ბელადები

რა როლი ითამაშა ბერიასეულმა კომპრომატმა ხრუშჩოვის გადადგომაში

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 18.09, 2022 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას შემართებასა და ინოვაციურ აზროვნებას ბადალი არ ჰყავდა. ამ კაცმა ბევრ რამეში დროს გაასწრო და რომ დასცლოდა, ბევრად უფრო მეტს და სასარგებლოს გააკეთებდა.

გენერალი პავლე ფიტინი: „გარდა იმისა, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერია ჭკვიანი, განათლებული და ეშმაკი კაცი იყო, მას კრეატიული და პროგრესული აზროვნება ჰქონდა და თავისი საქმიანი თვისებებიდან გამომდინარე, ამ შესაძლებლობებს ინოვაციების, მოწინავე ტექნოლოგიების უმალვე დანერგვასა და ამოქმედებას ადვილად ახერხებდა. როდესაც ბერია საკავშირო სახალხო კომისრად დაინიშნა, ყველა სფერო სკურპულოზურად შეისწავლა და მათი მუშაობის გაუმჯობესებას მიჰყო ხელი. მე მაშინ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ვიყავი. ბერიამ ჩვენი მუშაობა საკმაოდ დადებითად შეაფასა. ხოლო მას მერე, რაც სხვადასხვა მითითებები მოგვცა, ბევრად უფრო წარმატებულად ავმოქმედდით. ყველაზე დაბალი შეფასება მილიციამ მიიღო. ბერიამ რომ სტატისტიკას გადახედა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი დანაშაული ჯიბის ქურდობა იყო. „მურის“ უფროსმა ბერიას უთხრა:

– ჯიბგირობა ყველაზე რთული გასახსნელია. გარდა იმისა, რომ ისინი ძალიან ოსტატურად იპარავენ, ამ ქურდების დანაშაულის ადგილზე აყვანა თითქმის შეუძლებელია.

– რა, ჯიბგირების კარტოთეკა არ გაქვს? – იკითხა ბერიამ.

– კარტოთეკაც გვაქვს და თითოეულ მათგანსაც პირადად ვიცნობ, მაგრამ თუ ფაქტზე არ აიყვანე, ვერ გაასამართლებ. ხოლო ეს რომ გააკეთო, მაშინ თითოეულ მათგანს ერთი კვალიფიციური მაძებარი მაინც უნდა მიუჩინო. მაგრამ ქურდები იმდენი არიან, ჩვენ არა მხოლოდ ამდენი კვალიფიციური მაძებარი, არამედ მათი სამყოფი უბრალო თანამშრომლებიც არ გვყავსო, – თქვა „მურის“ უფროსმა.

ბერია წამით ჩაფიქრდა და მას ჰკითხა:

– ძირითადად, სად ხდება ჯიბგირობები?

– 85 პროცენტი – მეტროში, – იყო პასუხი.

ბერიამ კრასნოგორსკის ქარხანას 500 გაუმჯობესებული, 8 მილიმეტრის ფორმატის ლენტიანი მინიკინოკამერა შეუკვეთა. შემდგომ ეს კინოკამერები ფარულად დააყენეს იმ მეტროსადგურებზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდებოდა დანაშაული. მართალია, ამ აპარატებს ყოველ 2 საათში ერთხელ სჭირდებოდა ფირის შეცვლა, მაგრამ ამას სპეციალურად ნასწავლი თანამშრომელი აკეთებდა. ერთი სიტყვით, ფირზე ფარულად ფიქსირდებოდა ჯიბგირობა. შემდგომ „მურის“ ანალიტიკოსები დამნაშავისა და დაზარალებულის იდენტიფიკაციას ახდენდნენ. ბოროტმოქმედს იჭერდნენ და ამ ინოვაციამ მოსკოვში ჯიბგირობა 15 პროცენტამდე დაიყვანა. თუმცა, ეს დიდი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა, საგარეო დაზვერვამ იხეირა ამ ინოვაციით.“

ბერიას ბრძანებით, საბჭოთა საგარეო დაზვერვის ბერლინის რეზიდენტურამ პრინც ალბრეხტშსტრასეზე, ერთ-ერთი სახლის ფასადზე მინი კინოკამერების ექვსი აპარატი ფარულად დააყენეს და მოპირდაპირე შენობას დაუმიზნეს. ამ შენობაში კი „გესტაპოს“ (საიდუმლო პილიცია) ცენტრალური ოფისი მდებარეობდა. ამგვარად, საბჭოთა დაზვერვამ ათასობით ადამიანის ცოცხალი გამოსახულება მიიღო. მათი ნაწილი თანამშრომლები იყვნენ, ნაწილი კი – დამსმენები. ამის საფუძველზე შედგა სპეცკარტოთეკა და მისი მიხედვით შესაძლებელი იყო ამ ხალხის იდენტიფიკაცია. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა სხვა გერმანული ქალაქების სხვადასხვა უწყებაში, რაც საბჭოთა უშიშროებას ძალიან დაეხმარა მუშაობაში.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ფაშისტურ გერმანიაში ჩვენ მიერ დანერგილმა თვალთვალისა და იდენტიფიკაციის პრაქტიკამ სრულად გაამართლა. ომის შემდეგ ეს მეთოდი თითქმის ყველა ქვეყანაში გამოვიყენეთ, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბერიას ბრძანებითა და მნიშვნელოვანი ფინანსების გამოყოფის წყალობით კი, ჩვენი სამეცნიერო-ტექნიკური ლაბორატორია ბევრად უფრო მაღალი ტექნოლოგიური დონის გახდა. სათვალთვალო მოწყობილობების ზომები შემცირდა, მათი მხედველობის არე და სიმკვეთრე კი გადიდდა და ამ მხრივ, 60-იან წლებამდე ბადალი არ გვყავდა მსოფლიოში.“

ბერია რის ბერია იქნებოდა, რომ ეს ხერხები, „შიდა მოხმარებისთვისაც“ არ გამოეყენებინა. საბჭოთა უშიშროება ამ მოწყობილობებს თითქმის ყველა თანამდებობის პირის აგარაკზე ამონტაჟებდა. „ობიექტის“ (სათვალთვალო პიროვნება) უმეტესობა კი აღვირახსნილ, ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა და ბერიას ამის ამსახველი ასეულობით საათი კინოფირი ჰქონდა. საგულისხმო ფაქტია, რომ ერთ-ერთი მისი უზარმაზარი საიდუმლო სეიფიდან მრგვალ რკინის კინოყუთებში მოთავსებული, უკვე დამზადებული კინოფირები ამოიღეს. შემდგომში მათ რა ბედი ეწია, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ როდესაც ბრეჟნევმა და კამპანიამ ხრუშჩოვს შეთქმულება მოუწყვეს, ნებაყოფლობით გადადგომის გამოცხადებამდე მას თორმეტწუთიანი კინოკადრები უჩვენეს. სავარაუდოდ, ეს ხრუჩოვის გარყვნილი ცხოვრების ბერიასეული კომპრომატი იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი