ბელადები

ბერიას წყალობით, ჰიტლერმა საბჭოეთთან ომი 3 წლის დაგვიანებით დაიწყო

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 25.04, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია მრავალმხრივი შესაძლებლობის, მრავალპლანიანი ადამიანი იყო და წარმატებას უამრავ სფეროში მიაღწია. მათგან უმეტესი მათგანი საზოგადოებისთვის უცნობია.

ბევრმა ისიც კი არ იცის, თუ რა გრანდიოზული მიღწევები აქვს მას სადაზვერვო სფეროში. არადა, ჰიტლერული გერმანიის დამარცხებაში ბერიას უდიდესი დამსახურება აქვს.

ისტორიის პროფესორი ანდრეი ლავოჩკინი წერს: „საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომში გამარჯვება, ისევე როგორც სხვა საოცარი წარმატებები, უპირველეს ყოვლისა, მრავალეროვანი საბჭოთა ხალხის დამსახურებაა. სტალინი, ბერია, ჟუკოვი და სხვა მათი კოლეგები, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე ორგანიზატორ-შემსრულებლები იყვნენ. თუმცა, მათ შორისაც ბერია დიდი წინდახედულებითა და ახლა რომ იტყვიან – კრეატიულობით (შემოქმედებითობით) გამოირჩეოდა.

ხატოვნად რომ ვთქვათ, იოსებ სტალინი იყო დიდი ბელადი, ყველაზე მაღლა მდგომი, დიდი მეფე, დიდი იმპერატორი (სახელი ყველამ საკუთარი გემოვნებისამებრ შეარჩიოს); ლავრენტი ბერია კი ყველაზე მაღლა მდგომთან ყველაზე ახლო მდგომი იყო, თანაც, არა ლაქიურად, უნიჭოდ ან უპასუხისმგებლოდ, არამედ ძალიან შემოქმედებითად.

მაგალითად, შედარებისათვის ვიტყვი, რომ სტალინის „დიდი მარშალი“ ჟუკოვი, რა თქმა უნდა, მაღალი დონის პროფესიონალი იყო, მაგრამ ის მაინც ტრადიციულ, მოუხეშავ „სალდაფონად“ რჩებოდა. ანუ ჟუკოვს გამარჯვების მისაღწევად შეეძლო, უამრავი ჯარისკაცი გაეწყვიტა ყოველგვარი საჭიროების გარეშე, თუმცა დიდების დაფნის გვირგვინი კი მაინც მას ხვდებოდა ხოლმე წილად.

ამ მხრივ, ჟუკოვზე მეტად განსწავლული, თუ გნებავთ, ჰუმანურიც კი, მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი იყო და, სწორედ, ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გაგებისა და ხასიათის მარშლები ერთმანეთის მტრები იყვნენ. დავუბრუნდეთ ბერიას. ლავრენტი პავლოვიჩი, რა თქმა უნდა, მკაცრი და ზოგჯერ სასტიკი ადამიანიც იყო, მაგრამ, ჯერ ერთი, რომ ის ყოველთვის უფრთხილდებოდა ხელქვეითებს, მათ შორის, ყველაზე დაბალი რანგის მოხელეებსაც და არასოდეს იდგამდა თავზე გამარჯვების დაფნის გვირგვინს ხალხის მტრისთვის გაწყვეტა-გამეტების ხარჯზე.

გროსმაისტერი მოჭადრაკის მსგავსად, ბერიას ყველა საქმეში მრავალი სვლა წინასწარ ჰქონდა გათვლილი, მომზადებული და მოწინააღმდეგეს ყოველთვის წამგებ პოზიციაში აყენებდა. ბერიას გენიალური სვლის შედეგი იყო ის, რომ 1941 წლის მიწურულს მოსკოვს მომდგარი ფაშისტი ურდოების 500-ათასიანი კონტინგენტი ფეხშიშველი და შესაბამისად, ქმედითუუნარო დარჩა. მრავალი მათგანი კი გაიყინა და საბჭოთა დედაქალაქის კედლებთან ტყვიის გარეშე ჰპოვეს სიკვდილი.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ 30-იანი წლების მიწურულსა და 40-იანი წლების დასაწყისში გერმანიასთან კარგი ურთიერთობები გვქონდა და თავდაუსხმელობის ათწლიანი პაქტიც კი დავდეთ, დიდი ომისთვის ინტენსიური მზადება ხორციელდებოდა. საბჭოთა ხელმძღვანელობა, მათ შორის ბერიაც, დარწმუნებული იყო, რომ ჰიტლერი თავს დაგვესხმებოდა. ამიტომ შესაბამის სპეციალურ მზადებას ყველა სფეროში ახორციელებდა. ბერიამ წამოაყენა იდეა, რომ გერმანიასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დაგვემყარებინა. გათვლა მარტივი იყო – ჰიტლერი, რაღაც დონეზე, ჩვენზე დამოკიდებული გაგვეხადა, რომ ჩვენთან ომი რაც შეიძლება, გვიან დაეწყო და ეს გარკვეულწილად მოხერხდა კიდეც – ეს თარიღი, დაახლოებით, 3 წლით გადავწიეთ.

ჩვენი ქვეყანა გერმანიას მრავალი სტრატეგიული პროდუქტსა და პროდუქციას აწვდიდა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ როდესაც ფაშისტები ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ, მათი არმიის 80 პროცენტს ლენინგრადის ფეხსაცმელების ფაბრიკა „სკოროხოდის“ ჩექმები ეცვათ. ბერიას მიერ მოფიქრებული ეშმაკობა, ანუ ერთ-ერთი ძაღლის თავი, სწორედ, იქ იყო დამარხული. საქმე კი ის იყო, რომ ბერიას ბრძანებით, ფაშისტებისთვის განკუთვნილი საზამთრო სამხედრო ჩექმებს სპეციალური ქიმიური ხსნარით ამუშავებდნენ. როგორც კი ჰაერის ტემპერატურა მინუს 15-ზე დაბლა ეცემოდა, მასალა, რომლითაც ეს ჩექმები იყო დამზადებული, იქერცლებოდა, შემდეგ სკდებოდა და ჯარისკაცებს ფეხზე ნაკუწებიღა რჩებოდათ. 1941-ში მოსკოვსა და საერთოდ, რუსეთში დიდი ყინვები იყო და მთელი ჰიტლერული არმია, რომელიც საზამთრო ჩექმებზე იყო გადასული, ფეხშიშველი დარჩა. სანამ ახალი პარტია ჩაიტანეს, დაარიგეს და ჯარისკაცებს მოარგეს, არაერთი ფაშისტი გაიყინა და მოსკოვის მისადგომებთან ამოხდა სული...“

ჩექმებთან დაკავშირებული ეშმაკობის გარდა, ბერიას მითითებით, კონკრეტულად მოსკოვის მისადგომებთან კიდევ რამდენიმე სიურპრიზი ჰქონდათ მოწყობილი ფაშისტებისთვის. ამგვარად, ბერიას ეშმაკობამ არა მარტო ასეულ ათასობით ფაშისტი ჯარისკაცი დატოვა ფეხშიშველი მოსკოვთან, არამედ დედაქალაქის მისადგომებთან ფაშისტური სატანკო დივიზიებიც გააჩერა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი გონებისა და გაქანების ადამიანი ძალიან მარტივად, ვერაგულად მოიშორა ბრბომ, რომელმაც შემდგომ აღმშენებლობას სტაგნაცია არჩია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი