ბელადები

ბერიას თაოსნობით, მთავრობის სახლი ბავშვებს გადაეცათ და „პიონერთა სასახლე“ დაერქვა

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 12.09, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია მრავალმხრივი პიროვნება იყო და ინტერესების ფართო სპექტრი ჰქონდა. მიუხედავად ტოტალური მოუცლელობისა, ბერია დიდად იყო გატაცებული სპორტით და ის არა მარტო თავგამოდებული გულშემატკივარი იყო, არამედ აქტიური სპორტსმენიც. ისტორიის პროფესორი ვალენტინ ხოხლოვი წერს: „ლავრენტი ბერია რომ ფეხბურთის ფანატი იყო, თბილისის „დინამოს“ პატრონობდა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამასთანავე, ბერია კარგი ფეხბურთელიც იყო და რომ არა მისი „ჩეკისტური“ კარიერა, შესაძლებელია, მაღალი კლასის გუნდშიც ეთამაშა. გარდა ფეხბურთისა, ლავრენტი პავლოვიჩს ჭადრაკიც იტაცებდა. საუკეთესოდ თამაშობდა და საკმაოდ ძლიერი მეტოქეებიც ჰყავდა დამარცხებული. საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიას ერთი პარტია სტალინთანაც აქვს ნათამაშები, რომელიც აგრეთვე, ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო. ნიკოლაი ვლასიკი ასე იხსენებს ამ ფაქტს: „1940 წლის აგვისტოში სტალინმა დასასვენებლად გაგრას მიაშურა. ერთ დღეს იქ ბერია ჩამოვიდა და ბელადს რაღაც მნიშვნელოვანი მოახსენა. ის-ის იყო ბერია უნდა წასულიყო, რომ სტალინმა შეაჩერა და უთხრა:

– ლავრენტი, მითხრეს, რომ ჭადრაკს ურიგოდ არ თამაშობ და ერთი პარტია ხომ არ გაგვემართა?

– ნება თქვენია, – მიუგო ბერიამ და ფანჩატურში შევიდა, სადაც სტალინს ჭადრაკი ჰქონდა გაშლილი.

ცოტა არ იყოს, ჭადრაკის მეც გამეგება და მათ თამაშს თვალს ვადევნებდი. თეთრებით ბერია თამაშობდა. ისე მიმდინარეობდა პარტია, რომ ყაიმი უნდა ყოფილიყო, მათ მალევე გაცვალეს ფიგურები და აშკარა იყო, უპირატესობა არცერთს არ ჰქონდა. ბერიას სვლა იყო. სანამ ის ითამაშებდა, სტალინმა თქვა: წესით, ყაიმიაო... თუმცა, ბერიამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ისეთი სვლა გააკეთა, რომ მხედარს კარგავდა. არ ვიცი, ბერია შეცდა თუ ასე განგებ ითამაშა, მაგრამ სტალინმა თავი გააქნია, ჭადრაკი გვერდზე გასწია და უთხრა:

– ლავრენტი, არ მგონია, გეშლებოდეს და ვერ ხედავდე, რომ ფიგურას კარგავ. მასეთი მოგება არ მინდა. ყაიმია! თავისუფალი ხარ!

ბერია წამოდგა. სტალინს გამოემშვიდობა და უხმოდ წავიდა.“

ვლასიკის მონათხრობიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, რომ ბერიამ განგებ ითამაშა შეცდომით. ყველაფერი ხდება და შესაძლოა, მას მართლაც შეეშალა, თუმცა, არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ ბერია სტალინს მოუგებდა. რადგან სტალინიც ძალიან ძლიერი მოჭადრაკე იყო. ისტორიას სტალინისა და ბერიას საჭადრაკო დუელის მეტი ეპიზოდი არ შემოუნახავს და სავარაუდოდ, ის ერთადერთი მატჩი იყო. სამაგიეროდ, ბერია მის იშვიათ თავისუფალ დროს ხშირად თამაშობდა ხოლმე ჭადრაკს და საკმაოდ წარმატებითაც. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ის საქართველოსა და ამიერკავკასიას ხელმძღვანელობდა. და, საერთოდ, ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში უძლიერესი საჭადრაკო სკოლა ჩამოყალიბდა. ყველაფერ ამას კი ის უძღოდა წინ, რომ ბერიას ინიციატივით, მეფისნაცვლის ყოფილი სასახლე, იმჟამად კი საქართველოს სსრ მთავრობის სახლი, 1937 წელს პიონერებსა და ოქტომბრელებს გადაეცათ და ასე დაარსდა თბილისის ლეგენდარული „პიონერთა სასახლე“. ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, გენერალ სერგო გოგლიძის (ბერიასთან ერთად დახვრიტეს) ღვიძლი ძმა, ვიქტორ გოგლიძე იხსენებდა: „ბერიამ 1936 წელს თავისთან მიხმო და მითხრა:

– ვიქტორ, შენ, როგორც სანიმუშო მოჭადრაკე და ბრწყინვალე პედაგოგი სათავეში უნდა ჩაუდგე ქართულ საჭადრაკო სკოლას. ჯერჯერობით პატარა კაბინეტს გამოგიყოფ. მომავალი წლიდან კი აი, ეს შენობა ბავშვებს გადაეცემათ და აქ დაიდებთ ბინასო.

თქმა და შესრულება ერთი იყო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ბერია შემპირდა და ჩვენ საჭადრაკო სექცია-კაბინეტი გავხსენით. ოდნავ მოგვიანებით კი ვახტანგ ქარსელაძემ საფუძველი ჩაუყარა ქართველ ქალთა საჭადრაკო სკოლას და ძალიან ძლიერი პოზიციები მივიღეთ არა მარტო საბჭოთა კავშირში. ამ დიდი წარმატების სათავეებთან კი ლავრენტი ბერია იდგა...“

სხვათა შორის, ჭადრაკი, ლავრენტი ბერიას არალეგალური საქმიანობის დროსაც ეხმარებოდა. როგორც ცნობილია, ბერია ბაქოს იატაკქვეშეთში მოღვაწეობის პერიოდში ჭადრაკის კარგ მოთამაშედ იყო ცნობილი. ხშირად ის ერთდროული თამაშის სეანსებსაც კი მართავდა, სადაც ყოველთვის იგებდა. ჭაბუკ ბერიას იღლიაში მუდამ ჭადრაკის დაფა ჰქონდა გაჩრილი და ისე დადიოდა. მხოლოდ ორიოდე კაცმა თუ იცოდა, რომ ჭადრაკის ფიგურებით ბერიას მნიშვნელოვანი სადაზვერვო ცნობები, რუკები და ნახაზები გადაჰქონდა. ბაქოში იმ პერიოდში კაზაკთა პატრულები ჩხრეკდნენ ყველას და ყველაფერს და ბერიას კი ხრახნიანი ფიგურები ჰქონდა. სხვათა შორის, ბერიამ ეს ჭადრაკი, რომელიც თავადვე დაამზადა, ვიქტორ გოგლიძეს უსახსოვრა და როდესაც ვიქტორის ძმა, სერგო და თავად ბერია დააპატიმრეს, „ჩეკისტებმა“ ჭადრაკიც „ამოიღეს“, ვითომ ნივთმტკიცებად. მაგრამ რატომ და რისთვის, უცნობია. ეს ჭადრაკი ვიქტორისთვის აღარ დაუბრუნებიათ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი