კრიმინალური ისტორიები

როგორ „გაუსუფთავა“ ჯიბეები ქართველმა ჯიბგირმა ლიკანში რუსეთის იმპერატორის ძმას

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 16.09, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ცნობილი ქართველი საბჭოთა ჯიბგირი ტიტე ცომაია, მეტსახელად „ლეზვი“, რუსეთის იმპერიისა და საბჭოეთის „შავი სამყაროს“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო და დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ არაორდინარული ადამიანის ცხოვრებიდან.

ქურდი-ინტელიგენტი

ტიტე ცომაია 1880 წელს იყო დაბადებული ზუგდიდის მაზრაში. 1890-1896 წლებში ის ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. მისი მშობლები პედაგოგები იყვნენ და დედისერთა ვაჟს სანიმუშოდ ზრდიდნენ. თუმცა, 16 წლის ტიტეს დედ-მამა ტიფით გარდაეცვალა და დაობლებულმა ჭაბუკმა ჯერ ქუთაისის, შემდგომ კი თბილისის ჯიბგირთა წრეში ამოყო თავი და ამ პროფესიას (ჯიბის ქურდობას) უმაღლეს დონეზე დაეუფლა. მისი მასწავლებელი კი ჯიბგირობის ასი, ცოცხალი ლეგენდა – კარლო დავითაშვილი იყო. სწორედ, მან უწოდა ჯერ კიდევ არასრულწლოვან ტიტეს „ქურდი ინტელიგენტი“, რა თქმა უნდა, გარეგნობის გამო – ტიტე მაღალი, თხელი, ღია ფერის თმითა და მომწვანო თვალებით ევროპელ დიდებულს ჩამოჰგავდა. ყმაწვილი ძალიან მოდურად იცვამდა და თავის საქმიანობას „სვეტურ“ საზოგადოებაში ახორციელებდა. „ლეზვი“ (ბასრი) ხშირად ჩნდებოდა სათავადაზნაურო თავყრილობებზე, სადაც ოქრო-ბრილიანტებში „ჩასმული“ „ნაღები“ ხალხი იკრიბებოდა, ის კი პირწმინდად „ასუფთავებდა“ მათ. 1899 წელს ლიკანში 19 წლის ტიტემ იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ძმას, კნიაზ მიხეილ რომანოვს ფურშეტის დროს კიტელიდან იმპერიის დიდი ოქროს ორდენი მოხსნა, ხოლო ჯიბიდან კი ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული სათუთუნე ამოუღო და ფურშეტი დატოვა. როდესაც ქურდობის ფაქტი გაირკვა, მთელი ჟანდარმერია ფეხზე დადგა. დადგინდა ქურდი და მასზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა „ლეზვი“ ორი წლის განმავლობაში მოუხელთებელი იყო. ის მხოლოდ 1901 წელს დააპატიმრეს თბილისში, ისიც შემთხვევით. პოლიცია ავლაბარში „აბლავას“ ატარებდა და ცომაია ქურდულ „მალინაში“ (კონსპირაციული ბინა) აიყვანეს, იცნეს, გაასამართლეს და ხუთწლიანი ციხე მიუსაჯეს. თუმცა, ციმბირში ეტაპირებისას ცომაია მატარებლიდან გაიქცა. არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა, ბაქოში აღმოჩნდა და ბოლშევიკებს შეეკრა.

ბერიას საათი

არალეგალურად მყოფი ტიტე ცომაია, პარალელურად, ბოლშევიკების სხვადასხვა დავალებასაც შესანიშნავად ასრულებდა და დიდი წარმატებითაც ჯიბგირობდა. თუმცა, 1905 წელს „ლეზვი“ ბაქოში დააპატიმრეს და ათი წლით გააციმბირეს. ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ ცომაია ირკუტსკის ციხიდან გაიქცა და მოსკოვამდე ჩააღწია. იქ კი თავისი წრის ადამიანები მალევე მოძებნა და ჯიბგირობა განაახლა. 1914 წელს „ლეზვი“ უკვე მოსკოვში დააპატიმრეს და 25-წლიანი კატორღა მიუსაჯეს. თუმცა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შედეგად განხორციელებულმა ამნისტიამ მას პატიმრობის ვადა 5 წლამდე შეუმცირა და ის ორ წელიწადში უნდა გათავისუფლებულიყო. ბოლშევიკური გადატრიალების მერე კი ცომაია ციხიდან გამოუშვეს და ჯიბგირი კვლავ მოსკოვში დაბრუნდა. 1918-1921 წლებში „ლეზვი“ დიდი წარმატებით „მუშაობდა“ უკვე საბჭოეთის დედაქალაქში და მიუხედავად იმისა, რომ მილიცია ინტენსიურად ეძებდა, მისი მოხელთება ვერ ხერხდებოდა. 1921 წლის ივლისში მოსკოვში მომავალში ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, 23 წლის არმანდ ჰამერი იმყოფებოდა. ერთ დღეს ჰამერი ტრეტიაკოვის ცნობილ გალერეაში იმყოფებოდა და სურათების გამოფენას ათვალიერებდა. იქვე იყო ლორდივით გამოწყობილი ცომაიაც. მან ჰამერს ჯიბიდან პლატინის პორტსიგარი მოჰპარა, რომელიც ბრილიანტის ქვებით იყო მოოჭვილი და დარბაზიდან გაუჩინარდა. მთელი „ჩეკა“ ფეხზე დადგა, თუმცა ქურდს ვერსად მიაგნეს. შეიტყო რა, მას მთელი საბჭოთა ძალოვნები ეძებდნენ, ცომაია მოსკოვიდან გაიპარა, ჰამერისთვის მოპარული პორტსიგარი ქუჩის ბავშვს „ჩეკაში“ გაატანა და მანეთიანი აჩუქა. მოპარული ნივთი პატრონს დაუბრუნდა, ხოლო „ლეზვი“ პეტროგრადში დააპატიმრეს და 8 წლით ციხეში ჩასვეს, რომელიც მთლიანად მოიხადა და 1929 წელს თბილისში ჩამოვიდა. ცომაია უკვე 49 წლის იყო და ციხეში ჯდომისგან საკმაოდ შერყეული ჯანმრთელობა ჰქონდა, თუმცა, მას ჯიბგირობაზე ხელი არ აუღია და თავის ჩვეულ საქმიანობას აქტიურად აგრძელებდა. შემოდგომის ერთ დღეს საქართველოს მუზეუმში უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, რადგან ძველი ქართული ხელნაწერების ექსპოზიცია გახსნეს. იქვე იმყოფებოდა „ლეზვიც“, რომელიც „საკბილოს“ ეძებდა და იპოვა კიდეც. ცომაიამ საშუალო სიმაღლის, სამხედრო ფორმაში გამოწყობილ მამაკაცს ჯიბიდან ოქროს საათი ამოაცალა და ძალიან სწრაფად გაეცალა იქაურობას. პროფესიონალმა ჯიბგირმა არ იცოდა, რომ დაზარალებული საქართველოს „ჩეკას“ მაღალჩინოსანი იყო. „მთელი „ჩეკა“ ფეხზე დადგა. დააპატიმრეს ყველა ჯიბგირი და ბოლოს „ლეზვიზეც“ გავიდნენ, რომელიც ნაძალადევში იმალებოდა, თუმცა მის ადგილსამყოფელს ვერ აგნებდნენ. შეიტყო რა, თუ ვის მოჰპარა საათი და რა ხდებოდა, ტიტე ცომაია მოპარული საათით „ჩეკაში“ გამოცხადდა. ბერიას ბრძანებით, ცომაია მის კაბინეტში შეიყვანეს და მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი „ჩეკისტი“ ქურდს ესაუბრა, მას მოპარული საათი აჩუქა და არ დააპატიმრა. თუმცა, უთხრა, რომ აღარ ექურდა და პატიოსნად ეცხოვრა. „ლეზვი“ 15 წლის განმავლობაში ასრულებდა ბერიასთვის მიცემულ პირობას და რუსთაველის გამზირზე მდებარე ფოტოატელიაში მუშაობდა. თუმცა, ბერიას სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს, ჯიბგირმა თავისი საქმიანობა განაახლა და 1955 წელს ის დააპატიმრეს. ტიტე ცომაია ერთი წლის შემდეგ, 76 წლის ასაკში, მოსკოვის ბუტირკის ციხეში გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი