ბელადები

რა ჩანაწერი გააკეთა ჰიტლერმა თავის დღიურებში სტალინზე

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 30.03, 2023 წელი

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ერთნაირად კარგად ერკვეოდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში და მას, როგორც არავის, შეეძლო, აბსოლუტური სიზუსტით განეჭვრიტა გლობალური გეოპოლიტიკური მოვლენები. აქედან გამომდინარე, სტალინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებდა თავის კოლეგებს და მოგებულიც სწორედ ამიტომ იყო.

იაკობ კედმი: „მე გეოპოლიტიკის მრავალი ასის ნაშრომები მაქვს წაკითხული და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სტალინთან ვერცერთი მათგანი ახლოც კი ვერ მივა. საბჭოთა ბელადს ამ სფეროს აღქმის საოცარი უნარი ჰქონდა და მათ განსახორციელებლად – შესაბამისი რესურსიც. სტალინმა შესანიშნავად უწყოდა, რომ ეგრეთ წოდებული, დასავლეთი იმთავითვე რუსეთის დასუსტებას ცდილობდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ეს კი იმიტომ სჭირდებოდათ, რომ ხელში ჩაეგდოთ ამ ქვეყნის უშრეტი ბუნებრივი სიმდიდრე. სწორედ ეს იწვევდა სამხედრო, ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის აგრესიებს. აქედან გამომდინარე გაჩაღდა ორი მსოფლიო ომი, მანამდე კი – სხვადასხვა სახის საკმაოდ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები. ეს ყველაფერი სტალინმა შესანიშნავად იცოდა და სათანადოდ ემზადებოდა მსგავსი საფრთხისთვის. სტალინს არც ის შეშლია და სწორად გამოთვალა, რომ ჰიტლერის მოსვლა გერმანიის მმართველობაში, რაც დასავლეთის მხარდაჭერით ხდებოდა, სწორედ რომ, საბჭოეთის (რუსეთის) წინააღმდეგ მიმართული, შორს გათვლილი ნაბიჯი იყო. იცოდა ეს სტალინმა და ყველა ღონეს იყენებდა, რომ ამ შეტაკების დრო, რაც შეიძლება, მეტად გადაწეულიყო. ხოლო შეტაკება რომ გარდაუვალი იყო, სტალინს ამაში წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი“.

ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერი 1933 წელს გახდა და ფაქტობრივად, მიწასთან გასწორებულ სახელმწიფოს ჩაუდგა სათავეში. იმ პერიოდში სტალინი უკვე ინტენსიურ ინდუსტრიალიზაციას ახორციელებდა და ქვეყანა მოწინავე პოზიციებზე გაჰყავდა. როგორც დღესდღეობით დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, 1941 წლის ივნისში ჰიტლერი რომ რუსეთში (საბჭოთა კავშირში) არ შეჭრილიყო, საბჭოთა კავშირი 1943 წელს ეკონომიკურ-სამხედრო ძლიერებით აჯობებდა ერთად აღებულ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიასო. სტალინი ისეთი ფანტასტიკური ტემპებით ავითარებდა ქვეყანას, რომ დასავლეთს შეეშინდა რუსეთის (საბჭოთა კავშირის) სიძლიერის და ჰიტლერის დახმარება ამიტომ გააძლიერაო.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „მახსოვს, ტროცკი ახალი გაგდებული იყო ქვეყნიდან (1929 წლის თებერვლის მიწურულს), როცა კერძო საუბარში სტალინმა მითხრა: „ბრონშტეინი (ტროცკი) კიდევ ერთი შენაძენია ჩვენი იმპერიალისტი მტრებისთვის“. რომ ვკითხე: სხვა შენაძენი ვინღაა-მეთქი, გაეცინა და მიპასუხა, ჰიტლერიო. ჰიტლერზე, მართალია, რაღაცები ვიცოდი, მაგრამ მაშინ ის არ იყო ისეთი სერიოზული ფიგურა. უფრო კომიკურ ასპექტში განიხილებოდა და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. სტალინმა კი მითხრა: ეს ის ადამიანია, ვისაც სულ მალე მოწინავე პოზიციებზე ასწევენ და ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენო. რთული იყო ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ასე მოხდა და სტალინმა ეს უზუსტესად გამოიცნო. 30-იან წლებში ჩვენი პოლიტიკა, ძირითადად, ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაზე იყო ორიენტირებული. ხოლო 1933 წლიდან კი ძალიან გავაქტიურდით საგარეო ასპარეზზე, რადგან სტალინი დარწმუნებული იყო, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა და დიპლომატიური გზებით ვცდილობდით ომის დაწყების თარიღის გადაწევას (იგულისხმება ჰიტლერის ჩვენთან შემოჭრა), ხოლო ჰიტლერულ გერმანიასთან რომ ომი მოხდებოდა, ამაში სტალინი, ჯერ კიდევ, 1933 წლის მიწურულს იყო დარწმუნებული“.

სტალინი რის სტალინი იქნებოდა, რომ შესაბამისი ატივობა არ დაეწყო თავისი პოლიტიკის გასატარებლად და გასამარჯვებლად. როგორც კი ჰიტლერმა ფანტასტიკური აღმასვლა დაიწყო, დასავლეთის უდიდესი ინვესტიციებით გერმანიაში „ეკონომიკური სასწაული“ მოახდინა და „სუპერვარსკვლავი“ გახდა, უკვე ვერსალის ხელშეკრულებაც დაარღვია და ტერიტორიული პრეტენზიებიც წამოაყენა, სტალინმა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებს გაერთიანებული ძალებით ფიურერის შეჩერება შესთავაზა. თუმცა, მტკიცე უარი მიიღო. ამის მერე სტალინი ჰიტლერთან დაახლოების პოლიტიკას შეუდგა და ამ ყოველივეს თავდაუსხმელობის პაქტი მოჰყვა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინს ფანტასტიკური ლავირების უნარი ჰქონდა. საბოლოოდ დარწმუნდა რა, რომ დასავლეთი ჰიტლერს საბჭოეთთან ომისკენ უბიძგებდა, უკვე ჰიტლერთან გამონახა საერთო ენა. ომის დაწყების თარიღი გადასწია და ქვეყანა კიდევ უფრო გააძლიერა. ტყუილად როდი ჩაწერა ჰიტლერმა თავის „ბუნკერის დღიურებში“: „სტალინთან ომი დავაგვიანე და ჯერ კიდევ 1939 წელს უნდა დამეწყო...“

მავანნი სტალინს ფანტასტიკურ შეცდომებსა და ჰიტლერთან ფარულ შეთანხმებაში სდებენ ბრალს, რაც ნამდვილად არ არის ასე და რომ არა საბჭოთა ბელადის გამართული პოლიტიკა, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი