კრიმინალური ისტორიები

როგორ გაყიდა ქართველმა თაღლითმა ორდენების ფალსიფიცირებული კოლექცია 2 მილიონ მარკად

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 25.06

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ტექნიკუმდამთავრებული

არჩილ ბაბუნაშვილს თბილისის ხელოვნების ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული და პროფესიით მხატვარი იყო. არჩილმა სამხატვრო აკადემიაში სცადა ჩაბარება და კონკურსიც შესანიშნავად გაიარა, მაგრამ იმ სისტემაში დამკვიდრებულმა კორუფციამ მას სამხატვრო აკადემიის კარი მიუხურა და ახალგაზრდა, ნიჭიერ მხატვარს ცხოვრებაზე გული აუცრუვდა. არჩილს მეორედ აღარც კი უცდია აკადემიაში მოწყობა და რადგან ჯარი უწევდა, საბჭოთა არმიის რიგებში ჩაირიცხა. ჯარში ის მხატვრად მუშაობდა და სამხედრო ნაწილში თუკი რაიმე თვალსაჩინოების დამზადება იყო საჭირო, კუთხის მოწყობა, პლაკატის დახატვა იყო საჭირო, მას ავალებდნენ. არჩილის ძალისხმევით, ის სამხედრო ნაწილი სანიმუშოდ იყო მიჩნეული და თუკი რომელიმე შესამოწმებელი კომისია ჩამოდიოდა, იმ ნაწილში უშვებდნენ. ამის გამო არჩილი მეთაურებს შორის პატივისცემით სარგებლობდა და სხვა ჯარისკაცებთან შედარებით მას პრივილეგიებიც ჰქონდა. არჩილს, სხვებივით, არც დილით აყენებდნენ, არც პლაცზე გამოჰყავდათ და არც „ნარიადში“ უშვებდნენ. ამგვარად, თბილისის ხელოვნების ტექნიკუმდამთავრებული არჩილ ბაბუნაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ ჯარში ყოფნის დროს თავის გემოზე ცხოვრობდა.

პირველი „სროკი“

არჩილს, რომ იტყვიან, ოქროს ხელები ჰქონდა და ყველაფერი ხელეწიფებოდა, რაც სახვით ხელოვნებას შეეხებოდა. ჯარიდან დაბრუნებული 21 წლის ბიჭს წიგნების ფაბრიკაში მოუწია მუშაობა მხატვრად. ბაბუნაშვილი იქ წიგნებისთვის ნახატებს აკეთებდა და მისი მუშაობით კმაყოფილები იყვნენ. ზოგერ „ლევ“ სამუშაოსაც ასრულებდა და კერძო შეკვეთებითაც იყო დაკავებული. ერთხელ კი საბეჭდი ცეხის უფროსმა არჩილს შესთავაზა, ფალსიფიცირებული დიპლომებისა და პირადობების მოწმობების დამზადებაში დახმარებოდა. არჩილი მას დაეთანხმა და ყალბ პასპორტებს, პირადობის მოწმობებსა და დიპლომებს ამზადებდა. აფორმებდა მათ, რასაც შემდგომ ცეხში ბეჭდავდნენ. თუმცა, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ეს საქმიანობა მილიციამ შეაჩერა და 23 წლის ნიჭიერი ყმაწვილი 5 წლით ციხეში გამოამწყვდიეს. ციხეში კი არჩილმა კავშირები გააბა კრიმინალებთან, როგორც ავტორიტეტებთან, ასევე თავისი პროფილის პატიმრებთან. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცნობილმა ოდესელმა თაღლითმა, არტიომ შინდლერმა. ამ კაცმა არჩილში დიდი პოტენცია დაინახა და როდესაც ციხიდან გათავისუფლდნენ, 28 წლის ქართველი კრიმინალური ტალანტი ოდესაში წაიყვანა და საქმეში ჩააყენა.

ფალსიფიკატორები

შინდლერი პროფესიონალი იუველირი იყო და მის პროფილს ცნობილი საიუველირო ნაწარმების გაყალბება, ორიგინალებად გასაღება და გაყიდვა წარმოადგენდა. შინდლერი მხოლოდ თავად ნაწარმს აყალბებდა. ხოლო მასალები კი – ოქრო და ძვირფასი ქვები ნამდვილი იყო. ოდესელი თაღლითი ხელოვნების ნიმუშების ნახატებს კატალოგებში ეძებდა და შემდგომ მათი მეშვეობით ამზადებდა „შედევრებს“. არჩილი მას ნივთების დიზაინში ეხმარებოდა და ამ ტანდემმა არაერთი „ხელოვნების ნიმუში“ დაამზადა და გაყიდა. ამასობაში არჩილმა საიუველირო ხელოვნებაც შეითვისა და თავის მასწავლებელზე არანაკლებ უკეთ გამოსდიოდა. 5-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ შინდლერი ინფარქტით გარდაიცვალა და არჩილი მარტო დარჩა...

სუპერკოლექცია

მარტოდ დარჩენილმა არჩილმა შინდლერის საქმე გააგრძელა და საკმაოდ კარგი შემოსავალიც ჰქონდა. 1987 წელს კი არჩილ ბაბუნაშვილმა ერთი მსხვილი აფერა ჩაიფიქრა და მუშაობას შეუდგა. ნიჭიერმა ფალსიფიკატორმა უნიკალური რუსული და საბჭოთა ორდენები და მედლები დაამზადა და ისინი ერთ გერმანელ კოლექციონერს მიჰყიდა, რომელიც პროფესიით იუველირი იყო და თავადვე შეამოწმა, თუ რა მასალებისგან იყო დამზადებული ორდენები. დარწმუნდა, რომ მათში ყველა ძვირფასი ქვა და ლითონი ნამდვილი იყო და გერმანელი კოლექციონერი ამან მოატყუა. მან ეს სუპერკოლექცია მილიონ 800 ათას გერმანულ მარკად შეიძინა და მოსკოვიდან მიუნხენში გაჰქონდა. თუმცა, საბაჟოზე დააკავეს. შემდგომ შეამოწმეს და გერმანელ კოლექციონერს აცნობეს, რომ მიუხედავად ოქროსა და ძვირფასი ქვების ნამდვილობისა, ორდენები ფალსიფიცირებულები იყო. კოლექციონერს ინფარქტი მოუვიდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. არჩილზე კი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ბაბუნაშვილი ამ პერიოდში იტალიაში იმალებოდა ყალბი პასპორტით და ალბათ, ვერც იპოვიდნენ, რომ არა ნობელის კომიტეტის მედალი, რომელიც მან ენრიკო ფერმის კუთვნილებად გაასაღა და ერთ იტალიელს მიჰყიდა. მყიდველმა კი მედალი შეამოწმა და ფალსიფიკაცია აღმოაჩინა. არჩილი დააპატიმრეს და ძველი და ახალი დანაშაულისთვის 6 წელი მიუსაჯეს. თუმცა, ქართველი თაღლითი სამ წელიწადში გათავისუფლდა და ამის მერე მისი კვალი საერთოდ დაიკარგა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი