ბელადები

რა იყო სტალინის იდუმალი და მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.06, 2023 წელი

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი დიდი პიროვნება იყო. ეს უდავო ფაქტია. საბჭოთა ბელადის სიდიადის პირველი მანიშნებელია ის, რომ მან ჭეშმარიტად სახალხო სახელმწიფო შექმნა და ამ უზარმაზარ ქვეყანაში მაქსიმალურად დაამყარა სოციალური სამართლიანობა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ნიშანდობლივია ის, რომ სტალინის გავლენა ამ ქვეყნად კვლავ ძალიან დიდია. თუმცა ის უკვე 35 წლის წინ (ეს სიტყვები 1988 წელსაა დაწერილი) გარდაიცვალა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ამ სამიოდე ათწლეულის განმავლობაში ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ცუდისკენ. მძლავრობს უსამართლობა და განუკითხაობა. ამიტომ ადამიანები სტალინს ნატრობენ და მის დროს მისტირიან“.

სტალინის ბიოგრაფმა გენერალმა ეს სიტყვები 35 წლის წინ, წინა საუკუნეში დაწერა და ნიშანდობლივია ის, რომ იგივე მდგომარეობაა დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში და სტალინისა და სტალინიზმის თემა ისევ დიდადაა აქტუალური. იაკობ კედმი: „იმაზე არც კი ღირს შეჩერება, რომ პირად ცხოვრებაში სტალინი ძალიან თავშეკავებული იყო და რომ მას არანაირი სიმდიდრე არ გააჩნდა და ასე შემდეგ (სხვათა შორის, განსხვავებით მისი შინაური თუ გარეშე კოლეგებისგან). ამ ადამიანის მთელი გონება და ენერგია მიმართული იყო ქვეყნის სიძლიერის განმტკიცებისკენ. ეს კი მხოლოდ სამხედრო ასპექტს არ მოიცავდა. ეს იყო კომპლექსური ღონისძიება და მასში შედიოდა როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ასევე სოციალურ-ეკონომიკური სფეროები. ვინ, თუ არა იოსებ სტალინმა იცოდა სახელმწიფოს მოწყობა, ის არა მარტო თანამიმდევრულად გეგმავდა, არამედ იღვწოდა კიდეც მათ შესასრულებლად და ქვეყნის გასაძლიერებლად. საამისოდ საბჭოთა ბელადს არა ერთი მეგაპროექტი ჰქონდა დაწყებული და სანამ პირში სული ედგა, წარმატებით ახორციელებდა მათ. შექმნა რა ბირთვული პარიტეტი, სტალინმა ერთდროულად რამდენიმე მეგაპროექტი „ჩაუშვა წარმოებაში“ – ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის გაზრდა და ენერგეტიკის გაათმაგება, სუპერმაგისტრალის მშენებლობა და პოლარული წრის შეერთება ტრანსციმბირულ წრესთან. ეს პროექტები 1950-1955 წლებში უნდა განხორციელებულიყო და მისი ღირებულება 50 მილიარდ საბჭოთა მანეთს შეადგენდა. სამაგიეროდ, ამ თანხას 2 წელიწადში ამოიღებდნენ, ხოლო 1960 წლისთვის კი საბჭოთა კავშირი მსოფლიოში უძლიერესი ქვეყანა იქნებოდა ყველა კომპონენტით და შეერთებულ შტატებს სამჯერ გადააჭარბებდა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის მიერ დამტკიცებულ მეგაპროექტებში 1953 წლის მარტამდე (ანუ, სანამ სტალინი ცოცხალი იყო) 22 მილიარდი მანეთი დაიხარჯა და საქმე თითქმის სანახევროდ გაკეთდა, თუმცა, როგორც კი სტალინი გარდაიცვალა და შემდგომ კი, სამ თვეში – ბერია, 1953 წლის 4 ივლისს ყველა პროექტი შეაჩერეს. წლის ბოლოს კი სულაც დახურეს. და ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ხელს აძლევდა მხოლოდ და მხოლოდ, ეგრეთ წოდებულ, დასავლეთის ბლოკის სახელმწიფოებს. არსებობს საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრება, რომ ამ პროექტების დახურვაში გადამწყვეტი როლი ამ ქვეყნების სპეცსამსახურებმა შეასრულეს.“

ეჭვი, რაზეც გენერალი ვოლკოგონოვი საუბრობს, 1988 წელს გაჩნდა. დღესდღეობით კი უკვე დოკუმენტურად დამტკიცებულია, რომ სტალინური მეგაპროექტების ჩაშლაზე აქტიურად მუშაობდნენ შესაბამისი ანგლო-ამერიკული უწყებები და ეს მისია დიდი წარმატებითაც განახორციელეს. მანამდე კი მათი ხელის შემშლელი სტალინი იყო, მაგრამ საბჭოთა ბელადი, ყველასთვის მოულოდნელად, 73 წლის ასაკში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „1950 წელს დაწყებულ პროექტებზე ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდით, თუმცა ყველაფერი სტალინის მოულოდნელმა სიკვდილმა დაასამარა. რომ იტყვიან, ვერ გავქაჩეთ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტალინის გზას გადავუხვიეთ და ქვეყანა კოსმოსური სისწრაფით დაეშვა უფსკრულისკენ.“

ვინ ვინ და ვიაჩესლავ მოლოტოვს ნამდვილად არ ესწავლებოდა, თუ რა და როგორ მოხდა იმ შორეული 50-იანი წლების დასაწყისში. უბრალოდ, ამ ადამიანმა ენაზე კბილის დაჭერა იცოდა და სულელი ხომ არ იყო, რომ ყველაფერი, რაც იცოდა და რასაც ვარაუდობდა სააშკარაოზე გამოეტანა,. მას სიმამაცე არ ეყო. სხვა მის კოლეგებს კი – ჭკუა და სინდისი და კოლექტივმა გაწირა პიროვნება, რომლის სახელიცაა იოსებ სტალინი.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი