ბელადები

რა ახალი სტრუქტურა შეიქმნა საქართველოს „ჩეკაში“ ბერიას ინიციატივით

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 12.06, 2022 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია არა ერთი ინოვაციის, იდეის ავტორია და როგორც ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ, მუდმივად განახლებისა და ახალი იდეების ძიებაში იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა პოსტი ეკავა მას თავისი კარიერის ამა თუ იმ ეტაპზე.

ალექსანდრე კოლპაკიდი (მწერალი, სპეცსამსახურების ისტორიკოსი): „სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული, „ობეხეესი“ ბერიას პირმშო იყო და მან ეს განყოფილება საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელად ყოფნის დროს შექმნა. ჩემი თაობის ადამიანებს კარგად გვახსოვს ეს კომუნისტური პერიოდის ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლი უწყება, რომელიც „ზასტოის“ პერიოდში კორუფციის დიდი წყარო იყო და ძალოვნები ზღაპრულად მდიდრდებოდნენ. ბერიას დროს კი ამ განყოფილებას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა და მის მოვალეობაში შედიოდა სოციალისტური ქონების დამტაცებელთა გამოვლენა და მათი ქონების კონფისკაცია. ასევე, იყო ქვედანაყოფები, რომლებიც ავლენდნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ქონებასა და სავალუტო ანგარიშებს საზღვარგარეთ. ასეთები კი საკმაოდ იყვნენ საქართველოში გასული საუკუნის 20-30-იან წლებში და ძირითადად ხელოვნების სფეროდან“.

ბერიას შექმნილი ეს ახალი სტრუქტურა ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა და 1930-1940-იან წლებში საქართველოში ამოღებულ იქნა 120 მილიონი მანეთი. ხოლო საზღვარგარეთ აღმოჩენილი ქონებიდან კი – 200 მილიონი დოლარი, რაც იმ პერიოდში კოლოსალური თანხა იყო. ფულის ამოღება საზღვარგარეთ ასეთი სქემით ხორციელდებოდა: ქონების პატრონს (თუკი მას უძრავი ქონება ჰქონდა) გააყიდინებდნენ იმ ქონებას და მიღებულ ვალუტას ხაზინაში შეატანინებდნენ. სამაგიეროდ კი, მანეთებს აძლევდნენ, რა თქმა უნდა, შედარებით მცირე რაოდენობით. ხოლო, ვისაც სავალუტო ანგარიშები ჰქონდა, მათ მთელი ფული გამოჰქონდა და ხაზინაში შეჰქონდათ. მათაც საკომპენსაციო თანხას მანეთებში უხდიდნენ... ძნელი სათქმელია, ასეთი რამ ბერიას კარგი საქმეების აქტივში რამდენადაა ჩასაწერი, რადგან ეს იყო იძულებითი ზომები, მაგრამ იმ პერიოდისთვის – საკმაოდ პროგრესული და სტალინის ბრძანებით ეს სამსახური მთელი საბჭოეთის მასშტაბით გაფართოვდა...

სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): „ობეხეესი“, რა თქმა უნდა, საჭირო სტრუქტურა იყო. მაგრამ ადამიანებისთვის პატიოსანი გზით მოპოვებული ქონების, თუნდაც უცხოეთში ასე ჩამორთმევა არ იყო სწორი და მამა მოგვიანებით აღნიშნავდა კიდეც ამას: ზოგჯერ გადავამლაშეთ კიდეცო.... ისე კი, „ობეხეესმა“ დადებითი როლი შეასრულა და ეკონომიკური დანაშაული იმ წლებში საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, მოგვიანებით, უკვე მამაჩემის დაღუპვის შემდეგ, ეს სტრუქტურა ფულის მომხვეჭელი გახდა და ალბათ, ყველას ახსოვს, რა ხდებოდა მაშინ.“

როგორც სერგო ბერია ამბობს, მამამისი გარკვეულ სინანულს გამოთქვამდა ადამიანებისთვის ვალუტისა თუ უცხოეთში არსებული ქონების ჩამორთმევის გამო. სხვათა შორის, მათ ვინაობებს შეგნებულად არ ვასახელებთ და არაერთ ცნობილ ქართველ ხელოვანს ჩამოართვეს, ძირითადად, უცხოურ სავალუტო ანგარიშებზე არსებული დოლარები, მარკები და ფრანკები. თუმცა, ბერიამ მათ საკონპენსაციოდ უკვე საქართველოში გადასცა საკმაოდ ძვირად ღირებული უძრავი ქონება და ათასობით (ზოგჯერ ათიათასობით) მანეთი.

ბორის სოკოლოვი (მწერალი, ბერიას ბიოგრაფი): „საინტერესო დეტალია, როდესაც ბერია ვერაგულად გაანადგურეს შეთქმულებმა, მისი პირადი სეიფი გახსნეს და იქიდან უამრავი დოკუმენტი და სხვადასხვა გეგმა წაიღეს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა. ის დაწვრილებით იყო შედგენილი და ნიშანდობლივია, რომ მას „ანტიკორუფციული“ ეწოდებოდა. ხოლო ასეთი ტერმინი საბჭოეთში არ იხმარებოდა და მას კაპიტალისტურ დატვირთვას ანიჭებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, სისულელე იყო... ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბერია სტალინის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში რადიკალურ რეორგანიზაციას აპირებდა და არც დასავლეთიდან თაკილობდა სიახლეების გადმოღებას, თუკი ეს მის ქვეყანას წაადგებოდა. ბერია იყო ერთადერთი ადამიანი მთელს პოლიტიკაში (სტალინის გარდაცვალების შემდეგ), რომელსაც სიღრმისეულად ესმოდა ყველა პრობლემა და დიდ ძალისხმევას დებდა, რომ გამოესწორებინა. ხოლო ბიუროკრატი მაღალჩინიანები კი თავიანთ სკამზე იყვნენ ჩაფრენილები და მართალია, დიდი ცოდნა არ გააჩნდათ, მაგრამ იმას კი მიხვდნენ, რომ ბერიასეული რეფორმები მათ კარიერას შეიწირავდა. ამიტომ შეიკრნენ და თავად ბერია შეიწირეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიკურად.

ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ბერიას სეიფიდან წამოღებული პროექტების ნაწილის განხორციელება შეთქმულებმა დაიწყეს, მაგრამ ნახევარ გზაზე მიატოვეს, რადგან ბიუროკრატიული რეჟიმის შეცვლა ვერ გაბედეს. ასეთ ნაბიჯს ლავრენტი ბერიასნაირი პიროვნება სჭირდებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი