კრიმინალური ისტორიები

როგორ განახორციელა ოპერაცია „ბუმერანგი“ საბჭოთა დაზვერვამ

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 23.02, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ვერბოვკა“

1969 წლის მარტში მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 35 წლის პავლე როშჩინი ჩავიდა, რომელიც საბჭოთა საელჩოში ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. როშჩინი, სინამდვილეში, საბჭოთა საგარეო დაზვერვის ოფიცერი იყო და დიპლომატიური საფარით მუშაობდა. ის ბევრს მოგზაურობდა ქვეყანაში, სხვადასხვა ადგილებში უამრავ ფოტოს იღებდა, თან, ბევრ ხალხს ეცნობოდა. „ცეერუმ“ მას მაშინვე მიაქცია ყურადღება და როდესაც თავიანთი არქივი დაათვალიერეს, მასში კაპიტანი როშჩინი აღმოაჩინეს. ვაშინგტონიდან მეხიკოში დაშიფრული დეპეშა გაიგზავნა, რომელშიც ეწერა: „დაეკონტაქტეთ როშჩინს. ეცადეთ, გაარკვიოთ, თუ რა მისიითაა ის ჩამოსული და თუკი შეძლებთ, გადმოიბირეთ.“ როშჩინის საქმე ალენ ჰიუზს დაევალა. ის „ცეერუს“ გამოცდილი თანამშრომელი იყო და არაერთი წარმატებული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. ჰიუზმა როშჩინის სისუსტეების შესწავლას მიჰყო ხელი და აღმოჩნდა, რომ მას კარგი ცხოვრებისა და დროსტარებისადმი ჰქონდა მიდრეკილება. ამიტომ, ამერიკელებმა მას შესაბამისი სიტუაციები შეუქმნეს. თან, თავიანთი აგენტი, ულამაზესი ქალი – მონიკა ბლეიზერი მიუგზავნეს. როშჩინი ქალმა ისე მოხიბლა, რომ თავი დააკარგვინა. გარდა აღვირახსნილი ცხოვრებისა, დაზვერვის ოფიცერმა ათასობით დოლარის ვალი დაიდო და რაც მთავარია, „ზედმეტის ლაპარაკი“ დაიწყო. „ცეერუ“ კი ყველაფერს იწერდა და როდესაც ალენ ჰიუზი დარწმუნდა, რომ ნაყოფი მომწიფდა, ცეერუს თანამშრომელი როშჩინს შეხვდა და კომპრომატები წინ დაუდო.

– რას მოითხოვთ ჩემგან? – იკითხა როშჩინმა.

– პირველ რიგში, უნდა გვითხრათ, რა მისიით ხართ აქ, შემდგომ კი დანარჩენზე ვილაპარაკოთ, – მიუგო ჰიუზმა.

როშჩინის თქმით, მექსიკაში მას აგენტურული ქსელი უნდა შეექმნა, რომელიც შემდგომ შეერთებულ შტატებში საბჭოთა დაზვერვის სპეციალურ დავალებებს შეასრულებდა. ჰიუზმა რომ ეს მოისმინა, როშჩინს თანამშრომლობა შესთავაზა და უთხრა:

– ეს მასალები რომ მოსკოვში მოხვდეს, იცით, რა გელოდებათ? ჩვენ კი მსხვილ საბანკო ანგარიშსა და შტატებში უზრუნველ ცხოვრებას გთავაზობთ. თუმცა, რამდენიმე წელიწადი აქ უნდა იმუშაოთ და ინფორმაციებით მოგვამარაგოთ.

– თანახმა ვარ, მაგრამ ორ თვეში მოსკოვში გადავყავარ ცენტრალურ აპარატში, – მიუგო როშჩინმა.

– კიდევ უკეთესი! – თვალები გაუბრწყინდა ჰიუზს და დააყოლა, – მოსკოვში ჩვენი სპეციალური მეკავშირე გეყოლებათ და მისი მეშვეობით დაგვიკავშირდებით.

„დავერბოვკებული“ როშჩინი ორ თვეში მოსკოვში გაიწვიეს და ლუბიანკაზე დანიშნეს განყოფილების უფროსად.

ოპერაცია ბუმერანგი

მოსკოვში დაბრუნებიდან ერთი თვის მერე პავლე როშჩინს მაიორის ჩინი უბოძეს. ის ლათინური ამერიკის ქვეყნების კურატორად იყო დანიშნული და დუბლირებულ სააგენტო ქსელებზე მეთვალყურეობა ევალებოდა. ანუ, ეს ქსელები დაკონსერვებული იყო და მზადყოფნაში იმყოფებოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად ამოქმედებულიყო. როგორც მეხიკოში ჰიუზმა როშჩინს უთხრა, მოსკოვში მას მეკავშირე ეყოლებოდა. ერთ დღეს ეს მეკავშირე როშჩინს დაეკონტაქტა და ის ოლეგ გრიშინი აღმოჩნდა. ეს ადამიანი შორეული ნაოსნობის ყოფილი კაპიტანი იყო. იმ დროს კი „მორფლოტში“ განყოფილების უფროსად მუშაობდა და „ცეერუსთან“ უკვე 5 წელია, თანამშრომლობდა. გრიშინმა როშჩინს 5 ათასი მანეთი და მიკროფირი გადასცა, რომელზეც „ცეერუს“ ინსტრუქციები იყო ჩაწერილი და წავიდა. მიკროფირში ეწერა, რომ როშჩინის საბანკო ანგარიშებზე 20 ათასი დოლარი ირიცხებოდა. ამასთან, „ლენგლიდან“ მოითხოვდნენ, რომ როშჩინს შეედგინა ორი სია: პირველში – ყველა იმ საბჭოთა აგენტის მონაცემები უნდა ყოფილიყო, რომლებიც მისთვის იყო ცნობილი; მეორე სიაში კი ლუბიანკაზე მომუშავე ადამიანების. როშჩინმა ორივე სია შეადგინა და გრიშინს გაატანა. მაიორმა თერთმეტი თვის შემდეგ „ლენგლიში“ დაშიფრული წერილი გაგზავნა, რომელშიც ეწერა: „ჩავარდნის პირას ვარ. აშკარად მითვალთვალებენ. მომაცილეს საიდუმლო დოკუმენტებს და დაწინაურების საბაბით სვერდლოვსკში გადავყავდი. თუმცა მე უარი ვუთხარი – ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე, ვითომ ურალის ჰავა არ მიხდება. რაღაც დროით შეაჩერეს ჩემი გადაყვანა და რომ იტყვიან, ჰაერში გამომკიდეს. დროებით ვერ დაგეკონტაქტებით. უკიდურეს შემთხვევაში ვისარგებლებ ბ ვარიანტით. ბ ვარიანტის მიხედვით, როშჩინს უნდა დაეტოვებინა წერილი გორკის პარკის სამალავში. დაერეკა ტელეფონზე პაროლით და დაკონსერვებული მეკავშირე ამ წერილს „ცეერუში“ გაგზავნიდა. ორი კვირის მერე „ცეერუში“ მიიღეს შეტყობინება. როშჩინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაყვანას მოითხოვდა და წერდა: ჩემი გაშიფვრა ძალიან მცირე დროის ამბავიაო. ორი დღის შემდეგ როშჩინი ჯერ ფინეთში გააპარეს, იქიდან კი – შეერთებულ შტატებში. საბჭოთა მაიორი 6 თვის განმავლობაში. გულდასმით შეამოწმეს და მის სისუფთავეში რომ დარწმუნდნენ, „ლენგლიში“ საბჭოთა განყოფილების ერთ-ერთ ხელმძღვანელად გაამწესეს. ლენგლიში როშჩინმა 2 წელი იმუშავა და 1973 წლის დასაწყისში მოსკოვში დაბრუნდა.

პავლე როშჩინი, სინამდვილეში, უშიშროების პოლკოვნიკი ანდრო ქავთარაძე იყო. ის ოპერაცია „ბუმერანგის“ მთავარი მოქმედი ფიგურა გახლდათ, რომელიც საბჭოთა დაზვერვამ 60-70-იანი წლების მიჯნაზე წარმატებით განახორციელა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი