ბელადები

ბერია ვატიკანთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 06.06, 2021 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია ძალიან მოქნილი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და სტალინის სიკვდილის შემდეგ, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ძალიან პროგრესულ და სწორ ნაბიჯებს დგამდა...

ისტორიკოსი ვალერი ივანოვი წერს:

„სტალინის სიკვდილისთანავე ბერიამ ძალიან ჭკვიანური პოლიტიკის წარმოება დაიწყო. მან მშვენივრად იცოდა, რომ მსოფლიოს პოლიტიკურ-ფინანსურ-რელიგიური ელიტის დახმარების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევდა და შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა დაიწყო.

თეოლოგი ანტუან დებლერი წერდა:

„გარდაიცვალა თუ არა სტალინი, ბერიამ პირველ რიგში პოლიტიკური, ფინანსური და რელიგიური კავშირები აამოქმედა. მან იცოდა, რომ უცხოური ინვესტიციების გარეშე უზარმაზარი ქვეყნის მოდერნიზებას ვერ განახორციელებდა. დიდ ინტერესს იწვევს ბერიას კავშირები ვატიკანთან. ერთი მხრივ, ბერიას ვატიკანში კარგად ორგანიზებული საჯაშუშო ქსელი ჰყავდა და თუ იქ ვინმე ცხვირს მოიფხანდა, ეს ინფორმაციაც კი მასთან მიდიოდა. მეორე მხრივ, ბერიამ კარგად იცოდა, რომ შანტაჟსა და ძალადობის გზას შეთანხმება სჯობდა. ვატიკანს ძალიან დიდი ფული ჰქონდა. ბერიას კი ეს ფული, ინვესტიციები ქვეყნის ასაღორძინებლად სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. ამიტომ, ვატიკანთან ფარული მოლაპარაკებები დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია“.

1953 წლის აპრილ-მაისში, ბერიას პირადი წარმომადგენელი ვლადიმერ დეკანოზოვი 6-ჯერ ფარულად შეხვდა ვატიკანის იერარქებს და შეთანხმდნენ, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებდა საბჭოეთის ეკონომიკაში. სამაგიეროდ მოსკოვში ვატიკანის წარმომადგენლობა უნდა გახსნილიყო. აემოქმედებინათ კათოლიკური ტაძრები და საბჭოთა კათოლიკეებისთვის უფლება მიეცათ, დაუბრკოლებლად ელოცათ და ეღვაწათ.

ისტორიკოსი როი მედვედევი: „ბერიამ ათიანში გაარტყა, როდესაც ვატიკანთან დაიწყო კონტაქტების დამყარება. ეს ორგანიზაცია მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე გავლენიანი და მდიდარი იყო და რომ იტყვიან, ბერიას არა მარტო დადებით პიარს შეუქმნიდა, რაც მთავარია, დიდ ფულს ჩადებდა ქვეყნის აღმშენებლობაში და ამ საქმეში მნიშვნელოვანი, სწორედ, ეს იყო. დეკანოზოვი ძალიან გამოცდილი მზვერავი და დიპლომატი წლების განმავლობაში მუშაობდა გერმანიაში და რაც მთავარია, ბერიას დიდი ნდობით სარგებლობდა. დეკანოზოვს უკვე მომზადებული ჰქონდა ნიადაგი ბერიასა და რომის პაპის ფარული შეხვედრისთვის. და სწორედ, იქ გაფორმდებოდა ისტორიული შეთანხმება და ვატიკანი ფულს „გამოუშვებდა“, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ყველაფერი ჩაიშალა“.

ბერია, თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე ჩამოყალიბდა მაღალი კლასის პოლიტიკოსად. ბელადის გარდაცვალების შემდეგ კი მან ამ თვისებების ფართოდ გამოვლენა დაიწყო, მაგრამ...

დიმიტრი ლიხაჩოვი:

„ცოტა არ იყოს, უცნაური რამ უნდა ვთქვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ვცდები. ჩემი აზრით, გარკვეულწილად, ბერია ანარქონიზმი იყო. ანუ ეს ადამიანი რომ სხვა ეპოქაში დაბადებულიყო და გვერდით ნორმალური კოლეგები ჰყოლოდა, სულ სხვა, უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევდა. ბერია ისეთ სახელმწიფოში მოღვაწეობდა, რომ იძულებული იყო, ორმაგი სტანდარტებით ემოქმედა და თავისი მოღვაწეობა შესაბამისად შეენიღბა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბერიას რომ შეერთებულ შტატებში ემოღვაწა, რამხელა წარმატებებს მიაღწევდა, იქ ხომ ყოველგვარი შენიღბვისა და ორმაგი სტანდარტებისგან თავისუფალი იქნებოდა. მაგრამ ბერია საბჭოთა ფუნქციონერი იყო და შესაბამისი წესებით მოქმედებდა.

ვატიკანს დავუბრუნდეთ – როდესაც ბერიას მკვლელობის შესახებ რომში შეიტყვეს და ზოგიერთ დეტალსაც გაეცნენ, „წმიდა ტახტის“ მესვეურები ძალიან შეწუხდნენ. პაპმა კი ბერიას სულის მოსახსენიებლად წმიდა ტაძარში მესა გადაიხადა. ქადაგებისას კი ყოვლად მოურიდებლად გალანძღა ბერიას დამამხობლები და მათ ავაზაკები უწოდა. ასეთი რამ არცაა გასაკვირი. ბერია ხომ ვატიკანს უზარმაზარ ქვეყანაში წვდომას უხსნიდა გზას და საბჭოეთში უდიდესი გავლენის მოპოვების პარალელურად, კათოლიკურ ეკლესიას საშუალება ეძლეოდა, უფრო მეტი ფული ეშოვა და თავისი კაპიტალი გაესამმაგებინა...

დიმიტრი ვოლკოგონოვი:

„ყველა იმ ბოროტებასთან ერთად, რასაც ბერიას სახელს უკავშირებენ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი დიდი სახელმწიფო მოღვაწე იყო და ქვეყნისთვის ბევრი დიდი სიკეთე გააკეთა. სიმართლე გითხრათ, ვერ მომინელებია, რა მარტივად მოიშორეს თავიდან. კარგი იქნებოდა, ეს არ მომხდარიყო და პირიქით ბერიას მოეგრიხა კისერი მათთვის...“

ასე თუ ისე, კისერმოგრეხილი თავად ბერია დარჩა და სულ მალე აღმავლობის გზაზე მდგომ ქვეყანასაც იგივე ბედი ეწია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი