდიდეს ატომურ ქვეყანას თავისი ატომური შეიარაღება აღარ გაეზარდა და ისე მოქცეულიყვნენ, რომ ქვეყნებსაც, ვისაც ატომური იარაღი არ ჰქონდათ, არც მოეპოვებინათ. ანუ მასზე პრიორიტეტული უფლება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს ჰქონოდათ. ამასთანავე, ბერიამ ტრუმენს შესთავაზა, რომ ციმბირისა და ურალის მდიდარი ოქროსა და ალმასების საბადოებში თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიები შეეტანა. სამაგიეროდ კი მოპოვებული სიმდიდრის 25 პროცენტი, ანუ მეოთხედი წაეღო. ტრუმენი ამ წინადადებებს მყისვე დაეთანხმა და მათი – ბერია-ტრუმენის შეხვედრაც დაიგეგმა. თუმცა მორიგმა შიდა გადატრიალებამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ბერია მოკლეს და სიტყვიერმა შეთანხმებამ ყოველგვარი ძალა დაკარგა...“

ლავრენტი ბერიას გენიალური და წინასწარგანჭვრეტისა და ღრმა ანალიზის უნარი, სწორედ, ამაში ჩანდა. „გაეროს“, ყოველგვარი დემოკრატიული ნორმების დარღვევის გარეშე, ატომური ბომბის წარმოება აეკრძალა სხვა ქვეყნებისთვის (მათ შორის საბჭოეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებს – ბირთვული ქობინების გაზრდა). ეს კი არნახულ ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევდა მსოფლიოში. მართალია, საბჭოეთი და ამერიკა დომინანტები იქნებოდნენ, მაგრამ ეს კეთილმეგობრულ საწყისებზე მოხდებოდა და არა „ცივი ომის“ შედეგად. დროთა განმავლობაში კი ტექნიკური და ტექნოლოგიური წინსვლა, ასევე, სოციალური საკითხები მსოფლიოს პრიორიტეტი გახდებოდა და დედამიწა ბევრად უფრო პროგრესული, მშვიდობიანი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო იქნებოდა...

დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა: „მიუხედავად ანტირეკლამისა (ანტიპიარისა) და გაუგონარი ცილისწამებისა, ბერია საკმაოდ დემოკრატიული ადამიანი იყო და სწორი გლობალური ხედვა ჰქონდა. მისმა ამ ნაბიჯმა – დაახლოებოდა ტრუმენს, შემხვედრი სვლა გამოიწვია და ამით საბჭოეთი მხოლოდ მოიგებდა. თუმცა, ბედის ირონიისა, თუ შეიძლება ითქვას, გაუგებარი, აუხსნელი ძალების ზემოქმედების შედეგად ეს პროექტი ჩაიშალა. დედამიწაზე კი უფრო მეტი და მრავალრიცხოვანი საომარი ცეცხლი გაჩაღდა, რომელიც დღემდე მძვინვარებს...“

ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ბერიას მხრიდან დიდი მცდელობა იყო, რადიკალურად შეცვლილიყო გლობალური მიწიერი ცხოვრება და შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგა, თუმცა ყველას როდი აქვს მომავლის განჭვრეტის უნარი, ბერია სიცოცხლეს გამოასალმეს და მასთან ერთად ამ გეგმის განხორციელებაც შეწყდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი