ბელადები

რა დაპირისპირება ჰქონდა სტალინს ლენინ-ტროცკის ტანდემთან უკრაინის გამო

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.06, 2022 წელი

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი მკაცრი მმართველი, ნათელი გონების ადამიანი და შორსმხედველი პოლიტიკოსი იყო. იმაზე მეტად შორსმხედველი, ვიდრე ოქტომბრის რევოლუციის ბელადი ლენინი.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სულაც არ მინდა, ლენინი დავაკნინო, მაგრამ სტალინი მასზე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და მოგვიანებით, უკვე მაშინ, როცა სტალინი ქვეყნის მმართველი გახდა, მისი ეს უნარი უფრო ნათლად გამოვლინდა. მანამდე კი, ანუ ლენინის სიცოცხლეში სტალინს ლენინთან საკმაოდ მწვავე საუბრები ჰქონდა უკრაინის საკითხზე და სტალინმა თავისი გაიტანა. საქმე ეხებოდა, ტროცკის წაქეზებით, ლენინის სურვილს, რომ უკრაინა რუსეთთან გაეერთიანებინა და მთელ ამ ტერიტორიას რუსეთის ფედერაცია დარქმეოდა. სახელწოდება უკრაინა კი მხოლოდ ოლქის აღმნიშვნელი იქნებოდა. მაგალითად, ისევე, როგორც კრასნოიარსკის ან იაროსლავლის ოლქები. თუმცა, სტალინმა ეს მისთვის დამახასიათებელი ლოგიკითა და ენერგიული ზეწოლით აღკვეთა და ისეთი „ვეშაპი“ პოლიტიკოსები დაამარცხა, როგორებიც ლენინი და ტროცკი იყვნენ“.

სხვათა შორის, უკრაინელთა ლიდერი სტეპან ბანდერა მოგვიანებით აღნიშნავდა: სტალინის ამ ქმედებამ უკრაინა ასიმილაციასა და სახელმწიფოებრიობის მოსპობას გადაარჩინაო. არადა ბანდერასთვის სტალინი ერთ-ერთი მთავარი მტერი იყო, რადგან სტალინი ნომერ პირველ ბოლშევიკად მიაჩნდა, ხოლო ბანდერა კი ბოლშევიკებს შეურიგებლად ებრძოდა. თუმცა, იმ შემთხვევაში სტალინმა უკრაინის წისქვილზე დაასხა წყალი და ბანდერამ ეს აღნიშნა კიდეც...

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „უკრაინამ 1917 წლის 25 დეკემბერს უკრაინის საბჭოთა სახალხო რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა, რომელმაც იურიდიულად 1918 წლის მარტამდე იარსება. 1919 წლის 10 მარტს კი უკრაინას დაერქვა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და 1922 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციასთან ერთად საბჭოთა კავშირის თანადამფუძნებელი გახდა. ეს მოკლე ექსკურსია. ახლა კი უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ლენინ-ტროცკის ტანდემისა და სტალინის დაპირისპირების შესახებ. სტალინმა, როგორც ეროვნებათა სახალხო კომისარმა ჩინებულად იცოდა უკრაინელთა განწყობები რუსეთის მიმართ და იმასაც კარგად უწყოდა, რომ უკრაინელები დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვოდნენ. სრულ ინფორმაციებს ამ საკითხზე სტალინს აწვდიდა მისი მეგობარი ფელიქს ძერჟინსკი, რომელიც „ჩეკას“ ხელმძღვანელობდა. ტროცკის კი, რომელიც იმ პერიოდში „წითელ არმიას“ მეთაურობდა, უკრაინელებისადმი განსაკუთრებული ზიზღი ამოძრავებდა, იმიტომ რომ უკრაინელები მოუთვინიერებელ ერად მიაჩნდა და მათი შეიარაღებული ჯგუფები დიდ ზიანს აყენებდნენ ტროცკის ძალებს. სწორედ ამიტომ ურჩია ტროცკიმ ლენინს, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციაში შეეყვანა და თუკი ამას პროტესტი მოჰყვებოდა, მაშინ ამ წინააღმდეგობის მონაწილეებს სასტიკად გასწორებოდნენ. ლენინმა ეს წინადადება მიიღო და პოლიტბიუროზე გასატანად მოამზადა, სადაც დამტკიცდებოდა კიდეც. თუმცა სტალინმა, რომელიც იმ დროს ეროვნებათა საკითხს განაგებდა, კატეგორიულად გაილაშქრა ამის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ლენინი და ტროცკი სტალინს კაბინეტში ესტუმრნენ. იქ მეც ვიმყოფებოდი, როგორც სტალინის მდივანი და მთელ ამ კამათს დავესწარი. სტალინს ოპონენტების მიმართ ორი ძირითადი არგუმენტი ჰქონდა. პირველი ის, რომ ეს იყო უაზრობა და ძალიან დიდი სისხლი დაიღვრებოდა, რასაც სავარაუდოდ, ბოლშევიკური მთავრობა გადაჰყვებოდა. მეორე მხრივ კი, სტალინი ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირს რომ შევქმნით, აუცილებლად დაგვჭირდება თანადამფუძნებლები და ამისთვის უკრაინაზე ძლიერი მოკავშირე არ გვეყოლებაო. სტალინის ლოგიკამ ლენინს აზრი შეაცვლევინა. ლენინის ზეწოლამ კი ტროცკის უკან დაახევინა...“

სტალინის ამ ნაბიჯმა ჩანასახშივე ჩაახშო დიდი სისხლის ღვრა რუსებსა და უკრაინელებს შორის, უკრაინა კი მართლაც გადაარჩინა როგორც იურიდიულად, ასევე ფიზიკურადაც.

მეტიც, მოგვიანებით სტალინმა უკრაინას უზარმაზარი ტერიტორიები შეუერთა, ესენია: დასავლეთ უკრაინა, ჩრდილოეთ ბუკოვინა და ამიერკარპატიის უკრაინა. ამასთანავე, სტალინმა უკრაინაში განათავსა რუსეთის შემდეგ ყველაზე მძლავრი ინდუსტრია, რომელიც შემდგომ მნიშვნელოვნად განვითარდა. სიმართლე რომ ითქვას, სტალინი ამ ყველაფერს უკრაინის სიყვარულით ნამდვილად არ სჩადიოდა, არამედ საერთო კონტექსტიდან გამომდინარე – საბჭოთა კავშირის საჭიროებისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ ამ ხალხს საბჭოთა ბელადმა დიდი სიკეთე გაუკეთა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი