კრიმინალური ისტორიები

ვინ და რატომ მოაჭრა თავი მოსკოვის ტყეში ყოფილ თბილისელ კრიმინალს

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 04.02, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საზარელი ტრიუკი
საბჭოთა კავშირის დაშლამ და ძველი წესრიგის მოშლამ არა მარტო პოლიტიკური არეულობა მოიტანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ „შავი სამყაროც“ არია. ქურდების მასობრივმა „გაციმბირებამ“ კრიმინალური წესრიგი ისე მოშალა, რომ „ბესპრიძელი“ ყოველდღიურ ყოფად გადაიქცა და უზარმაზარი პოსტსაბჭოთა სივრცე სისხლის მორევში იძირებოდა. როგორც სხვა სფეროებში, კრიმინალური სფეროს ცენტრი მოსკოვი იყო და სწორედ, იქ სუფევდა ყველაზე დიდი განუკითხაობა. ქურდების ციხეში ყოფნით ისარგებლეს ჩეჩნურმა დაჯგუფებებმა. ქალაქს თავზე დაასხდნენ და განურჩევლად ყველაფრისა, სასტიკი რეკეტის წყალობით, უზარმაზარ თანხებს აწერდნენ ბიზნესმენებს. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ახმად ბადალოვის მრავალრიცხოვანი ბანდა. ისინი ასეთი სქემით მოქმედებდნენ – გაიტაცებდნენ რომელიმე „ბომჟს“. დაბანდნენ, გაპარსავდნენ, აჭმევდნენ, ასმევდნენ, ჩააცმევდნენ. ერთი სიტყვით, წესრიგში მოიყვანდნენ და ადამიანს დაამსგავსებდნენ. შემდეგ, წაიყვანდნენ ტყეში, თავს კუნძზე დაადებინებდნენ და გატაცებული ბიზნესმენის თვალწინ ნაჯახით აჭრიდნენ თავს. ბიზნესმენს ეუბნებოდნენ, რომ ამ „სოლიდურ“ მამაკაცს იმიტომ წააცალეს თავი, რომ ფული არ გადაიხადაო... ასეთი საშინელი ტრიუკის შემდეგ ფულის გადახდაზე თითქმის არავინ ამბობდა უარს. მოთხოვნილი თანხა მიჰქონდათ, თან ენას კბილს აჭერდნენ, რომ თავი არ დაეკარგათ.


სალოსი ილია
1992 წლის დეკემბერში, თბილისში ერთ-ერთი სისხლიანი დაპირისპირების დროს მძიმედ დაიჭრა 33 წლის ილო გუგუშვილი, ხოლო მასთან ერთად მყოფთაგან სამი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ორიც დაიჭრა. მოწინააღმდეგეებს შორის ხუთი ადამიანი დაჭრეს... ილო გუგუშვილი ოთარ გუგუშვილის ტყუპისცალი იყო. ძმები ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას მეთაურობდნენ და საკმაოდ ცნობილები იყვნენ თავიანთ წრეშიც და მის გარეთაც. ილო გუგუშვილი 2 თვე ებრძოდა სიკვდილს და გადარჩა. თუმცა კიდევ ოთხი თვე გაატარა საავადმყოფოში და ამ შემთხვევიდან 6 თვის მერე, 1993 წლის მაისში გამოეწერა სახლში. გადარჩენის მიუხედავად, გუგუშვილს სამეტყველო აპარატი ჰქონდა დაზიანებული და ლაპარაკი ძალიან უჭირდა. თუმცა ნორმალურად აზროვნებდა და სიარულზეც არაფერი ეტყობოდა. მაისის მიწურულს ილო გუგუშვილი მოულოდნელად სახლიდან გაუჩინარდა. სახლში კი ბარათი დატოვა, რომელშიც ეწერა: „მივდივარ, რომ ცოდვები მოვინანიო. არ მეძებოთ...“ ოთარმა და მისმა ძმაკაცებმა გაუჩინარებული ილოს ძებნა დაიწყეს, თუმცა ვერსად აღმოაჩინეს. ილო კი მოსკოვში გაემგზავრა და სალოსობას მიჰყო ხელი. ის ქუჩა-ქუჩა, ეკლესია-ეკლესია დადიოდა, ლოცულობდა და მოწყალებას ითხოვდა. ნაშოვნი ფულით მაწანწალა ბავშვებისთვის საჭმელს ყიდულობდა. თავად კი იქ უთენდებოდა, სადაც უღამდებოდა... ასე გავიდა ექვსი თვე. ილოს სამოსი შემიოძენძა და წვერ-ულვაში და თმა გაეზარდა. დაუბანლობისგან სახეზე შავი ლაქები გაუჩნდა. 30 დეკემბერს ილო სამების ეკლესიასთან თხოულობდა მოწყალებას, როდესაც ის აჰმად ბადალოვის ბანდის წევრებმა გაიტაცეს და 2 კვირის განმავლობაში საშინელი ტრიუკისთვის ამზადებდნენ. მეტყველებადაქვეითებული ილო ცდილობდა, აეხსნა, რომ სალოსი იყო, მაგრამ „ბესპრეძელშჩიკებს“ ვერაფერი გააგებინა, ისინი საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერს იკადრებდნენ. ძველით ახალ წელს კი, 1994 წლის 13 იანვარს, ილო გუგუშვილი მოსკოვის მახლობლად, ტყეში გამოასალმეს სიცოცხლეს და ეს ტრიუკი ქართველ ბიზნესმენს, გურამ ქოქრაშვილს ჩაუტარეს, რომელსაც მილიონ დოლარს სთხოვდნენ. ქოქრაშვილი ფულის გადახდას დათანხმდა, თუმცა, მოსკოვიდან გაიქცა და მშობლიურ ქალაქში, თბილისში დაბრუნდა.


სასტიკი შურისძიება
თბილისში დაბრუნებიდან თვე-ნახევრის შემდეგ, 1 მარტს გურამ ქოქრაშვილი მისმა ბიძაშვილმა კოტე ქოქრაშვილმა წვეულებაზე მიიყვანა, სადაც ოთარ გუგუშვილიც იმყოფებოდა. კოტე და ოთარი ბიზნესპარტნიორები იყვნენ და კოტემ ბიძაშვილი იმ მიზნით მიიყვანა, რომ ბიზნესი გაეფართოებინათ. გურამმა რომ ოთარი დაინახა, თვალები გაუფართოვდა და სახე ცარცივით გაუთეთრდა. ქოქრაშვილმა მიზეზი ჰკითხა, გურამმა კი უთხრა:
– ძალიან ჰგავხარ ერთ მოსკოველ ბიზნესმენს, რომელსაც ტყეში ჩემ წინ თავი მოაჭრესო.
ამ სიტყვების მერე ქოქრაშვილმა ყველაფერი მოუყვა ოთარ გუგუშვილს და უთხრა:
– შემიძლია, ის ადგილი განახვო, სადაც ეს საშინელება მოხდაო.
ერთი თვის შემდეგ, ანუ 2 აპრილს მოსკოვში ფარულად ჩავიდა შეიარაღებულ ქართველთა ოცკაციანი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას დაბინავდნენ. მას მერე, რაც მოსკოვის ახლოს, ტყეში ილო გუგუშვილის სამარხი გათხარეს და თავი და სხეულის ნაწილები ამოიღეს, ცხედარი თბილისში გაგზავნეს და დაასაფლავეს. მოსკოვში მყოფმა შეიარაღებულმა ქართველებმა კი 16 აპრილს, კაზინო „ვესტაში“ სისხლიანი სასაკლაო გამართეს და აჰმად ბადალოვი და მისი ბანდის კიდევ 25 წევრი, სულ 26 ადამიანი, ტყვიებით ჩაცხრილეს. სროლა 3 წუთი გრძელდებოდა და ალყაში მოქცეულთაგან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. ამის შემდეგ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან ისე სწრაფად მიიმალნენ, რომ თვალი ვერავინ შეავლო. ბადალოვის ბანდის განადგურებამ სხვა მათი კოლეგებიც დააფიქრა და რეკეტის მეთოდები შეცვალეს. ხოლო სულ მალე ერთმანეთის მიყოლებით, თბილისელი, ქუთაისელი და სლავი ქურდები მოსკოვში დაბრუნდნენ და რამდენიმე სისხლიანი შეტაკების მერე ქურდული წესრიგი დაამყარეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი