ბელადები

რა არ შეარჩინა სტალინმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.04, 2021 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი რომ გენიალური მმართველი იყო, ეს საყოველთაოდაა აღიარებული. საბჭოთა ბელადის სიდიადის საიდუმლო კი იმ პიროვნულ თვისებებში იმალება, რაც მას თავიდანვე ჰქონდა და რამაც პატარა გორელი სოსო დიდ სტალინად აქცია... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინოკენტი ივლიევი წერს: „სტალინი განსაკუთრებული ადამიანი იყო და მას, შესაბამისად, გამორჩეული პიროვნული თვისებები ჰქონდა. ეს ადამიანი ყოველგვარი ბოროტებისა და სიკეთის მიღმა იდგა, სწორედ, ასეთებს უწოდებენ იმორალურებს. საბჭოთა ბელადს, განსაკუთრებულ გონიერებასთან ერთად, საკუთარი გრძნობების, ემოციების მართვის საოცარი უნარი ჰქონდა. მან კარგად იცოდა, თუ რა უნდოდა, როგორ უნდა მიეღწია მიზნისთვის და ყოველთვის წარმატებას აღწევდა. სტალინის მდივანი ალექსანდრე პოსკრებიშევი იხსენებდა: „სტალინი, მართლაც რომ, ფოლადისებური ნებისყოფით იყო დაჯილდოვებული. მას შეეძლო, მრავალი საათის განმავლობაში უხმოდ, შეუსვენებლად ემუშავა საბუთებზე. მას არც მოშივდებოდა, არც მოსწყურდებოდა, ძილიც არ ეკარებოდა. სტალინი ნამდვილად არაადამიანური რეჟიმით მუშაობდა ომის დროს. ხშირად ის ორი სამი დღის განმავლობაში ფეხზე დამდგარი, მშიერი და უძილო ატარებდა მრავალსაათიან თათბირებს სხვადასხვა დარგობრივ ჯგუფებთან. თუმცა, ისიც კარგად უწყოდა, რომ ყველას ასეთი დატვირთვის ატანა არ შეეძლო. ნიშანდობლივია ის, რომ ერთ-ერთი ასეთი თათბირის დროს ღრმად ჩაეძინა მარშალ კონევს (მაშინ ჯერ კიდევ გენერალს), თუმცა სტალინმა ის არ გააღვიძა და არც დაუსჯია. სხვა თათბირზე კი ტანკმშენებლობის მინისტრ მალიშევს, რომელიც ორი დღის უჭმელი იყო, შიმშილისგან გული წაუვიდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ სტალინი დიდად თავშეკავებული პიროვნება იყო და თუკი ამას გარემოება მოითხოვდა, შეეძლო, პირადი შეურაცხყოფაც კი გაეტარებინა. თუმცა, ამას სტალინი არასოდეს ივიწყებდა და ამა თუ იმ ფორმით გარკვეული დროის შემდეგ პასუხს მაინც გასცემდა...“

პოსკრებიშევის მონათხრობიდან გამომიდნარე, საგულისხმო ისტორიაა დაკავშირებული იოსუკე მაცუოკასთან, რომელიც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და 1941 წლის 13 აპრილს კრემლში, იაპონია-საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერა ხელი. სახელგანთქმული იაპონელი დიპლომატი ტოსიკაძუ კარე, რომელიც ახალგაზრდობაში მაცუოკას პირადი მდივანი იყო და მას მოსკოვში ახლდა, იხსენებდა: „ხელშეკრულებას რომ ხელი მოეწერა, ორივე მხარე ერთმანეთს უღიმოდა. თუმცა, ისიც იგრძნობოდა, რომ ისინი ნამდვილად არ იყვნენ მეგობრები. მაცუოკამ შამპანურით სავსე ბოკალი ასწია და სტალინს უთხრა:

– შეთანხმება ხელმოწერილია. მე არ ვიტყუები. თუ მოვიტყუები, მაშინ ჩემი თავი თქვენი იყოს. ხოლო თუ თქვენ მოიტყუებით, მაშინ მე მოვალ თქვენი თავისთვისო.

სტალინმა თვალები მოჭუტა და მაცუოკას მთელი სერიოზულობით მიუგო:

ჩემი თავი ჩემი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც თქვენი თავი – თქვენი ქვეყნისთვის და მოდი, ამაზე ვიზრუნოთ, რომ თავები მხრებზე შეგვრჩესო...

კარგად ვიცოდი, რომ სტალინს ზედმეტი სიტყვის თქმას ვერავინ ჰკადრებდა, მაცუოკამ კი მის მიმართ კადნიერება, თავხედობაც კი გამოავლინა. თუმცა, სტალინმა ღირსეულად მოიგერია, მას კარგი რჩევაც მისცა, მაგრამ მაცუოკას მაინც არ შერჩა თავი მხრებზე...“

თავის მხრებზე არ შერჩენამდე ჯერ კიდევ 5 გრძელი წელიწადი იყო. სტალინმა მაცუოკა ხელის ჩამორთმევით გაისტუმრა კრემლიდან. თუმცა, შემდგომ არაროდინარული ნაბიჯი გადადგა და ცხოვრებაში პირველად გააცილა სტუმარი მატარებელში ჩაჯდომამდე, რითაც მისი გაოცება გამოიწვია. სტალინმა ამით დადებული პაქტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გერმანიის ელჩის, შულენბურგის თვალწინ, რომელიც ასევე, მაცუოკას აცილებდა, გადაეხვია და უთხრა:

– ჩვენ აზიელები ვართ და თუკი ერთად ვიქნებით, მნიშვნელოვან პრობლემებს გადავწყვეტთ.

მაცუოკამ კი დაამატა:

– მსოფლიოს პრობლემებს გადავწყვეტთ.

სტალინი, რა თქმა უნდა, არც ამ პაქტს ენდობოდა, ისევე როგორც გერმანიასთან დადებულ ხელშეკრულებას და ორივე შეთანხმებას დროის მოგების მიზნით იყენებდა...

თავის მხრებზე არშერჩენის დრო იოსუკე მაცუოკას 1946 დაუდგა. 1945 წელს მაცუოკა და სხვა იაპონელი „ქორები“ ამერიკელებმა დააპატიმრეს და ისინი შორეულ აღმოსავლეთში ნიურნბერგის ტრიბუნალის მსგავს სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს. 1946 წლის 27 ივნისს, როდესაც ტრიბუნალი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, საკანში დაბრუნებულ მაცუოკას ზედამხედველმა სიტყვასიტყვით უთხრა: „სტალინმა შემოგითვალათ, რომ სულ მალე ის თქვენი თავისთვის მოვაო...“

დილით მაცუოკა საკანში გულგახეთქილი იპოვეს. ექიმმა ინფარქტის დიაგნოზი დაადგინა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი