ბელადები

ლენინის რომელი შეცდომა გამოასწორა სტალინმა მისი სიკვდილის შემდეგ

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.09, 2022 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი უდიდესი მმართველი იყო და არა მარტო პრაქტიკულ, არამედ თეორიულ პრაქტიკაშიც. საბჭოთა ბელადი ყოველთვის გააზრებულად ახორციელებდა თავის პრაქტიკულ საქმიანობას, რასაც ყოველთვის წინ უძღოდა მას საკითხის თეორიული განხილვა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ხრუშჩოვისეული პროპაგანდა ყოველმხრივ ჩქმალავდა სტალინის თეორიულ საქმიანობას და ისე წარმოაჩენდა მის პერსონას, თითქოს სტალინი მხოლოდ პრაქტიკოსი იყო, თანაც უამრავი შეცდომებით, მე კი მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იოსებ ბესარიონის ძე დიდი პოლიტიკოსი იყო და მის მიერ განხორციელებული ინდუსტრიალიზაციას, ზუსტი და მიზანმიმართული თეორიული გათვლები უძღოდა წინ. სწორედ სტალინს მიეცა შემუშავებული „სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის დოქტრინა“, რაც საფუძვლად დაედო საბჭოეთის სიძლიერეს და რამაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოდ გადააქცია...“

გენერალი ვოლკოგონოვი სიმართლეს ამბობს. მაგრამ, აღსანიშნავია ის, რომ სტალინის ბიოგრაფს გამოტოვებული აქვს მთავარი ასპექტი, ანუ, ის, რაც სტალინმა ძალიან ოსტატურად გათვალა და ვირტუოზულად შეასრულა. ლაპარაკია, ერთი შეხედვით, იმ „იდეოლოგიურ გადაცდომაზე“, რაც საბჭოთა ბელადმა დაუშვა. ლენინმა მუშურ-გლეხური პრიორიტეტების დოქტრინა გამოაცხადა და ის ინტელიგენციას დაუპირისპირა. ანუ, ოქტომბრის რევოლუციის ბელადი უარყოფდა ინტელიგენციის როლს ქვეყნის მშენებლობაში (ლაპარაკია, ეგრეთ წოდებული, ცარიზმის დროინდელ ინტელიგენციაზე) და მთელი ტვირთი მუშებსა და გლეხებს „აჰკიდა“. ძველი, განათლებული და კულტურული ინტელიგენცია კი, რომ იტყვიან, სანაგვეზე გადააგდო. ნაწილი ქვეყნიდან გააქცია, ნაწილი ციხეებში ჩაყარა, საკმაოდ დიდი ნაწილი კი დახვრიტა. თუმცა, ამ ქმედებამ არ გაამართლა და მუშებმა და გლეხებმა, რომ იტყვიან, „ვერ გაქაჩეს“. ან, რა უნდა ექნათ, მათ ხომ სათანადო კომპეტენცია არ ჰყოფნიდათ და მხოლოდ ფიზიკური ძალის ფუნქციის შესრულება შეეძლოთ. როგორც კი ლენინი გარდაიცვალა, სტალინმა მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც ემიგრაციაში გაქცეულებს შეეძლოთ სამშობლოში დაბრუნება, თუკი ისინი სასარგებლო საქმიანობას შეასრულებდნენ და თუ მათ მძიმე დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი – მკვლელობა, ტერორიზმი და ასე შემდეგ. ხოლო მიგრანტებს რომ ეს ყველაფერი ბლეფად არ მოსჩვენებოდათ, სტალინმა ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოაცხადა. ციხეებიდან ათეულ ათასობით ინტელიგენტი, თავისი საქმის მცოდნე გამოუშვა და არა მარტო გამოუშვა, არამედ ისინი საპასუხისმგებლო პოსტებზე გაამწესა. აი, სწორედ ამის მერე დაიწყო ემიგრანტების უკან დაბრუნება. მათ კი ახალგაზრდა სახელმწიფოს განვითარებას მძლავრი ბიძგი მისცეს...

ზინაიდა ორჯონიკიძე (სერგო ორჯონიკიძის ქვრივი): „სერგო აღფრთოვანებული იყო სტალინის ამ ნაბიჯით და ამბობდა: ილიჩი შეცდა, როდესაც რუსეთის იმპერიის საუკეთესო ინტელიგენტური ძალა ქვეყნიდან გარეკა, სტალინმა კი ეს დიდი შეცდომა გამოასწორა. რომ არა სტალინის ასეთი ნაბიჯი. საბჭოეთის ისტორია ჯერ კიდევ 1926 წელს დასრულდებოდაო...“

ლენინის, ეგრეთ წოდებული, იდეოლოგიზირებულობა, არც თუ ისე იშვიათად, ყველა დასაშვებ ნორმებს სცილდებოდა. ის (ლენინი) ვერ ხვდებოდა ან სულაც არ უნდოდა, გაეგო, რომ მყარი ფუნდამენტის გარეშე შენობას ვერ ააშენებდა. ერთია, როცა ძველს ანგრევ, მაგრამ ახალს ხომ სჭირდება აშენება? უვიცი და გაუნათლებელი მასა კი ამ საქმისთვის ვერ გამოდგება. ამიტომ, სტალინმა ანტილენინური კურსი აიღო (თუმცა აცხადებდა, რომ ლენინური გზით მიდიოდა) და ფანტასტიკურ შედეგებსაც მიაღწია. ლენინის მიერ, ფაქტობრივად, განადგურებული დარგების აღდგენა დაიწყო და ამაში სწორედ გაგდებულ-დაპატიმრებული ხალხი გამოიყენა. ბევრი ახალი დარგიც დააარსა და ამაშიც სწორედ ის კონტინგენტი გამოიყენა. რუსეთში შეიქმნა უმძლავრესი სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრები. საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას და იქ სწავლის მიღების საშუალება უბრალო მუშებისა და გლეხების შვილებს მიეცათ, თანაც, ყოვლად უფასოდ. და სწორედ მათ განახორციელეს ქვეყნის მოდერნიზაცია. ამ ხალხის უკან კი ძველი ინტელიგენტები და მეცნიერები იდგნენ. მთავარი რეჟისორი და დირიჟორი კი იოსებ სტალინი იყო, რომელიც წარმატებით მართავდა ამ უკვე განათლებულ, ნასწავლ და კვალიფიციურ ხალხს.

მწერალი კონსტანტინე სიმონოვი: „საბჭოეთის აღორძინება და გაძლიერება ჩემ თვალწინ მოხდა და ამაში უდიდესი წვლილი სტალინს მიუძღვის, მის სწორ პოლიტიკას და იდეოლოგიური, მოძველებული და რიგ შემთხვევაში მავნებლური ჩარჩოებიდან გამოსვლაში. მარტო ფიზიკის სკოლის გაძლიერება რად ღირს, რასაც შემდეგში მთელი რიგი დარგების განვითარება მოჰყვა. კაპიცა, ლანდაუ და სხვები საზღვარგარეთ მუშაობდნენ და წარმოიდგინეთ, სტალინს მათი დახმარებისთვის უარი რომ ეთქვა, რა მოხდებოდა. მან კი პირადად ჩამოიყვანა ყველანი ფინანსები და ლაბორატორიები მისცა და შედეგმაც არ დააყოვნა.“

სიმონოვი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს. ლენინი რომ ყოფილიყო, ეს სახელოვანი ადამიანები რუსეთის გარეთ მოიხვეჭდნენ დიდებას. უცხო, ზოგ შემთხვევაში, მტრული ქვეყნებზეც კი იმუშავებდნენ და როგორც სერგო ორჯონიკიძე ამბობდა, საბჭოეთის ისტორია ჯერ კიდევ 1926 წელს დასრულდებოდა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი