ღვეზელი ხაჭოთი, ყველითა და პომიდვრით თათა გიორგობიანისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.10, 2021 წელი
მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემი მომზადებული ცომეული და განსაკუთრებით პიცა. რაღაც პერიოდი ვეგეტარიანელი ვიყავი და ამიტომ, ხორცეულთან დიდად ვერ ვმეგობრობ, ვერიდები, თუმცა გაკეთება ვიცი. ძალიან დიდი სიამოვნებით მივირთმევ ცოცხალ, დაუმუშავებელ ბოსტნეულს და არაჩვეულებრივ სალათებს ვამზადებ. ჭამისგან არასოდეს ვიკავებ თავს, თუმცა, მერე განტვირთვის დღეებს ვიწყობ და ვცდილობ, საღამის არ მივირთვა. დღეში, მინიმუმ, ორ ლიტრ წყალს ვსვამ. სამწუხაროდ, ვარჯიშს ვერ ვახერხებ, თუმცა ბევრს დავდივარ ფეხით. რადგან ხორცეულის გაკეთებას თავს ვარიდებ და უპირატესობას ჯანსაღ კვებას ვანიჭებ, ჟურნალ „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს შევთავაზებ ღვეზელის მომზადებას ხაჭოთი, ყველითა და პომიდვრით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კვერცხი
🔸 2 ჩაის კოვზი არაჟანი
🔸 2 ცალი პომიდორი
🔸 150 გრამი ყველი, 200 გრამი ხაჭო
🔸 250 გრამი მზა ფენოვანი ცომი
🔸 ცოტა ხმელი ორეგანო
🔸 ნახევარი კონა კამა
🔸 მარილი და პილპილი – სურვილისამებრ.
მომზადების წესი 👩🍳
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და მიეცით მრგვალი ფორმა. ყველი გახეხეთ, ხაჭო ჩანგლით დასრისეთ და დაუმატეთ არაჟანი. მწვანილი დაჭერით წვრილად და ნახევარი ამ მასას შეურიეთ. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ ხაჭოან მასას, მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, გადაანაწილეთ მასზე გულსართი. პომიდორი კი დაჭერათ რგოლებად და ზემოდან დაალაგეთ. ცომს გვერდები გადაუკეცეთ და მოუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. აცხვეთ 200 გრადუსზე, დაახლოებით, 30-40 წუთი. მზა ღვეზელს ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი მწვანილი და ხმელი ორეგანო.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან