ბელადები

რა დაუპირისპირა სტალინმა დასავლეთის ეკონომიკურ ემბარგოს

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.05, 2023 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი, გარდა იმისა, რომ უმკაცრესი მმართველი იყო და ქვეყანაში რკინისებური დისციპლინა ჰქონდა დამყარებული, მეცნიერულ დონეზე ერკვეოდა ყველა პრაქტიკულ საკითხში და გამორიცხული იყო, რამე გამოჰპარვოდა, უმცირესი ნიუანსიც კი.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „თავის მემუარებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი წერდა: „საბჭოთა მმართველი (სტალინი) ფართო დიაპაზონის პიროვნება იყო. მოკლედ რომ ვთქვა – მას შეეძლო ნებისმიერ საკითხში, ყველაზე რთულშიც კი, ძალიან სწრაფად გარკვეულიყო და ისე ემსჯელა და ისეთი დასკვნები გაეკეთებინა, როგორც ეს კონკრეტული დარგის კორიფეებს სჩვევიათ“. ჩერჩილის ამ შეფასებით ყველაფერია ნათქვამი. ახლა კი ერთ ფაქტს მოვიყვან: როდესაც მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველ ხაზს აშენებდნენ, გვირაბგამყვანები ერთ-ერთ მონაკვეთზე ურთულეს პრობლემას წააწყდნენ. იქ მდინარე მოსკვას წყალი ისე ჟონავდა, რომ ნახევარი მეტრითაც კი ვერ მიიწვევდნენ წინ. როგორც კი გრუნტს გაჭრიდნენ, წყალი ისეთი ძალით იხუვლებდა, რომ შემაკავებელი კარკასის გაკეთება შეუძლებელი იყო. სამუშაოები შეჩერდა. სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახეს, გადაწყვიტეს, პროექტში ცვლილება შეეტანათ. ეს კი დამატებით დიდძალ თანხებსა და დროს მოითხოვდა. ამ ამბავმა სტალინის ყურამდეც მიაღწია. ბელადმა მშენებლობის მესვეურები დაიბარა. ყველაფერი დაწვრილებით გამოიკითხა და ორი კვირის ვადა მისცა.

ორ კვირაში სტალინს მაგიდაზე ედო, დიდწყლიან ადგილებში გაყინვის მეთოდით გვირაბის გაყვანის ვარიანტი. ამ მიგნებამ გაამართლა და მას არა მარტო მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობისას, არამედ სხვა, მსგავსი პროექტების განხორციელების დროსაც იყენებდნენ. შემდგომში კი ეს მეთოდი უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სტალინმა მშენებლებს ამით დროც დააზოგვინა, სახსრებიც და ფაქტობრივად, ინოვაციური მეთოდი დანერგა გვირაბმშენებლობაში.“

მომჭირნეობა, თანხების დაზოგვა და სახელმწიფო-სახალხო დოვლათის მოვლა-შენახვა სტალინისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული რამ იყო. როგორც კი მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, „ცივი ომი“ დაიწყო და დასავლეთმა საბჭოთა კავშირს მკაცრი სანქციები დაუწესა, საბჭოთა ბელადმაც სამმაგად გაამკაცრა ისედაც მკაცრი შეზღუდვები ექსპორტ-იმპორტის, განსაკუთრებით კი ექსპორტის კუთხით 1947 წლის იანვრიდან ყველა დასავლურ კერძო კომპანიას შეუწყდა ნედლეულის მიწოდება ამერიკულ დოლარებზე და მსურველებს მათთვის საჭირო ნედლეული ოქროთი უნდა შეეძინათ, თანაც, საკმაოდ შემცირებული რაოდენობით. ისე გამოვიდა, რომ სანქციებული თავად დასავლეთი იყო და არა საბჭოთა კავშირი. მარტო პირველი სამი თვის განმავლობაში ამერიკული, კანადური და ბრიტანული კერძო, ძალიან ცნობილი და გავლენიანი კომპანიებმის ზარალმა 3 მილიარდ 650 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი იმ წლებში კოლოსალური თანხა იყო.

უმნიშვნელოვანესი იყო, აგრეთვე, სტალინის განკარგულება ოქროს, სხვა ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების მოპოვების გაზრდის თაობაზე. 1947-1951 წლებში, ამ განკარგულების წყალობით, საბჭოთა სახელმწიფოს ოქროს მარაგი გასამმაგდა და შეერთებული შტატებისას გაუთანაბრდა. ყოველივე ამას კი ის მოჰყვა, რომ საბჭოთა კავშირში (ემბარგოს გამო) განვითარდა ხორცის, რძისა და სხვა საჭირო პროდუქციის წარმოება და საზღვარგარეთიდან შესყიდვა აღარ იყო საჭირო.

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი: „სტალინისეულმა პოლიტიკამ, რასაც ნაწილობრივ ემბარგომაც, დასავლურმა სანქციებმა, შეუწყო ხელი მოიტანა ის, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე თითქმის ყველაფერს აწარმოებდა და ჩვენ შეგვეძლო ყოველგვარი დახმარების გარეშე, ავტონომიურად გვეცხოვრა და ვცხოვრობდით კიდეც და არა მარტო საბჭოთა კავშირის მოქალაქეები, არამედ ჩვენ სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებსაც ვეხმარებოდით“.

ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და დასავლურმა სანქციებმა, უბრალოდ, დააჩქარა ეს ყოველივე. სინამდვილეში კი სტალინს უკვე შემუშავებული ჰქონდა, ეგრეთ წოდებული, „სრული ავტონომიის“ პროგრამა და სანქციებმა მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ყოველივე ამაში უდიდეს როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიული სიდიდე, ბუნებრივი სიმდიდრე და ხალხის სიმრავლე, მაგრამ რომ არა სტალინის გონება, ნებისყოფა და მმართველობის სიმკაცრე, არაფერი გამოვიდოდა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ახლა ბევრს ლაპარაკობენ გეგმური მმართველობის სიცუდეზე, თუმცა, ესაა დემაგოგია. სტალინისეული გეგმური ეკონომიკა, სწორედაც რომ, ზედგამოჭრილი იყო იმ დროისთვის. ყველაფერი უდიდესი სიზუსტით იყო გათვლილი და ქვეყანა მაღალ სოციალურ რიტმში ცხოვრობდა. ერთი კია, ასეთ სისტემას აუცილებლად სტალინის მსგავსი მმართველი სჭირდებოდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი