კრიმინალური ისტორიები

როგორ გაშიფრა „ეფბეერმა“ სიგარების აფერა ნიუ-იორკში

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 25.11, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირის სახელი შეცვლილია და მასთან ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

კუბური სიგარები

გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულიდან „გახურებულ პერესტროიკამდე“ (დაახლოებით 1987 წელი) კუბიდან საბჭოთა კავშირში იაფფასიანი კუბური სიგარების ზღვა პარტიები შემოდიოდა. ერთი სიგარის ფასი 70 კაპიკიდან 1 მანეთამდე მერყეობდა. თუმცა, „ტავარი“ ჩაწოლილი იყო, რადგან სიგარებს საბჭოთა კავშირში თითქმის არავინ ეტანებოდა, კუბიდან კი ახალ-ახალი პარტიები იგზავნებოდა და სასურსათო მაღაზიები სავსე იყო კუბური სიგარებით მოგვიანებით, 1988 წლის დასაწყისში, სიგარები მოულოდნელად გაქრა. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ კუბამ ექსპორტი შეწყვიტა. ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირში ყველაზე მივარდნილი სოფელიც კი არ იყო, სადაც დახლებსა და ვიტრინებზე ჩაწოლილი კუბური სიგარა არ ჰქონდათ, რომელსაც არავინ ყიდულობდა.

უბნელები

30 წლის თენგიზ ლაღიძე 1975 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბჭოთა საელჩოში გაამწესეს სამუშაოდ. თენგიზის პირველი სპეციალობა ეკონომისტობა იყო. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი დიპლომატის რანგი მიენიჭა. ოთხი წლის განმავლობაში მან სოციალისტურ ქვეყნებში იმუშავა. შემდგომ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიავლინეს და საბჭოთა საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკურ განყოფილებაში გაამწესეს. კოლეგებს შორის თენგიზს სანიმუშო რეპუტაცია ჰქონდა და „კაგებეს“ დოსიეშიც კეთილსაიმედო პიროვნებად იყო მოხსენებული. ეს კი მას ბრწყინვალე კარიერას უქადდა. თუმცა, ნიუ-იორკში პირველი შვებულებიდან დაბრუნებული თენგიზი მალევე ისევ ნიუ-იორკში, ერთ-ერთ კერძო ფირმაში გაგზავნეს რაღაც საქმის მოსაგვარებლად. მან მალევე შეასრულა დავალება და როდესაც შენობიდან გამოდიოდა, ჰოლში მას სიმონ ხახანაშვილი შეეფეთა.

– ხახან, შენ? – სიხარულს ვერ მალავდა თენგიზი.

– ვა, ლალო, საიდან სადაო?! – აღმოხდა „ხახანას“ და ბავშვობის ძმაკაცს უბნელსა და კლასელს გადაეხვია.

ხახანაშვილები ათი წლის წინ გაემგზავრნენ ისრაელში. შემდეგ კი შტატებსა და ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. სიმონი კი, სწორედ, იმ ფირმაში მუშაობდა, სადაც თენგიზი იყო საქმეზე მისული. ხახანამ თენგიზი ახლომდებარე კაფეში დაპატიჟა და ორიოდე საათის განმავლობაში წარსულს იხსენებდნენ. ბოლოს თენგიზმა „ხახანას“ მოუბოდიშა და წავიდა. თუმცა მეგობრები მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ერთი კვირის შემდეგ ძველი უბნელები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და „ხახანამ“ „ლალოს“ უთხრა:

– როგორც გავიგე, თბილისში, თურმე, კუბური სიგარების გროვები დგას და იაფია, მაგრამ არავინ ყიდულობს. შენ დიპლომატი ხარ, ბარგს არ გიჩხრეკენ და შეგიძლია, „ზა პროსტო“ გამოიტანო, ვთქვათ, 100 ცალი სულ რაღაც ასი მანეთის ბაზარია და მე მოგცემ ამ ფულს.

– შემიძლია, მაგრამ რად გინდა ეს ნაგავი? – გაუკვირდა თენგიზს.

– ჩამოიტანე და არ ინანებ, – თქვა „ხახანამ“ და „ლალოს“ თავისი იდეა გაუმხილა.

სიგარების აფერა

მთელი „მუღამი“ ის იყო, რომ შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტად კუბური წარმოების ძვირფასი სიგარები მოსწონდათ, სამარკო ნიშნით – „გოლდენ კორონა კუბა“. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს კონტრაბანდული სიგარა 120 დოლარი ღირდა. გადამყიდველები კი მას 80 დოლარად იბარებდნენ და ფულს მაშინვე იძლეოდნენ, შემდგომ კი თავიანთ კლიენტებზე ყიდდნენ. კონტრაბანდული კი იმიტომ იყო ეს სიგარა, რომ კუბასთან ვაჭრობაზე შტატებს ემბარგო ჰქონდა დადებული. ამ აფერის დროს „ხახანამ“ მთელი „სპეცოპერაცია“ განახორციელა. მას შემდეგ, რაც ოთხი მგზავრობის შემდეგ „ლალომ“ ამერიკაში ათასი ცალი სიგარა ჩაიტანა, „ხახანამ“ ისინი ძვირად ღირებული კუბური სიგარების ლოგოებით შეფუთა და შესაბამის ყუთებში განათავსა. ყუთები და ლოგოები კი მან ერთ-ერთ კერძო სტამბას შეუკვეთა და ათასი ცალი სულ რაღაც 500 დოლარი დაუჯდა. შემდგომ „ხანანამ“ ეს სიგარები წინასწარ მოლაპარაკებულ გადამყიდველებს მიუტანა და 80 ათასი დოლარის სუფთა მოგება მიიღო. როდესაც ფულის გაყოფის დრო მოვიდა, ლაღიძემ ხახანაშვილს უთხრა:

– შენთან იყოს ეს ფული. საბჭოეთში ვერ გამოვიყენებ და მოვიფიქრებ, რა მოვუხერხოო.

ამ საუბრიდან ერთი კვირის შემდეგ ნიუ-იორკის იმ კაფეში, სადაც მეგობრები ხშირად ვახშმობდნენ, „ეფბეერმა“ სიმონ ხახანაშვილი და თენგიზ ლაღიძე ერთად დააკავეს. თუმცა, საბჭოთა კონსულის ჩარევის შემდეგ ლაღიძე გაათავისუფლეს. როგორც აღმოჩნდა, „ეფბეერი“ ერთ-ერთ გადამყიდველს „აჯდა კუდზე“ და „ხახანაზე“ ამის მეშვეობით გავიდნენ. მას ერთი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ამასობაში ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სიგარები იაფფასიანი იყო და საქმე არა მხოლოდ კონტრაბანდასთან, არამედ აფერასთან ჰქონდათ.

სიგარის აფერისთვის სიმონ ხანანაშვილს ამერიკულმა სასამართლომ სასჯელად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოუტანა. თენგიზ ლაღიძე კი საბჭოთა კავშირში გაასამართლეს და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი