ბელადები

რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვა სტალინის მავზოლეუმიდან გამოყვანას

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.01, 2022 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი სამ ათეულ წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირს. გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწია და სიცოცხლეშივე ლეგენდად გადაიქცა. თუმცა, არც გარდაცვლილ სტალინს მოჰკლებია აღიარება და დიდება და ვინც საბჭოთა ბელადის გაცამტვერება მოინდომა, საერთაშორისო-პოლიტიკურ სკანდალში გაება.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „1961 წლის 31 ოქტომბერს „კაგებეს“ თანამშრომლებმა იოსებ სტალინის ნეშტი ფარულად გამოიტანეს მავზოლეუმიდან და კრემლის კედელთან დამარხეს. ეს პროცედურა ისე იყო გასაიდუმლოებული, თითქოს ვერავინ გაიგებდა და ხრუშოვის ეს მორიგი არასწორი ნაბიჯი მას დიდებას მოუტანდა. მთელი ეს ტრაგიკომედია საშვიდნოემბრო პარადის რეპეტიციისა და ხარაჩოებშემორტყმული მავზოლეუმის ფონზე განხორციელდა. ხარაჩოები რომ მოხსნეს, მავზოლეუმზე სიტყვა „სტალინი“ უკვე წაშლილი იყო. ნიკიტას ამ დაუფიქრებელმა ქმედებამ საბჭოთა ხალხის 95 პროცენტის პროტესტი გამოიწვია და ადამიანები ქუჩებშიც კი გამოვიდნენ პლაკატებით – „დიდება დიდ სტალინს!“. თუმცა მსგავსი გამოსვლები მილიციის ძალებით აღკვეთეს. გაცილებით მეტი ზიანი მოჰყვა ამ აქტს საერთაშორისო არენაზე და ხრუშჩოვი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვია. ერთი მხრივ, მას ზურგი აქციეს ერთგულმა მეგობარმა ქვეყნებმა, მეორე მხრივ კი, უკვე მერამდენედ გახდა ხრუშჩოვი აბუჩად აგდებული საერთაშორისო პრესაში. მთელი მსოფლიოს გამოცემები იმ დღეებში წერდნენ: „ხრუშჩოვი სტალინსა და მის სტუმრებს სუფრაზე „გოპაკის“ უნიჭო კლოუნური ცეკვით ართობდა და ახლა კი მსოფლიოს ართობს ბევრად მეტი კლოუნობით. აბა, სხვა რა უნდა ვუწოდოთ საქციელს, რაც ხრუშჩოვმა განახორციელა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტი პოლიტიკოსი განსასვენებელში არ დააყენა. განა ვინმეს მოუვა აზრად, რომ ასე მოექცეს ნაპოლეონს, რუზველტსა და სხვა დიდ პოლიტიკოსებსო.“

ალბანეთში საბჭოთა კავშირის ელჩი იოსებ შიკინი: „1961 წლის 1 ნოემბრის ღამის 2 საათი იყო. ჩემს რეზიდენციაში ვიმყოფებოდი. ძალიან გადაღლილი ვიყავი და დასაძინებლად ვწვებოდი. ამ დროს წითელი „ვეჩეს“ ზარი გაისმა. ამ ტელეფონზე მხოლოდ ალბანეთის მეთაური ენვერ ხოჯა მიკავშირდებოდა ხოლმე. მაგრამ საღამოს 10 საათზე გვიან არასოდეს დაურეკავს. ღამის ორზე დარეკვა კი იმას ნიშნავდა, რომ რაღაც საგანგებო მოხდა. ვუპასუხე და ტელეფონში ხოჯას პირადი ადიუტანტის ხმა მომესმა, რომელმაც მითხრა:

– ხოჯას სასწრაფოდ თქვენთან შეხვედრა სურს. გამოგზავნილი მანქანა უკვე თქვენ რეზიდენციასთანაა. ხოჯა გელოდებათ!

მართალი რომ ითქვას, ასეთი ტონი და საქციალი არადიპლომატიური იყო. მით უმეტეს, საბჭოთა დესპანთან, მაგრამ არანაირი პროტესტის ან რბილი საყვედურის სურვილიც არ აღმძვრია: მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო (სტალინის მავზოლეუმიდან გამოყვანის შესახებ არაფერი ვიცოდი). ცნობისმოყვარემ ჩემში დიპლომატს სძლია (არა და მე განმარტება მაინც უნდა მომეთხოვა ტელეფონით) და ზუსტად 15 წუთის შემდეგ ხოჯას კაბინეტში შევაბიჯე. უზარმაზარი ოთახი, სადაც მე ხშირად მივდიოდი, ჩაბნელებული იყო და მაგიდაზე ლამპა ენთო, ოღონდ ძალიან დაბალზე ჩაწეული. ხოჯა უზარმაზარ ფანჯარასთან იდგა. ის გულგრილად მომესალმა. ხელიც არ ჩამოურთმევია. უზარმაზარი დალუქული კონვერტი გამომიწოდა და მითხრა:

– ეს საპროტესტო უსტარი (არა წერილი) ბატონ ხრუშჩოვს გადაეცით.

აქ უკვე ვალდებული ვიყავი, ჩემი დიპლომატიური მოვალეობა შემესრულებინა და ვკითხე:.

– რაშია საქმე, ამხანაგო ხოჯა, ალბანეთს საბჭოთა კავშირისადმი რა პროტესტი აქვს?

– საბჭოეთისადმი – არანაირი. მხოლოდ ხრუშჩოვისადმი და თუკი ის სტალინის დაფასებაზე უარს აცხადებს, მაშინ ჩვენ გადმოგვეცით მისი წმიდა სხეული, ოქროს მავზოლეუმს ავუგებთ და ოქროს ძეგლებსაც დავუდგამთ, – გამოკვეთილად მითხრა ხოჯამ. მე, აბა, რას წარმოვიდგენდი სტალინის მავზოლეუმიდან გამოყვანას და ვთქვი:

– რა ბრძანეთ?

– როგორც ეტყობა, თქვენ საქმის კურსში არ ხართ. რამდენიმე საათის წინ ხრუშჩოვმა სტალინი მავზოლეუმიდან გამოიყვანა და კრემლის კედელთან დამარხა. რაც ახლა გითხარით, სწორედ, ის წერია ამ უსტარში და დაუყოვნებლივ გაგზავნეთ მოსკოვში. იქ თქვენს კურიერს ჩემი თვითმფრინავი ჩაიყვანს, – მითხრა ხოჯამ, თავი დამიკრა და თავისივე კაბინეტი პირველმა დატოვა.

ცივმა ოფლმა დამასხა და ხოჯას საპროტესტო უსტარი მოსკოვში გავგზავნე. თან დაშიფრული დეპეშა გავუშვი, სადაც ხოჯასთან საუბრის სცენა იყო აღწერილი.“

ხრუშჩოვმა არც ხოჯა ჩააგდო არაფრად და არც მაო ძედუნი, რომელმაც ხრუშჩოვს დაურეკა, ტელეფონით ესაუბრა და მანაც, სტალინის ცხედრის ჩინელებისთვის გადაცემა ითხოვა. თუმცა, ნიკიტას ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და სწორედ მან გააფუჭა ურთიერთობა ალბანეთთან და ჩინეთთან. ამან კი საბჭოთა კავშირს ძალიან შეურყია საერთაშორისო პოზიციები და საგარეო პოლიტიკა, ფაქტობრივად, ჩაიფუშა. მხოლოდ ტიტო იყო კმაყოფილი ხრუშჩოვის ამ ქმედებით და ნიკიტას მხარდამჭერი დეპეშა გაუგზაუნა, რომელიც უფრო დაცინვას ჰგავდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი