კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ აპირებდა ინგლისის საფეხბურთო ნაკრების აფეთქებას თბილისში

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 21.07, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ამ პუბლიკაციის თითქმის ყველა პერსონაჟის სახელი შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

უსაფრთხოების ზომები

1986 წლის 26 მარტს თბილისში საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს შეხვდა. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მექსიკის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო. ბრიტანელები ჯერ მოსკოვში ჩაფრინდნენ. თამაშამდე ორი დღით ადრე კი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრნენ და 120 ინგლისელ გულშემატკივართან ერთად, სასტუმრო „ივერიაში“ დაბანაკდნენ. გაგანია პერესტროიკა მიდიოდა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოეთს დამთბარი ჰქონდა ურთიერთობები დასავლეთთან და ერთმანეთის წინააღმდეგ პროვოკაციები, ფაქტობრივად, არ ხორციელდებოდა, ბრიტანული დელეგაციის დასაცავად უპრეცედენტო ზომები განხორციელდა. მოსკოვიდან მათ „კაგებეს“ სპეცჯგუფი ჩამოჰყვა „ალფას“ 20 მებრძოლით და გარდა ამისა, ბრიტანელებს ადგილობრივი კონტრდაზვერვა მეთვალყურეობდა. გარე პერიმეტრს კი მილიციის სპეცრაზმი („ომონი“) აკონტროლებდა.

საგანგაშო ინფორმაცია

25 მარტს, ანუ თამაშის წინა დღეს, დილის 9 საათზე ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ლენინის სახელობის სტადიონზე ვარჯიში ჩაატარა. ჩვეულებისამებრ, ვარჯიშზე გულშემატკივრებს უშვებდნენ. ამჯერად ეს გამოირიცხა და სტადიონზე თვით ის 120 ბრიტანელიც არ შეუშვეს. ყველანი სასტუმრო „ივერიაში“ გამოკეტეს. თავაზიანად მოუბოდიშეს და გამოუცხადეს, რომ ეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით იყო გამოწვეული. „ივერიაში“ შესვლა-გამოსვლა მკაცრად შეიზღუდა და იქ უსაფრთხოების მიზნით მილიციის დამატებითი ძალები გადაისროლეს. „დინამოს“ სტადიონზე კი არნახული რამ ხდებოდა: სტადიონის პერიმეტრი მილიციის სამი შრით იყო შემოსაზღვრული და იქ შეუმჩნევლად ჭიანჭველაც კი ვერ შეაღწევდა. თავად ტრიბუნებზე კი თითოეულ წერტილს „კაგებეს“ გამნაღმველთა ორი ქვედანაყოფი ამოწმებდა. საქმე კი ის იყო, რომ მოსკოვიდან საიდუმლო შეტყობინება მოვიდა თომას უილანის მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ. ეს 45 წლის ირლანდიელი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ცნობილი ტერორისტი იყო. ის საბჭოთა კავშირში ინკოგნიტოდ ცხოვრობდა. უილანი ადრე „კაგებეს“ მიერ იყო მომზადებული და დაფინანსებული. ბრიტანეთის მთავრობა წლების განმავლობაში ითხოვდა მის ექსტრადიციას, მაგრამ საბჭოეთი აცხადებდა, რომ ტერორისტი მათთან არ იმყოფებოდა. გორბაჩოვის მოსვლის მერე ხელისუფლებაში ექსტრადიციის საკითხი განახლდა. ამას ისეთი პირი უჩანდა, რომ ტერორისტს, სავარაუდოდ, ბრიტანეთს გადასცემდნენ. ამიტომ უილანი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, მაგრამ 23 მარტს მოსკოვის მახლობელი აგარაკიდან ის მოულოდნელად გაუჩინარდა და მასზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა. გამორიცხული არ იყო, რომ უილანს ახალი ტერაქტი ჰქონოდა ჩაფიქრებული და ყველაზე სავარაუდო სამიზნე კი თბილისში გასამართი თამაში იქნებოდა.

„მგლების მბრძანებელი“

უილანის ტოტალურ ძებნას არანაირი შედეგი არ მოჰქონდა. თამაშის დაწყების დრო კი ახლოვდებოდა და საკითხი თამაშის გაუქმებამდეც კი მივიდა. თუმცა, გორბაჩოვმა კატეგორიული განკარგულება გასცა – თამაში გაიმართება, თუმცა, უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, უილანი კი – დაპატიმრებული. ამიტომ „კაგებეს“ გორბაჩოვის ბრძანების შესასრულებლად დიდი ძალებისა და რესურსების მობილიზება მოუხდა. თბილისი, ფაქტობრივად, ჩაკეტილ ქალაქად გამოცხადდა. „დინამოს“ სტადიონზე შესვლა კი შეიზღუდა. ბილეთების გაყიდვა შეწყდა და 80-ათასიან სტადიონზე, სადაც 100 ათასი გულშემატკივარი იკრიბებოდა ხოლმე, საბჭოთა კავშირ-ინგლისის თამაშს მხოლოდ 25 ათასი გულშემატკივარი დაასწრეს. უილანს კი „კაგებეს“ სპეცძალები მთელ საბჭოთა კავშირში ეძებდნენ. განსაკუთრებული ყურადღება კავკასიასა და საქართველოზე იყო გადატანილი. ტერორისტის ფოტო ყველა მილიციელს დაურიგეს, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო. უილანს ყველგან მახეები დაუგეს, სადაც შეიძლება, ის გამოჩენილიყო. დაბლოკეს ყველა ძველი მისი მეკავშირე, მაგრამ უილანი პროფესიონალი იყო და ყველა ხაფანგს იოლად აუარა გვერდი.

26 მარტს, დღის 14 საათსა და 30 წუთზე „ალფას“ სპეცჯგუფმა სასტუმრო „ივერიის“ წინ მილიციის ფორმიანი მამაკაცი გაკოჭეს, რომელიც თომას უილანი აღმოჩნდა. მას ხელნაკეთი ყუმბარები აღმოაჩნდა და როგორც თავად განაცხადა, ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ავტობუსისთვის სროლას აპირებდა, როდესაც ისინი სასტუმროდან სტადიონისკენ გაემართებოდნენ. უილანი მილიციის ფორმაში გადაცმული შეიპარა „ივერიის“ დაცულ ტერიტორიაზე და მისი გაშიფვრა ფარულად დამონტაჟებული ვიდეოკამერებით მოხერხდა, რაც 1986 წელს „ახალი ხილი“ იყო და მოსკოვიდან სპეციალურად ამ საქმისთვის ჩამოიტანეს. უკვე გაუვნებელყოფილი ტერორისტი, გორბაჩოვის ბრძანებით, დიდ ბრიტანეთს გადასცეს.

პ.ს. უილანი მგლების მბრძანებელს ნიშნავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი