ბელადები

რა ისტორია გაახსენა ჩერჩილმა სტალინს თეირანის კონფერენციაზე

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.07, 2022 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ხელის ერთი ჯადოსნური დაქნევით არ გამხდარა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მმართველი. მან გრძელი გზა გაიარა, უდიდესი გამოცდილება მიიღო, მრავალი წინაღობა დასძლია და თავს ბევრი ძალიან ფათერაკიანი თავგადასავალიც გადახდა, რაც სხვადასხვა მოულოდნელობით იყო აღსავსე.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი ძალიან გონიერი, ფრთხილი ადამიანი იყო. ის ტყუილად არ გარისკავდა. თუმცა, როდესაც ეს საჭირო იყო, „კობას“ (სტალინის ძველი ფსევდონიმი) ვაჟკაცობასა და სიმამაცეში ბადალი არ ჰყავდა. სტალინის ეს თვისებები ყველგან თვალსაჩინო იყო – ციხესა თუ გარეთ, მაგრამ მისი ბაქოური მოღვაწეობის პერიოდში „კობას“ გაცილებით ხშირად უწევდა განსაკუთრებული სიმამაცისა და ვაჟკაცობის გამომჟღავნება. „კობას“ ბაქოელი მებრძოლები შიშის ზარს სცემდნენ მთელ ამიერკავკასიას და ვერავინ ბედავდა, წინ დასდგომოდა მათ. თუმცა, იყო გამონაკლისებიც და ერთ-ერთ გამონაკლისს, ეგრეთ წოდებული, „ინგლისური ინციდენტი“ წარმოადგენდა. 1901 წელს ბაქოში ბრიტანული სამხედრო მისია იყო ჩამოსული; მათ ინსპექტირება ჩაატარეს იმ საბადოებზე, რომლებსაც ბრიტანელები ფლობდნენ. ისინი თავიანთი პროდუქციის 85 პროცენტს ბრიტანულ არმიას აწვდიდნენ. ბაქოს ნავთობმრეწველებს, როგორც ცნობილია, „კობას“ საბრძოლო ჯგუფები ესხდნენ წილში – ბოლშევიკურ „საერთოში“ ყველას შეჰქონდა თავის მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე ექცეოდნენ ბრიტანელებიც. თუმცა, ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა ბრიტანელმა ნავთობმწარმოებელმა უარი თქვა წილის გადახდაზე. მას აუხსნეს, რომ გადახდა აუცილებელი იყო, მაგრამ ბრიტანული სამხედრო მისიის ბაქოში ყოფნით გულმოცემულმა მენავთობემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მისიის სამშობლოში დაბრუნების წინა დღეს ბაქოს ფეშენებელური სასტუმროს რესტორანში მდიდრული ბანკეტი იმართებოდა. მას ყველა „ბობოლა“ ჩინოსანი ესწრებოდა და იქ უნდა ყოფილიყო უინსტონ ჩერჩილიც, რომელიც დელეგაციას მრჩევლის სტატუსით ახლდა. დელეგაციის წევრები იმავე სასტუმროში ცხოვრობდნენ. ჩერჩილმა რესტორანში ჩასვლა დააგვიანა. მიუხედავად მიღებული უსაფრთხოების ზომებისა და გაძლიერებული დაცვისა, ბანკეტზე კობას შეიარაღებული მებრძოლები შეიჭრნენ. ბრიტანული სამხედრო მისიის ათივე წევრი დაატყვევეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მეთერთმეტე – ბრიტანეთის მომავალი პრემიერი კი – ბანკეტზე დაგვიანების გამო გადარჩა. მისიის დატყვევებული წევრები მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც „საერთოში“ წილი შეიტანეს,.“

ამ ისტორიას გაგრძელება ჰქონდა და 32 წლის მერე, 1943 წელს, თეირანის კონფერენციაზე პირისპირ შეხვედრისას ჩერჩილმა სტალინს ნახევრად ხუმრობით უთხრა:

– კიდევ კარგი, რომ სასტუმროს ნომერში დავყოვნდი, თორემ თქვენი გალავარეზები მეც გამიტაცებდნენ, შეიძლება, მოვეკალი კიდეც და ახლა ჩვენ აქ არ ვისაუბრებდით.

სტალინს გაეცინა და ჩერჩილს უპასუხა:

– დიახ, მართლაც ძალიან სამწუხარო იქნებოდა. თქვენი ქვეყანა დიდ პატრიოტსა და პოლიტიკოსს დაკარგავდა, მე კი უღირსეულეს მეტოქესო.

სხვათა შორის, ამ ინციდენტის გამო ბრიტანეთის მთავრობამ პროტესტი გაუგზავნა რუსეთის მთავრობას და დამნაშავეების შეპყრობა და დასჯა მოსთხოვა. ამიტომ, „ოხრანკამ“ ბაქოში დამატებითი ძალები გაგზავნა, პირველ რიგში, „კობას“ შესაპყრობად, მაგრამ სტალინს ამის შესახებ მოსყიდულმა ოფიცერმა აცნობა და „კობა“ „ფსკერზე დაწვა“, თუმცა, ბოლშევიკების „საერთო“ სალაროში წილების შეტანა არ შეჩერებულა და მათთვის შეწერილ თანხებს ბრიტანელებიც იხდიდნენ.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინის შეიარაღებული, არალეგალური საბრძოლო ჯგუფები დიდად ანგარიშგასაწევი ძალა იყო არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაში. სხვათა შორის, შემდგომში მათი რიგებიდან არა ერთი სახელოვანი სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი „ჩეკისტი“გამოვიდა. მაშინდელი საინფორმაციო წყაროები ბოლშევიკურ შეიარაღებულ ჯგუფებს ბოროტმოქმედებად აცხადებდნენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ექსპროპრიაციები ხალხის საკეთილდღეოდ, რევოლუციის მოსახდენად და ძირგამომპალი, საძულველი „ცარიზმის“ დასამხობად ხორციელდებოდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი