კრიმინალური ისტორიები

ვინ და რატომ აპირებდა თბილისში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის დაბომბვას

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 29.04, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების გვარები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ტყუპები

აბდულბეკ და აბუბაქარ ჩინხოევები ჩეჩენი ეროვნების ტყუპი ძმები იყვნენ. მათ სამხედრო სასწავლებელი ჰქონდათ დამთავრებული, ლეიტენანტის ჩინი ჰქონდათ მინიჭებული და საქართველოში მსახურობდნენ.

აბდულბეკის სამხედრო სპეციალობა გეოდეზისტობა იყო და თბილისში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში მსახურობდა. აბუბაქარი კი – მფრინავი იყო და მისი საავიაციო პოლკი მარნეულში იყო განლაგებული. ტყუპები 1960 წლის 19 იანვარს იყვნენ დაბადებული.

1985 წლის 19 იანვარს აბდულბეკი სამსახურში, თანამშრომელთა ვიწრო წრეში აღნიშნავდა დაბადების დღეს. თან ტყუპისცალ აბუბაქარს ელოდა, რომელიც მარნეულიდან უნდა ჩამოსულიყო. შაბათი დღე იყო. შტაბში შედარებით თავისუფლება სუფევდა და რაც მთავარია, თანამესუფრეები ძალიან მშვიდად და უხმაუროდ ქეიფობდნენ გეოდეზისტთა ოთახში. უცებ კარი ხმაურით გაიღო და ოთახში პოლკოვნიკი ოვცოვი შეიჭრა. ის მთვრალი იყო, ჯერ მოქეიფეებს მიაყენა შეურაცხყოფა, შემდეგ კი მაგიდა გადაუბრუნა და სურსათ-სანოვაგეს ჩექმებით დაუწყო გათელვა. პოლკოვნიკი ოვცოვი გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმირ არხიპოვის ადიუტანტი იყო. არხიპოვი კი – სამხედრო ოლქის სარდალი.

აბდულბეკ ჩინხოევმა ოვცოვს ყბაში მუშტი მთელი ძალით დაარტყა და ძირს დააგდო. მთვრალმა პოლკოვნიკმა კი ტაბელური პისტოლეტი იშიშვლა, აბდულბეკს შუბლში ესროლა და ადგილზევე მოკლა. აბუბაქარი, სწორედ, ამ დროს მიადგა შტაბს, მაგრამ ის შენობაში არ შეუშვეს, რათა ცხელ გულზე რამე საშინელება არ ჩაედინა.

გეგმა

პოლკოვნიკ ოვცოვს სარდალმა არხიპოვმა ხელი დააფარა. მკვლელობის მოწმეები კი დააშინეს და გააჩუმეს. ყველაფერი კი ისე გაფორმდა, რომ თითქოს აბდულბეკ ჩინხოევი თავს დაესხა ოვცოვს და მანაც მოგერიების მიზნით ესროლა. მკვლელი კი არამც თუ არ დააკავეს, არამედ დააწინაურეს და მოსკოვში გადაიყვანეს.

აბუბაქარმა ძმა დაასაფლავა და სამართლის ძიებას შეუდგა. მან ყველა შესაბამისი უწყება მოიარა, მაგრამ ყველგან უარით ისტუმრებდნენ. აბუბაქარმა ბოლოს მოსკოვში სცადა სამართლის ძებნა და საკავშირო სამხედრო პროკურატურაში საჩივრის შეტანა გადაწყვიტა. თუმცა საჩივარი არ მიიღეს. ის კი არა, როდესაც აბუბაქარი საქართველოში დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ის ფრენებიდან იყო მოხსნილი, მისთვის ლეიტენანტის სამხედრო წოდება ჩამოერთმიათ და მარნეულის სამხედრო აეროდრომის ყველაზე დაბალ მომსახურე პერსონალთა სიაში ირიცხებოდა. ბრძანებას კი თავად სარდალი არხიპოვი აწერდა ხელს და აბუბაქარისთვის ეს ბოლო გაფრთხილება იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, შურისძიების წყურვილი მოსვენებას არ აძლევდა აბუბაქარ ჩინხოევს. ამიტომ, 1985 წლის 23 თებერვალს, შაბათ დღეს, როდესაც „წითელი არმიის“ შექმნის თარიღს ზეიმობდნენ, ხოლო სარდალი არხიპოვი კი ოლქის შტაბში იმყოფებოდა, აბუბაქარმა მოქმედება დაიწყო. მან დრო იხელთა და ბაზის საწყობიდან ოთხი ცალი მძიმე ბომბი გამოიტანა და თვითმფრინავში ტვირთავდა – 25 წლის აბუბაქარს ამიერკავვკასიის ოლქის შტაბის დაბომბვა ჰქონდა განზრახული. როდესაც თვითმფრინავში მეოთხე ბომბს დებდა, აბუბაქარ ჩინხოევი სამხედრო აეროდრომის დაცვამ შეიპყრო და ის კომენდატურაში წაიყვანეს. სასტიკი წამების შემდეგ აბუბაქარმა აღიარა, თუ რას გეგმავდა. ამიტომ, ის მიზანმიმართულად ცნეს შეურაცხადად და ქალაქ ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში გაამწესეს. ეს დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იყო მსოფლიოში. იქიდან ცოცხალი ვერავინ გამოდიოდა და ვერც გაქცევას ახერხებდა.

შურისძიება

აბუბაქარ ჩინხოევმა ფსიქიატრიულ ციხეში 5 წელი გაატარა. 1990 წლის 12 სექტემბერს კი გაქცევა მოახერხა. მან ერთ-ერთ ახალგაზრდა ექთან გოგონას თავი შეაყვარა და სწორედ ის დაეხმარა გაქცევაში. 22 წლის ლანა მასლოვამ აბუბაქარი შეუმჩნევლად გამოიყვანა იმ ჯოჯოხეთიდან და მასთან ერთად მიიმალა. მიუხედავად იმისა, რომ გაქცეულებზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა, მათ კვალს ვერავინ მიაგნო.

წყვილი თბილისში, ზემო ვერაზე აკაკი გოგუას კერძო სახლში იმალებოდა. გოგუა სამხედრო სასწავლებელში აბუბაქარის ლექტორი იყო და მას დიდად გულშემატკივრობდა. მიუხედავად ჯოჯოხეთური გაჭირვებისა, რაც აბუბაქარმა წლების განმავლობაში გადაიტანა, შურისძიების ჟინი წამითაც არ განელებია და უფრო გაუძლიერდა. 1991 წლის 19 იანვარს კი – ანუ ტყუპების დაბადებისა და აბდულბეკის მკვლელობის დღეს მიმალვაში მყოფმა, ძებნილმა აბუბაქარმა სტანისლავ ოვცოვი მოსკოვში, მისსავე აგარაკზე მარტო მოიხელთა და წამებით მოკლა.

ლანა მასლოვა და აბუბაქარ ჩონხოევი დაქორწინდნენ და მათ სამი შვილი შეეძინათ. ლანა, შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა. აბუბაქარი კი ჯოხარ დუდაევს მიემხრო და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. გენერალ დუდაევის მკვლელობის შემდეგ კი აბუბაქარი ჯერ თბილისში, ლანასთან დაბრუნდა და ცოტა ხანი აქ დარჩა. შემდგომ კი თურქეთში გაემგზავრა ოჯახთან ერთად და დღეს საუდის არაბეთში ცხოვრობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი