ბელადები

რა პროფილის აკრძალული დაწესებულება გახსნა ბერიამ თბილისში

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 29.01, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას მრავალ თვისებას მიაწერენ, ძირითადად, უარყოფითს. ერთ-ერთი ასეთია — ნაციონალისტობა. მე კი ვიტყვი, რომ ბერია პატრიოტი იყო, საქართველოს პატრიოტი.

გენერალი ვარლამ შადური ჰყვებოდა: „ბერიას მრავალი სისაძაგლე დააბრალეს და არ მგონია, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. მასზე იმას გეტყვით, რომ პატრიოტი იყო, ნამდვილი ქართველი პატრიოტი. მარტო ის რად ღირს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ბერიამ საქართველოში სპეცსამსახურების სისტემის ნამდვილი სამჭედლო გახსნა. მეც ამ სისტემაში ჩამოვყალიბდი, ისევე როგორც არაერთი ჩემი კოლეგა...“

მილიციის ქართველი გენერალი ბერიას ერთ ეშმაკურ ნაბიჯს ეხება, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოში სპეცსამსახურების ძლიერი და კვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეს... საკავშირო დადგენილებით, რომელიც 20-იანი წლების ბოლოს მიიმღეს და მყისიერად უნდა განხორციელებულიყო, ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში მილიციის კურსები უნდა გახსნილიყო და იქ კვალიფიციური კადრები მოემზადებინათ. ამ კადრებს კი სოციალისტური მართლწესრიგი (ასე ეწერა დადგენილებაში) უნდა დაეცვათ. იმავე დადგენილებით, უნდა გახსნილიყო უშიშროების სკოლებიც, სადაც კვალიფიციურ „ჩეკისტებს“ მოამზადებდნენ. თუმცა ასეთი სკოლები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იყო ნებადართული... არსებობდა, აგრეთვე, ორი სასწავლო პროგრამა — მილიციის კურსებისთვის და უშიშროების სკოლებისთვის. ბერიამ, იყო რა ჯერ მხოლოდ საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელი, საკუთარი სიცოცხდის რისკის ფასად, მილიციის კურსების ეგიდით, თბილისში უშიშროების სკოლა გახსნა... იმ წლებში ეს უხეში დარღვევა იყო და ახალგაზრდა ბერიას (32 წლის) შესაძლოა თავიც კი დაეკარგა. ბერია პირადად არჩევდა ამ სკოლისთვის კადრებს. და, აქაც ჩვეულ ეშმაკობას იყენებდა. კურსანტთა 50 პროცენტი გვარითაც ქართველი იყო და გენითაც. დანარჩენი 50 პროცენტი კი გვარით ქართველი არ იყო, მაგრამ გენებით, სანახევროდ მაინც ქართველი. თანაც, ისინი შესაბამის დამუშავებასაც გადიოდნენ. ამგვარად, ბერიამ კვალიფიციური მზვერავებისა და უშიშროების სამსახურის სხვა პროფილის მუშაკთა ნამდვილი სამჭედლო ჩამოაყალიბა, რაზეც გენერალი შადური ლაპარაკობდა...

მწერალი ბორის სოკოლოვი: „აშკარაა, რომ ბერია საკავშირო რესურსებს ხშირად თვითნებურად ახმარდა საქართველოს და ამას ისე ოსტატურად აკეთებდა, ხშირ შემთხვევაში ვერავინ შეედავებოდა. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ასეთი ნაბიჯები უაღრესად სარისკო, სიცოცხლისთვის საშიში გახლდათ და დიდი პირადი სიმამაცე სჭირდებოდა, რაც ბერიას გააჩნდა... არ ვიცი, რატომ აძლიერებდა ბერია ასე საქართველოს (ამ შემთხვევაში მე არა ეკონომიკას, არამედ ძირითადად, პოლიტიკურ ინსტიტუციებს ვგულისხმობ), არ მგონია, რომ ბერიას საქართველოს საბჭოეთიდან გამოყოფა სურდა და ასე ამიტომ იქცეოდა. არა! ჩემი აზრით, საქართველოს სახით ბერია სახელმწიფოს სახელმწიფოში ქმნიდა, როგორც სრულყოფილ მოდელს პატარა, მაგრამ ძლიერი ქვეყნისა...“

მწერალი ბორის სოკოლოვი სავარაუდოდ სწორ დასკვნას უკეთებს ბერიას ქმედებებს. ლავრენტი პავლოვიჩის ძალისხმევით 30-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველო ყველაზე სწრაფად განვითარებადი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში... შემდგომ, ბერიას სიკვდილის მერე, საბჭოეთის არსებობის ბოლო წუთამდე, საქართველო ინერციით მიიწევდა წინ და ეს ინერცია მას ლავრენტი ბერიამ მიანიჭა...

ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია: „ნაციონალიზმის ბრალდება, რაც მამას ერთ-ერთ დანაშაულად ჩაუთვალეს, სინამდვილეში პატრიოტიზმი იყო. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მამა ზოგჯერ და ზოგ რამეში აჭარბებდა კიდეც. მაგალითად, ბევრ სტრატეგიულ თანამდებობაზე, სხვადასხვა რესპუბლიკაში (საქართველოს არ ვგულისხმობ) მამა ქართველებს ნიშნავდა. თუმცა აქვე ხაზს ვუსვამ, რომ არაკვალიფიციური კადრი მას არასოდეს „გაუქაჩავს“ და ყოველთვის მცოდნესა და პატიოსანს უწყობდა ხელს, მაგრამ ქართველს...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი