კრიმინალური ისტორიები

როგორ „გაწეწეს“ ქურდებმა იატაკქვეშა ქართველი მილიონერი

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 30.06, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მოქმედების დრო, ადგილი და მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ქურდული წილი

1971წლის 3 აპრილს ივანე გულიას სახლში ოცდაათიოდე წლის მამაკაცი ესტუმრა და უთხრა, რომ ანზორ კორდღალიძისგან იყო გამოგზავნილი და 50 ათასი მანეთი და მეფის რუსეთის დროინდელი, 25 ოქროს ათმანეთიანი მოსთხოვა. გულია წვენების ქარხნის ინჟინერი იყო და ვაკის ახლად აშენებულ კორპუსში ცხოვრობდა. მას ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც 21 წლის იყო და მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. ანზორ კორღალიძე კი, ვისი სახელითაც მას ის ახალგაზრდა კაცი ესტუმრა, გულიას კოლეგა იყო და ერთი კვირით ადრე რუსთავის კოლონიაში გულის შეტევით გარდაიცვალა. ვიზიტორი მასპინძელს ემზარ კვერნაძის სახელით გაეცნო და მასპინძელს განუცხადა, რომ კორღალიძემ თავისი წილი კანონიერ ქურდს, ოთარ ლაბაძეს, მეტსახელად „კარლსონას“ აჩუქა. რომ მოთხოვნილი თანხა ქურდული წილია და დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოსო. კვერნაძე სწორედ „კარლსონას“ თანაშემწე იყო, რომელიც რუსთავში იჯდა და ის სწორედ მისი დავალებით მოქმედებდა. კორღალიძესა და გულიას ფული ერთად ჰქონოდათ ნაშოვი. ისინი მოლაპარაკებული იყვნენ, რომ როდესაც კორღალიძე ციხიდან გამოვიდოდა, ფულს გაიყოფდნენ. თუმცა, მძიმედ დაავადებულ კორღალიძეს თავისმა ნარკომანმა ვაჟმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და უთხრა, რომ გულია მას მამისთვის ციხეში გასაგზავნ ფულს არ აძლევდა, რაც ტყუილი იყო. სინამდვილეში კი კორღალიძე უმცროსი მთელ ფულს „ვენაში უშვებდა“. ამიტომ კორღალიძემ გადაწყვიტა, რომ გულიასთვის ქურდების მეშვეობით აერთმია ფული.

გულიამ კვერნაძეს მოთხოვნილი ფული გადასცა და იმ პირობით გაისტუმრა, რომ ქურდული ვალი გადახდილი ჰქონდა.

„კარლსონა“

კვერნაძის ვიზიტიდან ორი თვის მერე ციხიდან ოთარ ლაბაძე, იგივე „კარლსონა“, გათავისუფლდა. ის სოხუმელი იყო, მაგრამ, სანამ სახლში გაემგზავრებოდა, მანამდე ივანე გულიას ესტუმრა და ისევე, როგორც კვერნაძემ, 50 ათასი მანეთი და 25 მეფის რუსეთის დროინდელი ოქროს ათმანეთიანი მოსთხოვა. გულიამ ქურდს განუცხადა, რომ მოთხოვნილი თანხა ორი თვის წინ კვერნაძეს გადაუხადა. „კარლსონამ“ გაიკვირვა და გულიას უთხრა, რომ არანაირ კვერნაძეს არ იცნობდა და დაემუქრა:

– ეს ქურდული წილია. უნდა გადაიხადო. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მოგთხოვთო.

სინამდვილეში „კარლსონა“ გულიას „აგოიმებდა“ და განზრახული ჰქონდა, რომ მისთვის დანარჩენი თანხაც „აეხია“. გულიამ ქურდს უთხრა, რომ საჭირო თანხა და მონეტები ორი დღის მერე ექნებოდა და შესთავაზა:

– ან შენ მოდი და წაიღე, ან სადმე შეგხვდები და იქ მოგიტანო.

„კარლსონამ“ გულიას მიუგო:

– ჩემს კაცს გამოვუშვებ და გამოატანეო.

ამაზე გულიამ კატეგორიული უარი უთხრა:

– არავითარ შემთხვევაში! ერთხელ უკვე „გამწეწეს“ შენი სახელით და მეორედ ამას აღარ დავუშვებო.

– კარგი, მე მოვალ. მაგრამ იცოდე, რომ თუკი მომატყუებ ან ხაფანგს დამიგებ, ვერსად გამექცევიო.

ოფიციალური მილიონერი

ივანე გულიამ მილიციას ფული გადაუხადა და შეპირებულის წასაღებად მისული „კარლსონა“ დააჭერინა. ციხიდან სამი დღის წინ გამოსული ქურდი ისევ უკან შეაბრუნეს და გამოძალვის მუხლით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პარალელურად, გულიამ მილიციას ფული გადაუხადა, ემზარ კვერნაძე მოაძებნინა და მას მერე, რაც ის დაჰკითხეს, აღიარა, რომ „კარლსონასთან“ ერთად შეიმუშავა გულიას „გაწეწვის“ გეგმა. კვერნაძეს მილიციამ შენახული ფული და მონეტები ჩამოართვა, რომლებსაც „კარლსონას“ მითითებით ინახავდა და კვერნაძე 4 წლით „გასროკეს“. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ კვერნაძესა და „კარლსონას“ ციხეში ქურდებმა პასუხი მოსთხოვეს იმისთვის, რომ „ობშჩიაკში“ ფული არ შეიტანეს. ამის გამო კვერნაძეს ყოველგვარი პერსპექტივა მოესპო, რომ ქურდის ტიტული მოეპოვებინა.

ოთარ ლაბაძეს, იგივე „კარლსონას“ კი, ქურდის ტიტული ჩამოართვეს. ივანე გულიამ კი დროებით საქართველოდან გამგზავრება არჩია და რუსეთში, ციმბირში დასახლდა. იქ მან წვენების ცეხი გახსნა და დიდ ფულს შოულობდა, თან, ადგილობრივ მმართველ ორგანოებს ფულს უხდიდა. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში კი გულია საქართველოში დაბრუნდა და საკმაოდ დიდი წარმოება გახსნა და ერთ-ერთი პირველი ქართველი, ოფიციალური მილიონერიც გახდა.

დღესდღეობით გულიას შთამომავლები კანადაში ცხოვრობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი