ბელადები

რა ეშმაკობები გაუბედა ბერიამ სტალინს

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 07.08, 2022 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია რომ ეშმაკი კაცი იყო, დადასტურებული ფაქტია, და ამაზე ბევრი რამ დაწერილა. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ბერიას ჩაფიქრებული ფანდები „ჩავარდნილა“, ის შეურისხავთ კიდეც და ამის გაკეთება მხოლოდ სტალინს შეეძლო.

ისტორიკოსი, პროფესორი როი მედვედევი: „ლავრენტი ბერია ძალიან ეშმაკი კაცი იყო და ჭკუით თითქმის ყველას სჯობდა. თვით სტალინთანაც კი გასვლია რაღაც-რაღაცები. მაგრამ გადაუმლაშებია კიდეც და ბელადის რისხვა დაუმსახურებია. ასე მოხდა ეკატერინე გელაძესთან დაკავშირებით. ანუ თვით სტალინის დედის გამო. 1935 წელს სტალინი გაგრაში, თავის აგარაკზე ისვენებდა. მაშინდელმა საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა, ლავრენტი ბერიამ ბელადს სიურპრიზი მოუმზადა და 77 წლის მოხუცი შვილის აგარაკზე ჩაუყვანა. ამ ისტორიებს ნიკოლაი ვლასიკის მონათხრობების მიხედვით ვყვები. ვლასიკი სტალინის დაცვის უფროსი იყო და ამ ყველაფრის უშუალო თვითმხილველი. ბელადი ფანჩატურში იჯდა და მუშაობდა. დედა რომ დაინახა, ჯერ გაოცდა, შემდგომ გაუხარდა. წამოდგა, შეეგება და ჩაეხუტა. მოხუცს უკან ბერია მოჰყვებოდა და იღიმებოდა. სტალინმა გვერდით მოისვა დედა და ესაუბრებოდა. შუა საუბრის დროს კეკემ ბერიას შეხედა და შვილს უთხრა:

– სოსელო, აი, ეს კაცი მოსვენებას არ მაძლევს და იქნებ მიშველოო.

გაოცებულმა სტალინმა ბერიას გადახედა და ჰკითხა:

– მაინც, როგორ არ გასვენებსო?

– როგორ, სოსელო და ძალიან დიდ სახლში დამასახლა. მსახურები მომიჩინა. იმ სახლში იმდენი ოთახია, ვიკარგები. ხოლო ის ხალხი (მოსამსახურეები) არაფერს მაკეთებინებს, მე კი მუშაობას ვარ მიჩვეულიო.

სტალინმა გაარკვია, რომ დედამისი ბერიას „ნამესტნიკის“ (მეფისნაცვალი) სასახლეში (შემდგომში პიონერთა სასახლე), დაუსახლებია და მსახურებიც დაუნიშნავს. ბელადმა ბერიას ამ სიტუაციის გამოსწორება უბრძანა და თბილისში დაბრუნებისთანავე კეკე გელაძე სასახლის მიმდებარე, ძალიან პატარა ბინაში გადაუყვანია. მისთვის მხოლოდ ერთი დამხმარე გოგონა დაუტოვებია. კეკე თავისებურად დასაქმდა კიდეც – ის მურაბებს ხარშავდა და შვილსა და მის მეგობრებსა და ხელქვეითებს (მათ შორის ბერიასაც) უგზავნიდა.

ბევრად მეტი რისხვა დაიმსახურა ბერიამ სტალინისგან იმის გამო, რომ მან კეკე გელაძე მთაწმინდის პანთეონში დაასაფლავა. სტალინი დედის დასაფლავებას ვერ დაესწრო, მაგრამ ბერიას უსაყვედურა: დედაჩემი რომ პანთეონში დაგიკრძალავს, რომელი საზოგადო მოღვაწე იყოო. თუმცა ბერიამ შემდეგი სვლა გააკეთა – ჩიტაძის (დღევანდელი 9 აპრილის) ქუჩას ეკატერინე (კეკე) გელაძის სახელს არქმევდა და წინასწარ შესაბამისი აბრებიც გააკვრევინა და ისღა დარჩა, ეს ამბავი ქალაქის კომიტეტს ოფიციალურად გაეფორმებინა. მაგრამ, როდესაც ამის შესახებ სტალინს მოახსენეს, ბელადმა ბერიას კაბინეტში დაურეკა და განრისხებულმა უთხრა: ლავრენტი, ეგ სისულელე არ გაბედო და აბრები შენი ხელით მოხსენი. შენ რა, გინდა, მე და დედაჩემი ქვეყნის დასაცინი გაგვხადოო? 1937 წელი იდგა, რეპრესიები მძვინვარებდა. მსგავსი სიტყვები განაჩენად ჟღერდა, მაგრამ სტალინს ბერია სჭირდებოდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ომის დაწყებამდე რამდენიმე თვე იყო დარჩენილი. სტალინი კრემლში ქართველ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს ხვდებოდა. იქ იყო ბერია და მეც ვესწრებოდი. სტალინი კარგ განწყობაზე იყო. ბევრს ხუმრობდა და თანამემამულეებთან ერთად წითელ ღვინოს სვამდა. უცებ, სტალინი ერთ-ერთ ცნობილ პროფესორს მიუბრუნდა და ჰკითხა:

– ერთი შენ მითხარი, მთაწმინდის პანთეონში ადგილი ვის ეკუთვნისო?

– ცნობილ საზოგადო მოღვაწეებსო, – იყო პასუხი.

სტალინმა ბერიას შეხედა და პროფესორს უთხრა:

– აი, ამან კი იქ დედაჩემი დაასაფლავა და ერთი მითხარით, ის რომელი საზოგადო მოღვაწე იყოო.

პროფესორს ეტყობოდა, რომ სტალინზე მეტად ბერიასი ეშინოდა და მიუგო თამამად:

– სწორედაც მოიქცა ლავრენტი პავლოვიჩი, რადგან თქვენი მშობელი ბევრ საზოგადო მოღვაწეზე მაღლა დგას.

სტალინმა ხელი ჩაიქნია და ბერიას უთხრა:

– ეჰ, ლავრენტი, ლავრენტი, შენი როგორ ეშინია ხალხსო.

ბერიამ კი ჭიქა ასწია და თქვა:

– დეიდა კეკეს ხსოვნა იყოსო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი